2024-08-26
გაერთიანებული სამეფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება სკოლაში სახის ამომცნობი სისტემის დანერგვის შესახებ
გაერთიანებული სამეფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“ICO”) საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახის ამომცნობი სისტემის დანერგვის მართლზომიერების შესახებ გადაწყვეტილება[1] მიიღო.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 11-დან 18 წლამდე მოსწავლეებისთვის უნაღდო ანგარიშსწორების მექანიზმის დანერგვის მიზნით სახის ამომცნობი სისტემა ამოქმედდა. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, გაერთიანებული სამეფოს „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (“UK GDPR”) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდა მშობლებისა და მეურვეების თანხმობის საფუძველზე, რომელიც მოპოვებულ იქნა ავტომატურად და ძალაში იყო შესაბამისი პირების მიერ მის უარყოფამდე (“Opt-out Mechanism”).
საზედამხედველო ორგანომ, ძირითადი რეგულაციის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტზე მითითებით, განმარტა, რომ თანხმობა უნდა იყოს ნათლად გამოხატული. თანხმობის მოპოვება “Opt-out” პროცედურის გამოყენებით არ იყო მიზანშეწონილი, რამდენადაც არ იკვეთებოდა შესაბამისი პირების მკაფიო ნება.
ამასთან, “ICO”-მ აღნიშნა, რომ სისტემის დანერგვამდე დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა არ განახორციელა მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება, რასაც ითვალისწინებს “UK GDPR”-ის 35-ე მუხლი. “UK GDPR”-ის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, “ICO”-ს გამოქვეყნებული აქვს იმ აქტივობათა ნუსხა, რომლებიც საჭიროებს პერსონალური მონაცემების დამუშავებამდე მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებას, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვების პერსონალური მონაცემების დამუშავება.
საზედამხედველო ორგანომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს “UK GDPR”-ის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო შენიშვნა გამოუცხადა და რეკომენდაციები წარუდგინა:
- პერსონალური მონაცემთა დამუშავების დაწყებამდე განხორციელდეს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და მისი შედეგები პროექტის გეგმაში აისახოს;
- რისკების შესამცირებლად მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა და პროპორციულობა ხშირად გადაიხედოს;
- სკოლაში გათვალისწინებულ იქნას “ICO”-ს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო რეკომენდაციები;
- კონფიდენციალობის პოლიტიკა მოსწავლეებისათვის გასაგები ფორმით შემუშავდეს.