Google- ი და პერსონალური მონაცემების დაცვა
შენიშვნა: დოკუმენტი შექმნილია Google-ის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით განთავსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე.
Google-ი, ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, მომხმარებლებს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს. მისი პოპულარული სერვისებია: ვიდეოპორტალი - “YouTube”, საძიებო სისტემა - “Google Search” , ვებ-ბრაუზერი - “Google Chrome”, ელექტრონული ფოსტა - “Gmail”, Android-ის ოპერატიული სისტემა, სარეკლამო სერვისი - “Google Ads”, ანალიტიკური პლატფორმა - “Google Analytics”.
ინფორმაცია, რომელსაც Google -ი აგროვებს
Google-ი აგროვებს მომხმარებლის ინფორმაციას (მაგალითად, რომელ ენაზე საუბრობს, რომელი რეკლამები იქნება მისთვის საინტერესო) უკეთესი მომსახურების მიწოდებისთვის.
თუ მომხმარებელი არ სარგებლობს Google-ის ანგარიშით, სისტემა მის შესახებ ინფორმაციას ინახავს ბრაუზერთან, აპლიკაციასთან ან მოწყობილობასთან დაკავშირებული უნიკალური იდენტიფიკატორების მეშვეობით. აღნიშნული Google-ს ეხმარება მომხმარებლის ინტერესების შესახებ ინფორმაციის შენახვაში.
მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია
მომხმარებელი Google-ის ანგარიშის შექმნისას უთითებს თავის პერსონალურ მონაცემებს (როგორიცაა სახელი, ელექტრონული ფოსტა). მას ასევე შეუძლია მიუთითოს ტელეფონის ნომერი და გადახდის შესახებ ინფორმაცია[1].
Google-ი ინახავს მომხმარებლის მიერ მისი სერვისებით სარგებლობისას განთავსებულ იმ შინაარსს (ე.წ. „კონტენტს“) და იმ ინფორმაციას, რომელსაც იღებს სხვა მომხმარებლებისგან. მაგალითად, ელ-ფოსტის შეტყობინება, მის მიერ შენახული ფოტოები, ვიდეოები, დოკუმენტები და სხვა.
ინფორმაცია, რომელსაც Google-ი აგროვებს მისი სერვისების გამოყენებისას
აპლიკაციები, ბრაუზერები და მოწყობილობები
Google-ი აგროვებს იმ აპლიკაციების, ბრაუზერებისა და მოწყობილობების შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც მომხმარებელი იყენებს Google-ის სერვისებზე წვდომისთვის.
მომხმარებლის აქტივობა
Google-ი აგროვებს მომხმარებლის აქტივობის შესახებ ინფორმაციას (მაგალითად, იმისთვის რომ Google-მა მომხმარებელს შესთავაზოს მის ინტერესებთან დაკავშირებული “YouTube”-ის ვიდეორგოლები).
მომხმარებლის აქტივობის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს:
- ტერმინებს, რომლებსაც იგი ეძებს;
- ვიდეოებს, რომლებსაც იგი უყურებს;
- რეკლამებთან და სხვა „კონტენტთან“ ინტერაქციას;
- ხმოვან და აუდიო ინფორმაციას[2];
- შენაძენთან დაკავშირებულ აქტივობას;
- პირების შესახებ ინფორმაციას, ვისთანაც მომხმარებელი ურთიერთობს ან უზიარებს „კონტენტს“;
- მესამე პირთა (რომელიც Google-ის სერვისებს იყენებს) ვებ-გვერდსა და აპლიკაციებზე აქტივობას;
- “Google Chrome”-ის „ძებნის ისტორიას“, რომელიც მომხმარებელს თავის ანგარიშთან აქვს სინქრონიზირებული.
თუ მომხმარებელი Google-ის სერვისებს ზარების განსახორციელებლად/შეტყობინების გაგზავნისა და მიღებისთვის იყენებს, Google-მა შესაძლოა შეაგროვოს ისეთი ინფორმაცია როგორიცაა: ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, ზარების/შეტყობინების განხორციელების დრო და თარიღი, ზარების ხანგრძლივობა, მარშრუტიზაციის შესახებ ინფორმაცია.
ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია
Google-ი აგროვებს მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას, როდესაც პირი იყენებს მის სერვისებს (მაგალითად, მარშრუტის განსაზღვრისთვის). ასევე, სერვისისა და პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით, პლატფორმამ შესაძლოა გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, მაგალითად:
- GPS-ისა და სენსორებით აღჭურვილი მოწყობილობების მონაცემები[3];
- IP მისამართი;
- Google-ის სერვისებში (მაგალითად საძიებო სისტემაში) აქტივობა;
- მოწყობილობის სიახლოვეს მყოფი უკაბელო ქსელის (Wi-Fi) წვდომის წერტილების, მობილური საკომუნიკაციო ანძების, და Bluetooth-ით აღჭურვილი მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია.
ადგილმდებარეობის მონაცემების ტიპები და მათი შენახვის ვადა ნაწილობრივ დამოკიდებულია მოწყობილობისა და ანგარიშის პარამეტრებზე. მაგალითად, Android მოწყობილობაში ადგილმდებარეობის პარამეტრის გააქტიურებით მომხმარებელს შეუძლია ნება დართოს პლატფორმას ამ მონაცემების შეგროვებაზე.
Google-ი მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას შესაძლოა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდანაც აგროვებდეს. მაგალითად, თუ მომხმარებლის სახელი ნახსენებია რომელიმე ელექტრონულ წყაროში, Google-ის საძიებო სისტემამ შეიძლება მოახდინოს ამ სტატიის ინდექსირება, რაც გულისხმობს, რომ პირის სახელის Google-ის სისტემაში მოძიების შემთხვევაში აღნიშნული სტატია განთავსებული იქნება ძიების შედეგში, როგორც ამ სახელთან დაკავშირებული ინფორმაცია.
Google-ს შეუძლია სანდო პარტნიორებისგან (მაგალითად, მარკეტინგული პარტნიორები, რომლებიც Google-ს აწვდიან ინფორმაციას პოტენციური მომხმარებლების შესახებ, უსაფრთოხების პარტნიორები, რომლებიც პლატფორმას აწვდიან სავარაუდო საფრთხეებთან დაკავშირებულ ინფორმაციას) შეაგროვოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია.
Google-ი ინფორმაციის შესაგროვებლად და შესანახად სხვადასხვა ტექნოლოგიებს იყენებს. მაგალითად, როგორიცაა „მზა ჩანაწერები“ (ე.წ. „ქუქი-ფაილები“), პიქსელის თეგები და ადგილობრივი მეხსიერება (Local Storage).
რა მიზნით აგროვებს Google-ი მონაცემებს
მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდებისთვის
Google-ი მომხმარებლის ინფორმაციას იყენებს მისთვის სერვისების მიწოდებისათვის, მაგალითად, სთავაზობს მისი კონტაქტებიდან შეტყობინების სავარუდო ადრესატებს, ასევე იყენებს მომხმარებლის IP მისამართს, მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაგზავნად.
მომსახურების გაუმჯობესებისთვის
Google-ი მომხმარებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მისი სერვისებით შეუფერხებლად სარგებლობისთვის ამუშავებს. (მაგალითად, იკვლევს სისტემის ხარვეზების თაობაზე გაგზავნილ შეტყობინებას).
ახალი სერვისების შემუშავებისთვის
მაგალითად, იმის გაანალიზებით თუ როგორ განათავსებდნენ მომხმარებლები თავიანთ ფოტოებს აპლიკაციაში “Picasa”, Google-მა შექმნა ახალი აპლიკაცია “Google Photos“.
პერსონალიზებული სერვისების, შინაარსისა და რეკლამების უზრუნველყოფისთვის
Google-ი მომხმარებლის მონაცემებს მასზე მორგებული სერვისების შეთავაზებისთვის იყენებს (მაგალითად, რეკომენდაციების, პერსონალიზებული „კონტენტისა“ და ძიების შედეგების მიწოდებისთვის).
Google-მა მომხმარებლის მიერ განსაზღვრული პარამეტრებიდან გამომდინარე, მისი ინტერესები და აქტივობები შეიძლება გამოიყენოს პერსონალიზებული რეკლამების შეთავაზებისათვის. მაგალითად, თუ იგი ეძებს „მთის ველოსიპედებს“, შესაძლოა YouTube” -ზე (Google-ის ერთ-ერთი სერვისი) იხილოს სპორტული აღჭურვილობის რეკლამა.
მომხმარებელს შეუძლია შიდა პარამეტრებით („My Ad Center“) განსაზღვროს რა ინფორმაციას გამოიყენებს Google-ი რეკლამის შესათავაზებელად.
რეკლამის პერსონალიზებისთვის Google-ი:
- არ ამუშავებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს (მაგალითად, რასობრივი კუთვნილება, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია ან ჯანმრთელობა და სხვა);
- არ იყენებს მომხმარებლის “Google Drive”-იდან, “Gmail”-იდან ან “Google Photos”-დან მოპოვებულ ინფორმაციას;
- Google-ი, რეკლამის განმთავსებელს არ უზიარებს იმ ინფორმაციას, რომლითაც შესაძლებელია მომხმარებლის იდენტიფიცირება (მაგალითად, როგორიცაა სახელი ან ელფოსტა). გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც თავად მომხმარებელი ითხოვს აღნიშნულს.
სერვისების გამოყენების ანალიტიკისთვის
Google-ი იყენებს მონაცემებს, რათა გაანალიზოს თუ როგორ გამოიყენება მისი სერვისები (მაგალითად, აფასებს მის საიტზე ვიზიტების ოდენობას პროდუქტის ოპტიმიზაციისთვის).
Google-ი რეკლამების ეფექტიანობის შეფასებისთვის ამუშავებს მომხმარებლის მასთან ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, რისთვისაც იგი იყენებს ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა “Google Analytics”-ს.
მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის
Google-ი იყენებს ინფორმაციას მისი სერვისების უსაფრთხოებისა და სანდოობის გასაუმჯობესებლად, რაც ასევე მოიაზრებს თაღლითობის, ბოროტად გამოყენების, უსაფრთხოების რისკების და Google-ისთვის/მომხმარებლებისთვის/საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირებას, პრევენციასა და რეაგირებას.
Google-ი მომხმარებელზე მორგებული შინაარსის (ე.წ. „კონტენტის“) მიწოდებისათვის, ასევე, სპამის, მავნე პროგრამის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენისთვის იყენებს ავტომატიზებულ სისტემებს, რომლებიც აანალიზებენ მომხმარებლის მიერ განთავსებულ შინაარსს ( ე.წ. „კონტენტს“).
Google-ი ასევე იყენებს ალგორითმებს მონაცემთა შაბლონების ამოსაცნობად. მაგალითად, “Google Translate” ეხმარება ადამიანებს სხვადასხვა ენაზე კომუნიკაციაში, სათარგმნ ფრაზებში საერთო ენობრივი სტრუქტურების ამოცნობით.
სუბიექტის უფლებები
მომხმარებელს შეუძლია Google-ის ანგარიშში „კონფიდენციალურობის პარამეტრების“ მეშვეობით მართოს თავისი ინფორმაცია.
აქტივობის კონტროლი
მომხმარებელს შეუძლია გადაწყვიტოს თუ რა ტიპის აქტივობის ინფორმაციის შენახვა სურს. მაგალითად, თუ მას ჩართული აქვს „“YouTube”-ის ისტორია“, აპლიკაცია შეინახავს ინფორმაციას იმ ვიდეოების შესახებ, რომლებსაც იგი უყურებს/ეძებს. ეს ინფორმაცია მისთვის მსგავსი შინაარსის მქონე ვიდეოების შესათავაზებელად გამოიყენება და ამასთანავე შესაძლებელს ხდის გააგრძელოს ვიდეო იმ მომენტიდან, სადაც შეწყვიტა მისი ყურება.
რეკლამის პარამეტრები
მომხმარებელს შეუძლია მართოს მისთვის შეთავაზებული რეკლამების პარამეტრები, იმ ვებსაიტებსა და აპლიკაციებში, რომლებიც იყენებენ Google-ის სერვისებს. მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს გამოყენებული იქნება თუ არა მისი პერსონალური მონაცემები პერსონალიზებული რეკლამის მისაწოდებლად.
მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მართვა
მომხმარებელს შეუძლია განსაზღვროს იმ ადამიანთა წრე, ვისაც შეუძლია ჰქონდეს მის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა.
გაზიარებული რეკომენდაციები
მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განსაზღვროს მისი პროფილის ფოტოსურათისა და სახელის ხილვადობა სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის განხილვის შემთხვევაში.
ვებსაიტები და აპლიკაციები, რომლებიც იყენებენ Google-ის სერვისებს
მომხმარებელს შეუძლია მართოს თავისი მონაცემები, რომელსაც Google-ის სერვისებით, მაგალითად “Google Analytics”-ით, მოსარგებლე ვებგვერდები და აპლიკაციები ამუშავებენ და უზიარებენ Google-ს.
მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მიღება და განახლება
მომხმარებლის აქტივობა
Google-ის ანგარიშის პარამეტრი „ჩემი აქტივობა“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადახედოს და მართოს მის ანგარიშში შენახული მონაცემები. მომხმარებელს შეუძლია ნაწილობრივ ან მთლიანად წაშალოს აქტივობის შესახებ ინფორმაცია.
მომხმარებლის საქმიანობა
„Google Dashboard“-ი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მართოს თავისი ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულ პროდუქტებთანაა დაკავშირებული.
მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია
მომხმარებელს „პირადი ინფორმაციის“ პარამეტრიდან შეუძლია მართოს თავისი მონაცემები (სახელი, ელ-ფოსტა, და ტელეფონის ნომერი, ფოტოსურათი).
თუ პირი Google-ის სერვისებს ანგარიშში შესვლის გარეშე იყენებს, მას შეუძლია მართოს ბრაუზერთან ან მოწყობილობასთან დაკავშირებული ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა:
- ძიების აქტივობა: მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს გამოყენებული იქნება თუ არა საძიებო აქტივობა მასზე მორგებული სავარაუდო შედეგების შეთავაზებისათვის;
- “YouTube”-ის პარამეტრები: მომხმარებელს შეუძლია შეაჩეროს მისი “YouTube”-ის ძიებისა და ნანახი ვიდეოების „ისტორიის“ შენახვის ფუნქცია ან/და წაშალოს უკვე არსებული მონაცემები;
- რეკლამის პარამეტრები: მომხმარებელს შეუძლია მართოს მისთვის ნაჩვენებ რეკლამებთან დაკავშირებული პრეფერენციები.
მომხმარებლის ინფორმაციის გაზიარება მესამე პირებისთვის
მომხმარებლის მიერ მონაცემთა გაზიარება
Google-ის სერვისების დიდი ნაწილი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავადვე გაუზიაროს თავისი ინფორმაცია მესამე პირებს. მაგალითად, როდესაც პირი “YouTube”-ზე განათავსებს ვიდეოს, მას შეუძლია პარამეტრების მეშვეობით იგი მხოლოდ საკუთარი თავისთვის გახადოს ხილვადი ან პირიქით, გახადოს იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი.
როდესაც მომხმარებელი Google-ის სხვადასხვა პროდუქტის გამოყენებისას ახორციელებს გარკვეულ აქტივობებს, მაგალითად, “YouTube”-ზე განთავსებულ ვიდეოზე ტოვებს კომენტარს, მისი სახელი და ფოტოსურათი ჩნდება მისი აქტივობის გვერდით.
Google-ის მიერ ინფორმაციის გაზიარება
ზოგიერთ შემთხვევებში, Google-ი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს სხვა ორგანიზაციებსა თუ ინდივიდებს უზიარებს, კერძოდ:
მომხმარებლის თანხმობისას - მას შეუძლია პარამეტრებში გადაამოწმოს თუ სხვა რომელ აპლიკაციებს მიანიჭა წვდომის უფლება Google-ის ანგარიშში განთავსებულ ინფორმაციაზე.
დომენის ადმინისტრატორებს - როდესაც, მომხმარებელი იყენებს სასწავლო დაწესებულების ან დამსაქმებლის მიერ მისთვის შექმნილ ანგარიშს, მისი დომენის ადმინისტრატორს[4] შეუძლია დაამუშავოს მის ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები, კერძოდ:
- განახორციელოს წვდომა და შეინახოს ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია, მაგალითად, ელექტრონული ფოსტა;
- ნახოს ანგარიშთან დაკავშირებული სტატისტიკები, მაგალითად რამდენი აპლიკაცია აქვს დაყენებული მოწყობილობაზე;
- შეცვალოს ანგარიშის პაროლი;
- შეუჩეროს ან შეუზღუდოს მომხმარებელს ანგარიშზე წვდომა;
- სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად მიიღოს ანგარიშის ინფორმაცია;
- შეუზღუდოს პირს თავისი ინფორმაციის წაშლის, შეცვლის, ასევე კონფიდენციალურობის პარამეტრების ცვლილების შესაძლებლობა.
მესამე პირებს - Google-ი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს უზიარებს შვილობილ კომპანიებს[5] და სხვა სანდო პირებს, რომლებიც ამ ინფორმაციას მისი მითითებების შესაბამისად ამუშავებენ. მაგალითად, Google-ი სარგებლობს სხვა კომპანიების მომსახურებით მონაცემთა ბაზების მართვისთვის, მისი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებისთვის, შიდა კომერციული პროცესებისთვის და მომხმარებლებისთვის დამატებითი მხარდაჭერის შეთავაზებისთვის; რათა უზრუნველყოს “YouTube”-ზე განთავსებული ვიდეოების შესაბამისობა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ნორმებთან; Google-ის ხმის ამომცნობი ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით მომხმარებლის აუდიოჩანაწერების ნიმუშების მოსმენისა და ანალიზისთვის.
სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად - Google-ი სხვა პირებს გაუზიარებს ინფორმაციას თუ მიიჩნევს რომ ეს გონივრულად აუცილებელია:
- კანონმდებლობიდან გამომდინარე, ასევე სახელმწიფოების მოთხოვნის შესაბამისად[6]. ამასთან, იგი მიღებული მოთხოვნების რაოდენობას და სახეებს ასახავს „გამჭირვალობის ანგარიშში“.
- პლატფორმის მომსახურების პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, მაგალითად პოტენციური დარღვევების შესასწავლად.
- თაღლითობის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ტექნიკური პრობლემების აღმოჩენისთვის, პრევენციისთვის ან სხვაგვარი რეაგირებისთვის.
- Google-ის, მომხმარებლების, საზოგადოების უფლებების, საკუთრების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისთვის.
Google-მა შესაძლოა არაიდენტიფიცირებადი მონაცემები გაასაჯაროოს ან გაუმჟღავნოს მის პარტნიორებს, როგორიცაა: გამომცემლობები, სარეკლამო კომპანიები, დეველოპერები. Google-ი საჯაროდ აზიარებს ინფორმაციას მისი სერვისების გამოყენების ტენდენციების შესახებ (მაგალითად, როდესაც მისი საძიებო ველის მეშვეობით რაიმე საკითხის შესახებ მოთხოვნები კონკრეტულ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია). იგი ნებას რთავს კონკრეტულ პარტნიორებს (მაგალითად, პირები, რომლებიც კომერციული მიზნებისთვის სარგებლობენ Google-ის სერვისებით) სარეკლამო მიზნებისთვის შეაგროვონ ინფორმაცია მომხმარებლის ბრაუზერიდან ან მოწყობილობიდან - მათივე „მზა-ჩანაწერების“ ( ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიების) მეშვეობით.
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
Google-ის სერვერები სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში მუშავდება მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, Google-ი, მისი პოლიტიკის შესაბამისად, თანაბრად უზრუნველყოფს ყველა ინფორმაციის დაცვას. ამასთან, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემისას იგი ითვალისწინებს სამართლებრივ ჩარჩოებს.
წერილობით საჩივრებზე რეაგირებისთვის, Google-ი უკავშირდება მომჩივან პირს. იმ შემთხვევაში თუ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება მონაცემთა სუბიექტთან მოლაპარაკებით ვერ მოგვარდა, Google-ი დახმარებისთვის მიმართავს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს (მათ შორის, ადგილობრივ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს).
მომხმარებლის მონაცემთა უსაფრთხოება
Google-ის მონაცემთა დაცვის პოლიტიკის თანახმად, მისი ყველა პროდუქტი აღჭურვილია ძლიერი უსაფრთხოების ზომებით, რომელებიც უწყვეტად უზრუნველყოფენ მომხმარებლის მონაცემების დაცვას. იგი იცავს როგორც მომხმარებელს, ასევე მთლიან სისტემას არაავტორიზებული წვდომისგან, მონაცემთა შეცვლისგან, გამჟღავნებისგან და განადგურებისგან, რისთვისაც Google-ი:
- მონაცემთა გადაცემისას იყენებს დაშიფრული კომუნიკაციის მეთოდს;
- მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის უსაფრთხოების პარამეტრს, როგორიცაა: „უსაფრთხო ძებნა“ (Safe Browsing), „უსაფრთხოების შემოწმება“ და ორ-ეტაპიანი ვერიფიკაცია;
- სისტემებზე არაავტორიზებული წვდომის პრევენციისთვის აანალიზებს მონაცემების შეგროვების, შენახვისა და სხვა დამუშავების პრაქტიკას;
- ადგენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლების მქონე პირების შეზღუდულ წრეს, კერძოდ, ამ მონაცემებზე წვდომა აქვს Google-ის იმ თანამშრომლებს, კონტრაქტორებს და წარმომადგენელს, ვისაც თავისი საქმიანობისთვის სჭირდება ამ ინფორმაციის დამუშავება. აღნიშნულ პირებს კონფიდენციალურობის მკაცრი ვალდებულება გააჩნიათ, ხოლო ამ პირობის უგულებელყოფის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან.
