ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-02-29

ინფორმაცია პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შესახებ


"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ახალი კანონის თანახმად, მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით, ასეთი კი მოპოვებულ უნდა იქნეს წინასწარ, მონაცემთა დამუშავების დაწყებამდე.

ახალმა კანონმა დაამკვიდრა მონაცემთა დამუშავების მაღალი სტანდარტი, რომლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტის თანხმობა განიმარტება, როგორც მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება.

აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობა უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მნიშვნელოვან წინაპირობას: იგი უნდა იყოს წინასწარ ინფორმირებული და ნებაყოფლობითი, მაქსიმალურად მკაფიო და კონკრეტული (განსაზღვრული მიზნით გაცემული). გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ თანხმობა გაცემული იყოს მონაცემთა სუბიექტის „აქტიური მოქმედებით“.

ამავდროულად, კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა სუბიექტის, როგორც ფიზიკური პირის, პერსონალური მონაცემების დამუშავების დაწყებამდე, თანხმობის მოპოვება საჭიროა უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან, რასაც წინ უნდა უძღოდეს მისთვის მარტივ და გასაგებ ენაზე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული შესაბამისი განმარტება. აღნიშნულში მოიაზრება თუ ვინ წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, ვინ არიან მისი კონტრაქტორები, საქმიანობის რა სფეროს მიემართება შეთავაზება. ამავდროულად, სავალდებულოა, მონაცემთა სუბიექტი თანხმობის გაცემის პროცესშივე ინფორმირებული იყოს თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლებისა და ამ უფლების განხორციელების მექანიზმის/წესის შესახებ.

ამდენად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა სუბიექტისგან წინასწარ მოპოვებული თანხმობა უნდა შეესაბამებოდეს ახალი კანონით დადგენილი თანხმობის სტანდარტს. შესაბამისად, თუკი დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს მონაცემთა სუბიექტებისაგან მიღებული აქვს თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე 2024 წლის 1 მარტამდე და ამ თანხმობის ფორმა და შინაარსი თანხვედრაშია ახალი კანონით დადგენილ სტანდარტთან, მის საფუძველზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება დასაშვებად იქნება მიჩნეული.

გარდა კანონით დადგენილი იმპერატიული დანაწესებისა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს მკაცრ რეკომენდაციას, რომ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა სუბიექტისგან თანხმობის მიღების შესახებ შეტყობინება იყოს გამჭვირვალე, ნებაყოფლობითი და თავისუფალი. აღნიშნული გულისხმობს, რომ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას, კონკრეტული არხებითა და საშუალებებით (სმს, სატელეფონო ზარი, ელ.ფოსტა) მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის მიწოდებას. ასევე, რეკომენდირებულია, შეტყობინება მოიცავდეს პროდუქციის შესახებ ინფორმაციასაც, რომლის შესახებ შეთავაზებების მიღებაზე თანხმობასაც მარტივად დააფიქსირებს მონაცემთა სუბიექტი.

რაც შეეხება თანხმობის ნებაყოფლობითობისა და თავისუფლების პრინციპს, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის პირის მიერ საკუთარი მონაცემების დამუშავებაზე უარი არ უნდა ზღუდავდეს მონაცემთა სუბიექტის სხვა უფლებების რეალიზაციას. თანხმობა თავისუფალი ნების შედეგი უნდა იყოს და იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ნებაყოფლობითად, თუ მონაცემთა სუბიექტს აქვს რეალური არჩევანის შესაძლებლობა, უარი განაცხადოს მისი მონაცემების დამუშავებაზე ისე, რომ ამით არ დაზიანდეს მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2024 წლის 1 მარტიდან ფიზიკურ პირთა ტელეფონის ნომრებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის მოსაპოვებლად გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება თავისთავად პირდაპირი მარკეტინგის ცნებაში ექცევა, ვინაიდან თავისი შინაარსით სწორედ მარკეტინგული მომსახურების გაწევის მიზანს მიემართება. ალტერნატივად მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს შესაძლებლობა აქვს მკაფიო და აქტიური მოქმედებით გამოხატული თანხმობა მოიპოვოს, მაგალითად მომხმარებელთან პირისპირ კომუნიკაციის ფარგლებში.

სამსახური ითვალისწინებს და იზიარებს თითოეული მონაცემთა სუბიექტის უფლების დაცვისა და ინტერესების რეალიზაციის მნიშვნელობას და განმარტავს, რომ კორპორატიულ ქსელში ჩართული ნომრების იურიდიული პირის ბალანსზე არსებობის ფაქტის მიუხედავად, კონკრეტული ფიზიკური პირისთვის ნომრის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან, მონაცემთა სუბიექტად სწორედ ის მიიჩნევა. შესაბამისად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა/უარი სწორედ უშუალოდ მისგან უნდა იქნეს მოპოვებული. იურიდიული პირების მიერ მათ დასაქმებულებთან მიმართებით გაცხადებული თანხმობა პირდაპირ მარკეტინგის მიზნით კორპორატიულ ქსელში ჩართული ნომრების დამუშავებაზე, ახალი კანონის მიზნებისთვის ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის 1 მარტიდან პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების წესები ახალი კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული, აღნიშნული არ გამორიცხავს ცალკეული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა კანონდარღვევით დამუშავებას. ყოველი ასეთი შემთხვევა ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი მონაცემთა სუბიექტის მომართვის საფუძველზე ან სამსახურის ინიციატივით. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი სამსახური უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

თუ თვლით რომ თქვენი უფლებები ირღვევა, შეგიძლიათ მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

მსგავსი სიახლეები