ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
X -ი და პერსონალური მონაცემების დაცვა

X -ი და პერსონალური მონაცემების დაცვა

შენიშვნა: დოკუმენტი შექმნილია სოციალურ ქსელ X-ის მონაცემთა დაცვის პოლიტიკის და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით აპლიკაციაში განთავსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე.

X-, წარსულში ცნობილი როგორც “Twitter”, სოციალური პლატფორმაა, სადაც მის მომხმარებლებს შეუძლიათ განათავსონ პოსტები და ერთმანეთს გაუგზავნონ შეტყობინებები.

 ინფორმაცია რომელსაც X-ი ამუშავებს 

ინფორმაცია, რომელსაც X-ი აგროვებს სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს.

1. ინფორმაცია, რომელსაც X-ს აწვდის მომხმარებელი

X-ის სერვისებით სარგებლობისთვის აუცილებელია მომხმარებელმა შექმნას ანგარიში. ამ მიზნით იგი პლატფორმას აწვდის მის შესახებ გარკვეულ პერსონალურ მონაცემებს. ფასიანი სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში კი მომხმარებელმა სოციალურ ქსელს დამატებით უნდა მიაწოდოს გადახდის შესახებ ინფორმაცია.

პირადი ანგარიში

ანგარიშის შექმნისას სავალდებულოა, პლატფორმას მიეწოდოს მომხმარებლის სრული სახელი, შემოკლებული სახელი (ე.წ Username), პაროლი, ელ-ფოსტის მისამართი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი.[1]

მომხმარებელს, სურვილისებრ, სავარაუდო სანაცნობოს პოვნის მიზნით, შეუძლია თავის პროფილზე ან პოსტზე მიუთითოს მისი ადგილმდებარეობა და მოახდინოს მისი კონტაქტების სინქრონიზება X-თან.

მომხმარებლის პროფილის ინფორმაცია (რაც შეიცავს მის სრულ სახელს და მოკლე სახელს) არის საჯარო.

პროფესიული ანგარიში

პროფესიული ანგარიშის შექმნისას, X-ს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მომხმარებლის პროფესიის შესახებ (მაგალითად, ბლოგერი). სურვილისებრ, პირმა პლატფორმას შეიძლება მიაწოდოს სხვა სახის ინფორმაციაც, მაგალითად, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი, რაც ყოველთვის საჯაროდაა ხელმისაწვდომი.

გადახდის შესახებ ინფორმაცია

პლატფორმის ფასიანი სერვისებისა და პროდუქტების (მაგალითად, რეკლამები) შესაძენად მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მისი გადახდის მონაცემები, მათ შორის სადებეტო ან საკრედიტო ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და CVV კოდი.

ბიომეტრიული მონაცემები

მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, პლატფორმამ შესაძლოა შეაგროვოს და გამოიყენოს მისი ბიომეტრიული მონაცემები დაცულობის, უსაფრთხოებისა და იდენტიფიცირების მიზნებისთვის.

დასაქმების განაცხადი/ რეკომენდაციები

X-მა შესაძლოა დაამუშაოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები (მაგალითად, დასაქმების ისტორია, განათლების, დამატებითი უნარების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია და სხვა), რათა შესთავაზოს მას ვაკანსიები და დააკავშიროს პოტენციურ დამსაქმებლებთან, ასევე აჩვენოს მასზე მორგებული რეკლამები.

ადგილმდებარეობა


X-ი მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე ამუშავებს მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას. მობილურ მოწყობილობაში „ადგილმდებარეობის“ პარამეტრის გააქტიურების შემდეგ, X-მა მომხმარებელს შესაძლოა, მაგალითად, შესთავაზოს მომხმარებელთან ახლოს მდებარე კომპანიის შესახებ რეკლამა.

