2024-02-09
ლელა ჯანაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ახალი კანონის იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში წარუდგინა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები წარუდგინა.
,,ახალი კანონის მიღება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის განვითარების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერებისათვის, რაც, მინდა აღვნიშნო, აღიარებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ.“- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თქმით, უკვე დასრულებულია მუშაობა კანონის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებულ ოთხ ნორმატიულ აქტზე. მათ შორის:
- „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესი“;
- იმ პირთა წრის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება, განსაზღვრონ/დანიშნონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი;
- მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმებისა და შეფასების წესის შესახებ;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესი.
ლელა ჯანაშვილის თქმით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისას, სამსახურმა იხელმძღვანელა „ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს“ (EDPB) მიერ გამოქვეყნებული შესაბამისი გაიდლაინებითა და საუკეთესო პრაქტიკით. აღნიშნული პროექტები გაეგზავნა უცხოელ ექსპერტებს, რომელთა რეკომენდაციებიც აისახა შესაბამის აქტების პროექტებში.
გარდა ამისა, კანონის იმპლემენტაციის პროცესში მნიშვნელოვანია მონაცმეთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიერ რეკომენდაციების, ე.წ. გაიდლაინების შემუშავება კანონით გათვალისწინებული სიახლეებთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, სამსახურმა შეიმუშავა სახელმძღვანელო რეკომენდაციები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
- საჯარო დაწესებულებებისთვის კანონთან თავსებადობის იდენტიფიცირების მიზნით შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტების გამოცემა/განახლება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმირება;
- კერძო სამართლის სუბიექტთათვის კანონთან თავსებადობის იდენტიფიცირების მიზნით შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტების გამოცემა/განახლება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმირება;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ;
- ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;
- მონაცემთა დამუშავება დრონების მეშვეობით;
- მონაცემთა გადატანის უფლება (პორტირება);
- ელექტრონული არჩევნების წარმოების დროს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ;
- პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების გაიდლაინი.
ამავდროულად, 2024 წლის 1 მარტამდე მომზადებული იქნება შემდეგი გაიდლაინები:
- აუდიო და ვიდეო მონიტორინგის განხორციელების შესახებ;
- ავტომატიზებული ფორმით გადაწყვეტილების მიღება და პროფაილინგი;
- ადმინისტრაციული სახდელის განსაზღვრის მეთოდოლოგია;
- თანხმობა, როგორც მონაცემთა დამუშავების საფუძველი;
- გაიდლაინი გამჭვირვალობის პრინციპზე;
- მონაცემებზე წვდომის უფლება;
- Data protection by design & default
- მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის სტანდარტი;
- დამმუშავებელსა და უფლებამოსილ პირს შორის ხელშეკრულების არსებითი და სტანდარტული პირობები.
,,ახალი კანონის იმპლემენტირების პროცესში, საზედამხედველო ორგანოს მიერ მონაცემთა დამმუშავებლებისთვის ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ. ჩვენს მიერ განხორციელებული ყოველდღიური, სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო, საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს და კვლავ გრძელდება უწყვეტ რეჟიმში კანონის ამოქმედების შემდგომაც.“- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.