2024-07-03
სკანდინავიის ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებმა ონლაინ თამაშებით სარგებლობისას ბავშვთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ სახელმძღვანელო გამოაქვეყნეს
2024 წლის 30 მაისს, სკანდინავიის ქვეყნების (“Nordic DPAs”) პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებმა გამოაქვეყნეს სახელმძღვანელო,[1] რომელიც ონლაინ თამაშების პროცესში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს შეეხება. დოკუმენტის შემუშავების საფუძველი გახდა 2022 წლის 13-14 ოქტომბერს, ჰელსინკში გამართული სკანდინავიის ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიღებულ იქნა „ჰელსინკის დეკლარაცია“ (“Helsinki Declaration”). შეხვედრაზე პრიორიტეტულ საკითხად ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა დასახელდა. დანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ ყურადღება გაამახვილა ონლაინ თამაშებთან მიმართებით ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საჭიროებაზე. აღნიშნული მიზნით შეიქმნა სკანდინავიის ქვეყნების საზედამხედველო ორგანოების (“Nordic DPA”) სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარ ორიენტირს ონლაინ თამაშებით სარგებლობისას ბავშვთა პერსონალურ მონაცემთა დაცვა წარმოადგენდა.
ონლაინ თამაშებით სარგებლობისას ბავშვთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ ონლაინ თამაშები ფართოდ ხელმისაწვდომია არასრულწლოვნებისთვის, რაც ქმნის გარკვეულ რისკებს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით. აღნიშნულის საპასუხოდ, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებს, ვალდებულია, გაითვალისწინოს ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციით“ დადგენილი სტანდარტები, ონლაინ თამაშების მომხმარებლების ― მონაცემთა სუბიექტების უფლებების დასაცავად. ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დამუშავდეს ბავშვების პერსონალური მონაცემები. რეგულაციის პრეამბულის 38-ე პუნქტის თანახმად, „ბავშვები სარგებლობენ პერსონალური მონაცემების დაცვის განსაკუთრებული უფლებით, რადგან მათთვის შეიძლება ნაკლებად იყოს ცნობილი ის რისკები, შედეგები, დაცვის მექანიზმები და მათი უფლებები, რომლებიც უკავშირდება პერსონალური მონაცემების დამუშავებას“.
სახელმძღვანელოში განხილულია ონლაინ თამაშების კონტექსტში ბავშვების პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესის ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ მოთხოვნებთან შესაბამისობა. დოკუმენტში განხილულია სამართლიანობის, გამჭვირვალობის, მონაცემთა მინიმიზაციისა და ანგარიშვალდებულების პრინციპები. სახელმძღვანელო დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს მონაცემთა დამუშავების პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოყვანაში დაეხმარებათ, რაც იქნება მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტია.
საკითხი აქტუალურია საქართველოშიც, რის გათვალისწინებით, 2022 წლის პირველ ივნისს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გამოაქვეყნა გზამკვლევი,[2] რომელიც ციფრულ გარემოში ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს შეეხება. დოკუმენტის მიზანია ციფრულ გარემოში ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა და მათი ეროვნულ კანონმდებლობასთან მისადაგება.
[2] პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, „ციფრულ გარემოში ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის გზამკვლევი“, 2022 წელი, <https://shorturl.at/BwMlk>, [21.06.2024].