ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-07-08

ბავშვების ციფრული უსაფრთხოების შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (“OECD”) ანგარიში


2024 წლის 21 ივნისს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (“OECD”) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ბავშვების ციფრული უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ციფრული გარემო ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც ქმნის მნიშვნელოვან რისკებს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თვალსაზრისით.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მეტად გამოიკვეთა ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით დაუყოვნებლივი ღონისძიებების განხორციელების საჭიროება. შესაბამისად, “OECD-ის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში განხილულია ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას, ბავშვების ციფრულ გარემოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

ანგარიშში წარმოდგენილია პრაქტიკული მაგალითები ონლაინ სივრცეში ბავშვების ციფრული უსაფრთხოების საკითხზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოებმა ბავშვების ციფრული უსაფრთხოების დასაცავად არაერთი კანონი მიიღეს, რამაც შესაძლებელია, წარმოშვას გარკვეული რისკები საერთაშორისო ნორმებთან მიმართებით. ამდენად, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა, დაინტერესებულ პირებს შორის მრავალმხრივი დიალოგების წარმართვა და საერთაშორისო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ეფექტიანი ციფრული პოლიტიკის ჩამოყალიბებას, მონაცემთა სუბიექტთა უფლებების დაცვას.

ანგარიშში წარმოდგენილია ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას ბავშვების ციფრულ გარემოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტები:

  • ასაკის დამადასტურებელი მექანიზმების დანერგვა, რომლის შესაბამისადაც მომსახურების მიმწოდებლებს არასრულწლოვანი მომხმარებლების იდენტიფიცირების შესაძლებლობა ექნებათ;
  • ბავშვებზე მორგებული დიზაინის შემუშავება, რომელიც გულისხმობს არასრულწლოვანის საჭიროებების გათვალისწინებას და მათი უსაფრთხოების ხელშეწყობას;
  • ზიანის რისკის იდენტიფიცირება და პრევენცია ― მომსახურების მიმწოდებლებმა, ტექნიკური უსაფრთხოების ზომების მიღებით, პროაქტიულად უნდა გამოავლინონ რისკები და განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები მათ შესამცირებლად;
  • ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევამ და მათი მონაცემების არასათანადო გამოყენებამ შეიძლება, პირდაპირი გავლენა იქონიოს მათ უსაფრთხოებაზე;
  • ინფორმაციის მიწოდება ბავშვებზე მორგებული ფორმით ― ბავშვებს უნდა მიეწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია ციფრულ სივრცესთან დაკავშირებული თანმდევი რისკებისა და უსაფრთხოების საშუალებების არსებობის შესახებ;
  • საჩივრებისა და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების ხელშეწყობა ― გასაჩივრების ეფექტიანი არხების შემუშავება, ბავშვების უსაფრთხოებასთან უზრუნველსაყოფად მომსახურების მიმწოდებლების ანგარიშვალდებულების ნაწილია;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვების მოსაზრებების გათვალისწინება, ციფრული გარემოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგების მიზნით;
  • ბავშვების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობა.

 

მსგავსი #Datanewsroom