საქართველომ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპულ კონფერენციას უმასპინძლა

საქართველომ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპულ კონფერენციას უმასპინძლა

2025 წლის 6-9 მაისს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 33-ე ევროპულ კონფერენციას  (European Conference of Data ProtectionAuthorities – Spring Conference) უმასპინძლა. მონაცემთა დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ღონისძიება ქალაქ ბათუმში გაიმართა.

კონფერენციას, 80-მდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის, ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების პირველი პირები და სხვა წარმომადგენლები. ასევე , ევროპული ინსტიტუციების, მათ შორის  EUROPOL, EUROJUST, EUROSTAT, EDPS - ისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

,,საგაზაფხულო კონფერენცია“ მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსხურის უფროსმა გახსნა. ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა ღონისძიების მნიშვნელობაზე, აქტუალურ საკითხებზე, ახალ ტენდენციებსა და ინოვაციურ მიდგომებზე  და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე  მონაცემთა დაცვის მიმართულებით.

,,წლევანდელი კონფერენციის სლოგანად ავირჩიეთ ილია ჭავჭავაძის სიტყვები— „ადამიანის უდიდესი საუნჯე, მისი იდენტობაა“, რომელიც ასახავს ჩვენს ღირებულებებს პიროვნების იდენტობისა და პირადი სივრცის მიმართ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური  საერთო ევროპული ღირებულებების განმტკიცების ერთგულია. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ჩვენ ვაგრძელებთ ინსტიტუციური განვითარების პროცესს, ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს და ვაძლიერებთ საერთაშორისო თანამშრომლობას.

სწორედ ამ მიზნით განხორციელდა  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის საკანონმდებლო რეფორმა. კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” არა მხოლოდ აძლიერებს სუბიექტთა უფლებებს, არამედ აყალიბებს საქართველოს სანდო პარტნიორად გლობალურ დონეზე” - განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა.

განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო ჩვენი სამსახურის დამკვირვებლის სტატუსი ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოში, უმნიშვნელოვანეს პლატფორმაში მონაწილეობა გვაძლევს საშუალებას, ჩვენი საქმიანობა თანხვედრაში მოვიყვანოთ ევროპულ ღირებულებებთან.“ - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

ღონისძიების მასპინძლებმა და სტუმრებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: ეროვნულ, ევროპულ და გლობალურ დონეზე ხელოვნური ინტელექტის რეგულირება და მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო, ბავშვთა  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება და ხელოვნური ინტელექტის გავლენაპირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის თანამედროვე სირთულეები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისა (DPO) და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის პრაქტიკოსთა როლი.

33-ე საგაზაფხულო კონფერენციის ფარგლებში ორი კოლეგა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს აკრედიტაციის საკითხს ეყარა კენჭი.

საკონფერენციო დღეების ბოლოს გაიმართა ორი პარალელური ღონისძიება: „მონაცემთა დაცვა საქართველოში ― გამოწვევები და შესაძლებლობები“ და „ძირითად უფლებებზე ზეგავლენის შეფასება ხელოვნურ ინტელექტში:  სამართლებრივი მოთხოვნებიდან იმპლემენტაციამდე. კატალონიის FRIA სამაგალითო შაბლონი“.

„საგაზაფხულო კონფერენცია“  1991 წლიდან ტარდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვისა და მონაცემთა დაცვის ახალი ტენდენციების განვითარებაში. მსჯელობის პროცესში. ღონისძიება ხელს უწყობს კონსტრუქციულ დიალოგს ევროპის მონაცემთა დაცვის ორგანოებსა და დარგის პრაქტიკოსებს შორის, რაც ქმნის ძლიერ ფორუმს მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსახილველად. კონფერენცია აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარების განსახილველად და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისათვის ევროპაში.

კონფერენციის ოფიციალური სესიების გარდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ევროპელი სტუმრებისთვის დამატებით ღონისძიებები და სოციალურ აქტივობებიც გამართა, რამაც მონაწილეებს საქართველოს კულტურა, ისტორია და ბუნების უნიკალურობა გააცნო.