 „ადგილმდებარეობის“ პარამეტრის ჩართვა/გამორთვა მონაცემთა სუბიექტის ნებაზეა დამოკიდებული, იგი ხორციელდება მოწყობილობისა და აპლიკაციის პარამეტრებიდან, X-ისთვის ამ ინფორმაციაზე წვდომის მინიჭებით. მომხმარებლის მიერ ამ პარამეტრის გააქტიურებით, მისი გამომწერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თუ რა ტერიტორიიდან განთავსდა სტატუსი.

2. ინფორმაცია, რომელიც X-ით სარგებლობისას მუშავდება

X-ის სერვისების გამოყენებისას, პლატფორმა აგროვებს მონაცემებს იმის თაობაზე თუ როგორ იყენებს მომხმარებელი მის სერვისებსა და პროდუქტებს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და მომხმარებელზე მორგებული მომსახურების მიწოდებას.

3. ინფორმაცია, რომელიც X-ს მიეწოდება მესამე პირებისგან[2]

როდესაც მომხმარებელი იყენებს სხვა ონლაინ პროდუქტებსა და სერვისებს, ეს ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს X-საც.

4. სარეკლამო პარტნიორები, დეველოპერები, გამომცემლები

სარეკლამო და ბიზნეს პარტნიორები X-ს უზიარებენ ისეთ ინფორმაციას როგორიცაა ბრაუზერის „მზა-ჩანაწერების“, მობილური მოწყობილობების იდენტიფიკატორები, მომხმარებელთა ისეთ მონაცემებს როგორიცაა ელექტრონული ფოსტის მისამართი, დემოგრაფიული და ინტერესებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

5. სხვა პირთაგან მიღებული ინფორმაცია

X-მა შესაძლოა მიიღოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მესამე პირებისგან, რომლებიც არ არიან მისი სარეკლამო პარტნიორები. მაგალითად, X-ის მომხმარებლები, დეველოპერები და პარტნიორები, რომლებიც ეხმარებიან პლატფორმაზე განთავსებული შინაარსის (ე.წ „კონტენტის“) ხარისხისა და უსაფრთხოების, კორპორაციული მოკავშირეების და X-თან დაკავშირებული სხვა სერვისების შეფასებაში.

როგორ იყენებს X-ი მომხმარებლის ინფორმაციას 

X-ის მიერ ერთი და იგივე ინფორმაცია, სხვადასხვა მიზნისთვის შესაძლოა განსხვავებულად იყოს გამოყენებული.

ოპერირება, განვითარება და სერვისების პერსონალიზება

X-მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას იყენებს თავისი პროდუქტებისა და სერვისების ოპერირებისთვის, გაუმჯობესებისთვის, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებისთვის. (მაგალითად, ინდივიდუალიზებული რეკლამებისა და შინაარსის (ე.წ „კონტენტის“) შეთავაზებით).

X-ი მის მიერ შეგროვებულ მონაცემებს და საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას იყენებს მისი მანქანური სწავლების ან ხელოვნური ინტელექტის მოდელების „გაწვრთნის“ პროცესში.

უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფა

X-ი შეგროვებულ ინფორმაციას იყენებს მომხმარებლების, პროდუქტების, სერვისების უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფისთვის. ამ მიზნით იგი იყენებს პიროვნების ვერიფიკაციის და ანგარიშის ავთენტიფიკაციის მეთოდებს.

სერვისების ანალიტიკა და გაუმჯობესება

X-ი იყენებს შეგროვებულ ინფორმაციას, თავისი პროდუქტებისა და სერვისების ეფექტურობის შეფასებისა და ანალიზისთვის, რათა შემდგომ გააუმჯობესონ ისინი.

კვლევა

X-ი იყენებს მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას (რომელიც მან მოიპოვა ამ პირებისგან, ან გამოკითხვის, კვლევის პროცესში) პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისთვის.

მზა ჩანაწერები“, პიქსელები და ადგილობრივი მეხსიერება.

