ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-03-14

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 55-ე სესიაზე მოხსენებით წარსდგა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი ქ. ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 55-ე სესიაზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების საკითხებში სპეციალურ მომხსენებელთან ინტერაქტიული დიალოგის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი საკანონმდებლო მოწესრიგების შესახებ მოხსენებით წარსდგა.

ინტერაქტიული დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა სპეციალური მომხსენებლის, დოქტ. ანა ბრაიენ ნოგრერესის მიერ მომზადებული ანგარიში თემაზე: „ციფრულ ეპოქაში პერსონალური მონაცემის დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სამართლებრივი გარანტიები“. ანგარიშში შედარებითსამართლებრივ კონტექსტში განხილულია ხუთი სხვადასხვა კონტინენტის სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებები და მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმები. 

ინტერაქციული დიალოგის ფორმატში, წევრი ქვეყნების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში განხილულ საკითხებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა წარდგენილ მოხსენებაში ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო სიახლეების შესახებ, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტთა უფლებების სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე. მოხსენების დასასრულს, ლელა ჯანაშვილმა მადლობა გადაუხადა სპეციალურ მომხსენებელს, დოქტ. ანა ბრაიენ ნოგრერესს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით თანამშრომლობის თაობაზე.

„სწრაფად განვითარებად ციფრულ ეპოქაში, ჩვენი, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს უმნიშვნელოვანესი მისიაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის გაღრმავება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.“ - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები