ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-06-20

იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ ინტერნეტსივრცეში პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე ინსტრუქცია გამოაქვეყნა


2024 წლის 30 მაისს, იტალიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“Garante per la protezione dei dati personali”) გამოსცა ინსტრუქცია[1], რომელიც ვებგვერდებიდან მონაცემთა ავტომატური მოპოვებისას (“Web Scraping”) პერსონალური მონაცემების დაცვას შეეხება. დოკუმენტში წარმოდგენილია წესები მესამე პირების მხრიდან მონაცემთა შეგროვების სტანდარტებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტის (“AI”) სისტემები გამოიყენება.

იტალიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიერ შემუშავებულ ინსტრუქციაში ასახულია 2023 წლის დეკემბერში განხორციელებული ინსპექტირების შედეგები ვებგვერდიდან შეგროვებული პერსონალური მონაცემები ლეგიტიმური მიზეზების შეფასებების შესახებ. იტალიის საზედამხედველო ორგანო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესები, რათა საჭიროებისამებრ შემუშავდეს ვებგვერდიდან მონაცემთა ავტომატური მოპოვების (“Web Scraping”) შეჩერების ან მინიმიზაციის მექანიზმები.

შესაბამისად, იტალიის მონაცემთა დაცვის ორგანომ გასცა შემდეგი რეკომენდაციები:

  • ვებგვერდის მომსახურების პირობებს (“Terms of Service”) დაემატოს პუნქტები მონაცემებისსკრაპინგის“ (“Web Scraping”) წინააღმდეგ;
  • ვებგვერდებზე შეიქმნას ე. წ. „რეზერვირებული სივრცე“ (“Reserved Areas”), რომელიც მხოლოდ მომხმარებელთა დარეგისტრირების შემთხვევაში გახდება ხელმისაწვდომი;
  • განხორციელდეს ვებგვერდებზე ინტერნეტტრაფიკის მონიტორინგის შემავალი და გამავალი მონაცემების ნებისმიერი უჩვეულო მოძრაობის იდენტიფიცირებისთვის;
  • ვებგვერდებსა და პლატფორმებზე დაიბლოკოს ან შეიზღუდოს მონაცემებზე წვდომა ტექნოლოგიების გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული ინსტრუქცია სარეკომენდაციო ხასიათისაა. მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირებმა უნდა შეიმუშაონ შესაბამისი ღონისძიებებივებსკრაპინგის“ თავიდან ასარიდებლად ან შესამცირებლად. აღნიშნულ პროცესში გასათვალისწინებელია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესი, მოცულობა, კონტექსტი და მიზანი.

 

ფოტო გალერეა

მსგავსი #Datanewsroom