X-ი მომსახურების გაწევისა და გაუმჯობესების მიზნით[3] იყენებს „მზა ჩანაწერებს“ (ე.წ. „ქუქი-ფაილები“), პიქსელებსა და ადგილობრივი მეხსიერებას (Local Storage).

„მზა ჩანაწერები“ არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელსაც პლატფორმა ინახავს მონაცემთა სუბიექტის მოწყობილობაზე (სმარტფონი, კომპიუტერი და ა.შ.), როდესაც მომხმარებელი სტუმრობს X-ს. „ქუქი-ფაილის“ გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომხმარებლის აქტივობის ანალიტიკა და მასზე მორგებული ინფორმაციის შეთავაზება. X-ი მზა ჩანაწერებს იყენებს, მაგალითად, სარეკლამო, მარკეტინგული და ანალიტიკური მიზნებისთვის.

პიქსელები არის კოდის მცირე ნაწილი, რომელსაც X-ი იყენებს მომხმარებელზე მორგებული სარეკლამო თემატიკის შეთავაზებისა და სერვისის გაუმჯობესებისთვის.

ადგილობრივი მეხსიერება (Local Storage) გამოიყენება მომხმარებლის მოწყობილობაზე მონაცემების შენახვის მიზნით.

X-ი მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდებისთვის იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა გამოყენებითი პროგრამების ინტერფეისი (API).

API არის წესებისა და პროტოკოლების ნაკრები, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული პროგრამის აპლიკაციებში მონაცემების, მახასიათებლების გაცვლას. მაგალითად, წარმოვიდგინოთ მზარეული, მომხმარებელი და მიმტანი. შეიძლება ითქვას, რომ ციფრულ სამყაროში API ასრულებს მიმტანის როლს მომხმარებელსა და ვებ-გვერდს ანუ მზარეულს შორის, უზრუნველყოფს მონაცემთა მიმოცვლას (დანართი 1).

ანგარიშის ხილვადობის პარამეტრები

მომხმარებლის ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ბიოგრაფია, ადგილმდებარეობა, ფოტოსურათები საჯაროდაა ხელმისაწვდომი მომხმარებლის მიერ ანგარიშის საჯაროობის შეზღუდვამდე.

X-ი მომხმარებელს სთავაზობს ხილვადობასთან დაკავშირებულ შემდეგ პარამეტრებს:

  1. საჯარო (“Public”) - პარამეტრის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია (პოსტი, ბიოგრაფია, ფოტოსურათები, დაბადების თარიღი და ა.შ.) გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი არამარტო X-ის მომხმარებლებისთვის, არამედ სხვა, ნებისმიერი მესამე პირისთვის.
  2. „გამომწერები“ (“Your Followers”) - პარამეტრი საშუალებას აძლევს მომხმარებელს მისი მონაცემები ხილვადი გახადოს მხოლოდ მისი გამომწერებისთვის.
  3. „გამოწერილი“ მომხმარებლები (“People You Follow”) - ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც მომხმარებელს გამოწერილი ჰყავს X-ზე.
  4. ერთმანეთის გამომწერი მომხმარებლები (“You Follow Each Other”) - ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება იმ პირისთვის, რომელიც „გამოწერილი“ ჰყავს მომხმარებელს და რომელსაც საპასუხოდ ჰყავს ეს მომხმარებელი „გამოწერილი“.
  5. ანგარიშის ხილვადობის შეზღუდვა („Only You”) - პარამეტრის გააქტიურებით აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტისთვის.

საძიებო სისტემაში მომხმარებლის ხილვადობა

X-ზე განთავსებული ნებისმიერი საჯარო პოსტი, შესაძლოა ხილვადი იყოს სხვადასხვა საძიებო სისტემაში (მაგალითად - Google).