მონაცემთა მიღება და წაშლა
მონაცემთა სუბიექტს შეუძლია:
- მიიღოს თავისი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია;
- წაშალოს მისი ინფორმაციაა Google-ის კონკრეტული სერვისებიდან (მაგალითად, წაშალოს „ბლოგი“ თუ იყენებს “Blogger“-ს);
- მოიძიოს და შემდეგ წაშალოს კონკრეტული ინფორმაცია მისი ანგარიშიდან „ჩემი აქტივობების“ პარამეტრის გამოყენებით;
- წაშალოს Google-ის კონკრეტული პროდუქტები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- წაშალოს კუთვნილი Google-ის ანგარიში ნებისმიერ დროს.
Google-ის „არააქტიური ანგარიშის მართვის“ ფუნქციის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია მის მიერ წინასწარ განსაზღვრულ პირს მისცეს წვდომა თავისი ანგარიშის გარკვეულ ინფორმაციაზე.
„არააქტიური ანგარიშის“ სტატუსის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, მომხმარებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ პირებს შეეძლებათ მისი ანგარიშის გარკვეული[7] ინფორმაციის ჩამოტვირთვა. ამ ვადის გასვლის შემდეგ Google-ი წაშლის მომხმარებლის ანგარიშს და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
თუ ორი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება მომხმარებლის აქტივობა Google-ის სერვისებზე, იგი იტოვებს უფლებას მიანიჭოს ანგარიშს „არააქტიურის“ სტატუსი და წაშალოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
მონაცემთა შენახვა
Google-ის მიერ მონაცემთა შენახვის ვადა მათი მონაცემთა დაცვის პოლიტიკის თანახმად, დამოკიდებულია ინფორმაციის სახეზე, იმაზე თუ როგორ და რა მიზნებით იყენებს პლატფორმა მათ.
- მომხმარებელს შეუძლია ზოგიერთი ინფორმაცია სურვილისებრ წაშალოს, მაგალითად, პირადი ინფორმაცია,[8] შინაარსი (ე.წ „კონტენტი“), რომელსაც განათავსებს Google-ის სერვისებზე (მაგ. ფოტოსურათები, დოკუმენტები). მას ასევე შეუძლია წაშალოს ანგარიშის აქტივობის ისტორია ან განსაზღვროს კონკრეტული ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც ეს ინფორმაცია ავტომატურად წაიშლება.
- სხვა მონაცემები წაიშლება ან ანონიმური ფორმით შეინახება ავტომატურად, განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ (მაგალითად, რეკლამირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია).
- ზოგიერთი ინფორმაცია (მაგალითად, იმის თაობაზე თუ რა სიხშირით სარგებლობს მომხმარებელი Google-ის სერვისებით) ინახება მანამ, სანამ მომხმარებელი არ წაშლის მთლიანად ანგარიშს.
- ზოგიერთ მონაცემებს Google-ი ინახავს უფრო ხანგრძლივად, თუ ეს აუცილებელია ლეგიტიმური (სამართლებრივი ან კომერციული) მიზნებისთვის, როგორიცაა: უსაფრთხოება, თაღლითობისა და დარღვევების პრევენცია, ფინანსური ინფორმაციის შენახვა.
როდესაც მომხმარებელი იღებს თავისი ინფორმაციის წაშლის გადაწყვეტილებას, Google-ი მიჰყვება წაშლის წინასწარ განსაზღვრულ პროცედურას, რითიც უზრუნველყოფს რომ მონაცემები მთლიანად და უსაფრთხოდ წაიშლება მისი სერვერებიდან, ან შეინახება მხოლოდ ანონიმური ფორმით.
