ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-07-04

ფინეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი გამოაქვეყნა


2024 წლის 18 ივნისს, ფინეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ სახელმძღვანელო გამოაქვეყნა.[1] დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოფიცერი აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი. იგი უნდა აღიჭურვოს სათანადო რესურსებითა და ძალაუფლებით. ამასთანავე, დაუშვებელია ოფიცრის დაჯარიმება და პოზიციიდან გათავისუფლება მის მიერ ფუნქციების ჯეროვანი განხორციელების გამო, რაც მიუთითებს მის დამოუკიდებელ ავტონომიასა და მისი დაცვის დამატებით სამართლებრივ გარანტიებზე.

სახელმძღვანელოში განხილულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ძირითადი უფლება-მოვალეობები:

  • დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ჰქონდეს წვდომა აუცილებელ და სათანადო რესურსებზე;
  • ადრეული ეტაპიდან ჩართული იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული რიგი საკითხების გადაწყვეტაში;
  • ჰქონდეს წვდომა ყველა შესაბამის ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
  • გასცეს კონსულტაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე;
  • დაესწროს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესს;
  • მკაფიოდ და წერილობითი ფორმით ჰქონდეს განსაზღვრული ორგანიზაციაში დასაქმებულთა მოვალეობები;
  • იყოს ანგარიშვალდებული უწყების ან ორგანიზაციის უმაღლესი მენეჯმენტის წინაშე; ამასთანავე, მოიწვიონ მათ შეხვედრებზე.

სახელმძღვანელოში, ასევე, ხაზგასმულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინტერესთა კონფლიქტის აკრძალვის ვალდებულება. დაუშვებელია, რომ უწყებაში ან ორგანიზაციაში ოფიცერი იკავებდეს იმგვარ პოზიციას ან თანამდებობას, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს, განსაზღვროს მონაცემთა დამუშავების მიზანი და საშუალება. შესაბამისად, იგი არ უნდა იყოს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი ან/და მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი. სახელმძღვანელოში აგრეთვე წარმოდგენილია „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ (“EDPS”) შეფასება, რომლის თანახმად, ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა, როდესაც ოფიცრის მიერ სხვა მოვალეობების განხორციელება ნეგატიურად აისახება პერსონალური მონაცემების დაცვაზე.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შეიმუშავა რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ[2], რომელიც მიზნად ისახავს, ოფიცრის ინსტიტუტის მომწესრიგებელი ნორმის ― „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის განმარტებას, მისი იმპლემენტაციის პროცესში საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით.

 

 

[1] Finland: Ombudsman publishes DPO guidance,

<https://www.dataguidance.com/news/finland-ombudsman-publishes-dpo-guidance> [21.06.2024].

[2] რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ, 2024, <https://pdps.ge/ka/content/984/rekomendaciebi> [21.06.2024].

მსგავსი #Datanewsroom