მონაცემთა სუბიექტის მიერ X-ზე სტატუსის წაშლის შემდეგ, იგი შესაძლოა კვლავ ხილვადი იყოს საძიებო სისტემებში მანამ, სანამ მაგალითად, Google განაახლებს სისტემას უახლესი ინფორმაციის ასახვის მიზნით. მონაცემთა სუბიექტს შეუძლია Google-ს  მოსთხოვოს ინფორმაციის წაშლა.

ინფორმაციის გაზიარება

  1. პოსტის განთავსება და გაზიარება

საჯაროდ განთავსება: X-ის შინაარსი (ე.წ „კონტენტი“), როგორიცაა ანგარიშის ინფორმაცია (მაგალითად, სახელი/ფსევდონიმი, პროფილის ფოტო), საჯაროდაა ხელმისაწვდომი, როგორც მისი სხვა მომხმარებლებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის.

X-ის სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობა: მომხმარებლების პარამეტრებისა და მის მიერ გამოყენებული პროდუქტებიდან/სერვისებიდან გამომდინარე, X სხვებისთვის ხილვადს ხდის მათ ინტერაქციას სხვა მომხმარებლების გამოქვეყნებულ „კონტენტზე“. (მაგალითად ფოტოს მოწონება, „ტვიტის“ დაკომენტარება და სხვა), ხოლო პირადი შეტყობინებების მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება კომუნიკაციის  მეორე მხარისთვის და ამ ინფორმაციის მისგან წაშლა X-ზე შეუძლებელია.

პარტნიორებთან გაზიარებული ინფორმაცია: მომხმარებლის პარამეტრებიდან გამომდინარე, X-ი მის შესახებ ინფორმაციას აწვდის მესამე პირებს, რომლებიც ეხმარებიან მას პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში.

  1. მესამე პირები

მომსახურების მიმწოდებლები: X-ი მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას უზიარებს იმ კომპანიებს, რომლებიც მისი სახელით ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს და უზრუნველყოფენ მომსახურების გაწევას. მაგალითად, კომპანიები რომლებიც X-ის ბლოგებს“ ხელმძღვანელობენ, უზრუნველყოფენ თაღლითობის შემთხვევების იდენტიფიცირებას.

მესამე პირების შინაარსი (ე.წ. „კონტენტი“): X-ი, მომხმარებლის თანხმობით/გადაწყვეტილებით, ინფორმაციას უზიარებს სხვა აპლიკაციებს. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი სხვა პლატფორმას ნებას რთავს X-ის ანგარიშზე ჰქონდეს წვდომა.

იმ შემთხვევაში, როდესაც X-ზე განთავსებულია მისი პარტნიორი კომპანიის ვიდეო, ხოლო მომხმარებელი უყურებს ანდა სხვაგვარ რეაგირებას (მაგალითად, გაზიარებით, მოწონებით) მოახდენს ამ შინაარსზე (ე.წ. “კონტენტზე“), აღნიშნული კომპანიები, მათივე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად, დაამუშავებენ X-ის ამ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს.

3. კანონიერი საფუძვლის ან საჯარო ინტერესის არსებობა

X-მა შესაძლოა შეინახოს, გამოიყენოს, გაუზიაროს ან გაუმჟღავნოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია თუ ეს გონივრულად აუცილებელია:

  • კანონმდებლობასთან შესაბამისობისთვის ან სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის შესრულებისთვის;
  • პლატფორმისა და მისი მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით, მაგალითად სპამის ან თაღლითობის პრევენციისთვის.
  • მომხმარებლისთვის მის მიერ განთავსებული „კონტენტის“ წაშლის დასაბუთებისთვის.
  • X-ისა და მისი მომხმარებლების უფლებებისა და საკუთრების დაცვისთვის.

4. პლატფორმასთან დაკავშირებული პირებისთვის ინფორმაციის გაზიარება

პლატფორმა მისი პროდუქტისა და სერვისების მიწოდების მიზნით, ამ ინფორმაციას უზიარებს მასთან დაკავშირებულ პირებს.

მონაცემთა შენახვის ვადები

X-ი სხვადასხვა ინფორმაციას განსხვავებული ვადით ინახავს:

  • პროფილის შესახებ ინფორმაცია და მომხმარებლის მიერ განთავსებული ე.წ. „კონტენტი“ ინახება ანგარიშის არსებობის ვადით.
  • სხვა პერსონალურ ინფორმაციას, რასაც X-ი მოიპოვებს მომხმარებლის მიერ მისი პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებისას, პლატფორმა, როგორც წესი, იყენებს მაქსიმუმ 18 თვე.
  • X-ის წესების დარღვევის გამო ანგარიშის შეზღუდვის შემთხვევაში, პლატფორმა ინახავს ამ პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, წესების დამრღვევი პირის მიერ ახალი ანგარიშის შექმნის პრევენციისთვის.
  • X-მა კონკრეტული ინფორმაცია შესაძლოა შეინახოს დადგენილზე მეტი ვადით, კანონიერ მოთხოვნასთან შესაბამისობისთვის და უსაფრთხოების მიზნებისთვის.

უსაფრთხოების პარამეტრები

უსაფრთხოების მიზნით მომხმარებელმა სასურველია ანგარიშზე დააყენოს ძლიერი და უნიკალური[4] პაროლი. რისკების შემცირებისთვის, მომხმარებელმა, ასევე რეკომენდირებულია, გამოიყენოს მინიმუმ 10-ნიშნიანი პაროლი, რომელიც შეიცავს როგორც დიდ და პატარა ასოებს (მაგალითად, Aa), ასევე ციფრთა კომბინაციას (მაგალითად, 123) და სიმბოლოებს (მაგალითად, „@“, „!“, „$“).

ანგარიშის უსაფრთხოების მიზნებისთვის, რეკომენდირებულია, პაროლში არ იყოს გამოყენებული მომხმარებლის პერსონალური მონაცემები (მაგალითად, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი). წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი უფრო მარტივად იქნება გამოსაცნობი მესამე პირებისთვის.

ანგარიშის უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით რეკომენდირებულია ორმაგი ავთენტიფიკაციის (MFA) მეთოდის გააქტიურება. მომხმარებელი ფრთხილად უნდა იყოს საეჭვო ბმულებთან და ასევე დარწმუნდეს, რომ მისი ოპერაციული სისტემა და „ბრაუზერი“ განახლებულია. მომხმარებელმა რეკომენდირებულია არ გაუმჟღავნოს მესამე პირებს თავისი პაროლი და მომხმარებლის სახელი (ე.წ „Username”).

აღნიშნული რეკომენდაციები ვრცელდება იმ ელ-ფოსტის მისამართზეც, რომელიც მომხმარებელმა X-ის პლატფორმაზე რეგისტრაციისას მიუთითა.

X-ის უფლებები მომხმარებლის მონაცემებზე

  • X-ს აქვს კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები მომხმარებლის მონაცემების დამუშავებისთვის.

X-ს დეტალურად აქვს შეფასებული მომხმარებლების მონაცემების შეგროვების, გაზიარების და სხვაგვარი დამუშავების სამართლებრივი საფუძველები და მიზნები. მაგალითად, ცალკეულ შემთხვევაში ეს შეიძლება გამომდინარეობდეს მომხმარებლის თანხმობიდან, ლეგიტიმური ინტერესიდან ან სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან. აღნიშნული ინფორმაცია დეტალურადაა ხელმისაწვდომი პლატფორმაზე. აღსანიშნავია, რომ X-ი მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია არ ყიდის სხვა პირებზე.

  • X-ის ფუნქციონირებისთვის მონაცემების საერთაშორისო გადაცემა.

მომხმარებლისთვის დაცული და სანდო მომსახურების გაწევისთვის, X-ი ინფორმაციას გადასცემს სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად, თუ მომხმარებელი ცხოვრობს ევროპაში და X-ის პლატფორმის მეშვეობით მიმოწერა აქვს მეორე პირთან რომელიც ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამ მომსახურების მიღებისთვის ეს ინფორმაცია ამ ორ ქვეყნას შორის უნდა იყოს გადაცემული.

X-ი თავისი სერვისების მიწოდების მიზნებისთვის იყენებს მონაცემთა ბაზებს და ე.წ ქლაუდის(cloud) მომსახურებას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშია განთავსებული. ამ მონაცემების გადაცემისას პლატფორმა აფასებს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ რისკებს და ევროპული კომისიის მიერ შემუშავებულ საერთაშორისო გადაცემის სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებს ეყრდნობა, სადაც ეს არის აუცილებელი. იმ შემთხვევაში თუ ამ მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემაც შეიძლება მოხდეს, X-ი მისი პარტნიორი კომპანიისგან/მომსახურების მიმწოდებლისგან ითხოვს მის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომების ადეკვატურ დაცულობას ამ პირებისგანაც.

X-ი სხვა ქვეყნებიდან მიღებული მონაცემების დამუშავებისას ეყრდნობა მონაცემთა დაცვის ჩარჩოებს (DPF).[5] იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი სადავოდ ხდის DPF-ის პრინციპებთან X-ის შესაბამისობას, პლატფორმა დავას განიხილავს გასაჩივრების შიდა მექანიზმით, ან ა.შ.შ-ში დაფუძნებული დამოუკიდებელი დავების განმხილველი ორგანოს (JAMS) მეშვეობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი DPF-ის არბიტრაჟით.

მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს X-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს სპეციალური ფორმის მეშვეობით. პლატფორმის მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ადგილობრივ საზედამხედველო ორგანოს ან ირლანდიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს.

მონაცემთა სუბიექტის უფლებები

წვდომა, ჩასწორება და პორტირება

მომხმარებელს თავისი ანგარიშის პარამეტრების მეშვეობით შეუძლია განახორციელოს წვდომა მის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე, ჩაასწოროს ან შეცვალოს იგი. მას შეუძლია მოსთხოვოს X-ს ის ინფორმაცია, რომელსაც პლატფორმა მის შესახებ ამუშავებს, მიიღოს ამ ინფორმაციის ასლი.

მომხმარებლების პირადი ცხოვრების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისთვის X-ი, პირველ რიგში, ახდენს მომხმარებლის ვერიფიცირებას, მონაცემთა სუბიექტს მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ შეუძლია ზემოთ ნახსენები ქმედებების განხორციელება.

ინფორმაციის წაშლა

X-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს გააუქმოს თავისი ანგარიში - „დეაქტივაციის“ ფუნქციის მეშვეობით. „დეაქტივირებული“ ანგარიშის სახელი და გვარი, ე.წ „Username“ და „პროფილი“ აღარ იქნება ხელმისაწვდომი სხვა პირებისთვის.

„დეაქტივაციის“ მომენტიდან 30 დღის განმავლობაში შესაძლებელი არის ამ ინფორმაციის აღდგენა. აღნიშნული დროის განმავლობაში მომხმარებლის ინფორმაცია ინახება X-ის სისტემაში, ხოლო 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ კი ანგარიში X-ის სისტემიდან იშლება.

თანხმობის გამოხმობა

თუ მონაცემების დამუშავება დამოკიდებულია მომხმარებლის თანხმობაზე, მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მათი დამუშავება პლატფორმის პარამეტრებიდან შეზღუდოს.

#Trends- 

#Trends-ის საშუალებით X-ი მიზნად ისახავს მომხმარებელს მიაწოდოს მიმდინარე პერიოდში მსოფლიოს უახლესი აქტუალური თემები.

როგორ პოულობს X “Trends”-ს

X-“Trends“-ის იდენტიფიცირებას პოსტების (მაგალითად, ტექსტი, ავტორის დეტალები და ა.შ) ანალიზის შედეგად ახდენს. მომხმარებლის დაცვის მიზნით #Trends-ი იფილტრება არასანდო ანგარიშების (მაგალითად, ანგარიშები მცირე რაოდენობის გამომწერებით, ე.წ „ბოტები“, ახლად შექმნილი ანგარიშები), სპამის შემცველი პოსტებისა და უცენზურო სიტყვებისგან.

რას ნიშნავს „#“ ნიშანი

X-ზე განთავსებული „#Trends ორი კომპონენტისგან შედგება. „#“ ნიშანი - ე.წ. „ჰეშთეგი“ და ფრაზა, რომელიც მას ერთვის.

„#“ სიმბოლოთი ხდება კონკრეტული თემატიკის მონიშვნა და იგი შესაბამის პოსტს ერთვის თან (მაგალითად - #olympics2024). ამგვარად კონკრეტული „ჰეშთეგის“ შემცველი პოსტები ერთ „კატეგორიად“ ერთიანდება და შემდგომში X-ის საძიებო ველში მათი ძებნა მარტივდება (#-ის შემცველ სიტყვაზე „დაწკაპუნებით“ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება „ჰეშთეგის“ ქვეშ გაერთიანებული სხვა პოსტები).

 #-ით მონიშნული სიტყვები, რომლებიც პოპულარული ხდება მომხმარებლებს შორის, შემდგომში „Trends“ - ში ექცევა.

როგორ ირჩევს მომხმარებლისთვის განკუთვნილ “Trends”-ებს X-

X-ი მომხმარებელს აჩვენებს #Trends-ს, მისი ადგილმდებარეობის, ინტერესებისა და პლატფორმაზე განხორციელებული ბოლოდროინდელი აქტივობების გათვალისწინებით.

მომხმარებლის არჩევანის შესაძლებლობა

მომხმარებელს შეუძლია პარამეტრების მეშვეობით აკონტროლოს თუ რა სახის „Trends”-ი იქნება მისთვის ხელმისაწვდომი, მაგალითად, „Trends”-ის „სპამად“, საზიანო შინაარსის მქონედ მონიშვნით ან იმის მითითებით, რომ აღნიშნულით არ არის დაინტერესებული.

მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს მის მიერ გამოწერილი „თემატიკები“ და ამგვარად იქონიოს გავლენა “Trends”-ებზე, რომელსაც შემდგომში X-ი აჩვენებს მას.


[1] თუ მომხმარებელი, რომელმაც მიაღწია 18 წელს, სურვილის შემთხვევაში, დაბადების დღის თარიღს მიუთითებს ე.წ „პროფილის“ ინფორმაციაში, ის ხილვადი გახდება იმ პირთა წრისთვის, რომელსაც მომხმარებელი თავად აირჩევს. დაბადების თარიღის მითითება X-ს საშუალებას აძლევს გადაამოწმოს რომ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს მისი მომსახურებით, ხოლო მეორეს მხრივ, შესთავაზოს ასაკის შესაბამისი შინაარსი (ე.წ. „კონტენტი“).

[2] X-ის მომხმარებლები, პარტნიორები, კლიენტები და სხვა.

[3] უსაფრთხოების, კვლევისა და ანალიტიკის, მომხმარებელზე მორგებული მომსახურების გაწევისა და მარკეტინგული მიზნებისთვის.

[4] იგულისხმება, რომ X-ის ანგარიშის პაროლი განსხვავებული იქნება მისი სხვა აპლიკაციების ანგარიშების პაროლებისგან.

[5] ევროკავშირი - ა.შ.შ-ის მონაცემთა დაცვის ჩარჩო („EU-US Data Privacy Framework“), შვეიცარია-ა.შ.შ-ის მონაცემთა დაცვის ჩარჩო (“Swiss-US Data Privacy Framework”) და დიდი ბრიტანეთისთვის მონაცემთა გადაცემის დანართი(“the UK Extension to the EU-US Data Privacy Framework”).