Google-ის ტექნოლოგიები
„მზა ჩანაწერები“ არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც ვებ-ბრაუზერს ეგზავნება, როდესაც მომხმარებელი სტუმრობს ვებ-გვერდს, ამ უკანასკნელის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად[9]. Google-ი ამავე მიზნებისთვის შეიძლება იყენებდეს მსგავს ტექნოლოგიებს, როგორიცაა უნიკალური იდენტიფიკატორები (აპლიკაციის ან/და მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის), პიქსელის თეგები და ადგილობრივი მეხსიერება.
Google-ის მიერ გამოყენებული ტექნოლოგიების ტიპები
მზა-ჩანაწერები და მისი მსგავსი ტექნოლოგიები შესაძლოა შენახული იყოს ბრაუზერში, აპლიკაციაში ან/და მოწყობილობაში. ისინი უზრუნველყოფენ:
- მომხმარებლის სერვისის ძირითად მახასიათებლებთან წვდომას, კერძოდ პრეფერენციის, სესიის ინფორმაციის დამახსოვრებას, დავალებების შესრულებას, სერვისის გაუმჯობესებისა და შეუფერხებლად წარმართვისთვის პროდუქტის ოპტიმიზაციას. (ფუნქციურობა)
- უსაფრთხოებას, კერძოდ მომხმარებლის ავთენტიფიკაციას (იმისათვის რომ ანგარიშზე წვდომა ჰქონდეს მის ნამდვილ მფლობელს), თაღლითობის პრევენციას, Google-ის სერვისებზე ინტერაქციის უსაფრთხოებასა და მისი წესების დაცვას. (უსაფრთხოება)
- მომხმარებლების მიერ სერვისით სარგებლობის ანალიტიკას, რაც შემდგომში ეხმარება ორგანიზაციას „კონტენტისა“ და ფუნქციების გაუმჯობესებაში. მაგალითად, “Google Analytics”-ი აგროვებს ვებ-გვერდის გამოყენების თაობაზე ინფორმაციას კონკრეტული ვიზიტორების იდენტიფიცირების გარეშე. (ანალიტიკა)
- სარეკლამო მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებას, მაგალითად რეკლამების მომხმარებლის ინტერესებზე მორგებას, მათი განთავსების სიხშირისა და ეფექტიანობის შეფასებას. (რეკლამირება)
- მომხმარებელზე მორგებული ფუნქციებისა და „კონტენტის“ შეთავაზებას. აღნიშნული მოიცავს მისთვის რელევანტურ რეკომენდაციებს (მაგალითად, მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული “YouTube”-ის მთავარი გვერდი), მისი ინტერესების შესაფერის რეკლამებს. (პერსონალიზება)
აპლიკაციებსა და მოწყობილობებში მზა-ჩანაწერების მართვა
ვებ-ბრაუზერების უმეტესობა მომხმარებელს ნებას რთავს მართოს მზა-ჩანაწერების პარამეტრები და წაშალოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია. გარდა ამისა, მობილური მოწყობილობებისა და აპლიკაციების დიდი ნაწილი ითვალისწინებს მზა-ჩანაწერებისა და მსგავსი ტექნოლოგიების მართვის პარამეტრებს.
[1] Google-ი იყენებს მომხმარებლის მიერ მიწოდებული საკრედიტო/სადებეტო ბარათის ინფორმაციას გადახდების (მაგალითად, Google Pay-ის ტრანზაქციები) უზრუნველსაყოფად და თაღლითობის პრევენციისთვის. მომხმარებლის საკრედიტო/სადებეტო ბარათების ნომრები Google-ის დაცულ სერვერებზე, დაშიფრული ფორმით ინახება.
[2] Google Voice-ი ამუშავებს მომხმარებლის ზარების ისტორიას (შემომავალი და გამავალი ზარების მობილურის ნომრები, თარიღი, დრო, ზარის ხანგრძლივობა), მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს (ე.წ SMS-ებს). მომხმარებელს შეუძლია Google Voice-ის ანგარიშიდან წაშალოს ეს ინფორმაცია. თუმცა, ფინანსური ან სხვა კომერციული მიზნებიდან გამომდინარე, ზოგიერთი ინფორმაცია შესაძლოა Google-ის აქტიურ სერვერებზე შეინახოს.
[3] მომხმარებლის მოწყობილობა შესაძლოა აღჭურვილი იყოს სენსორებით, რომლებიც გამოიყენება მისი ადგილმდებარეობისა და გადაადგილების გასაგებად. მაგალითად, მომხმარებლის სიჩქარისა და მიმართულების დასადგენად შეიძლება გამოყენებულ იქნას აქსელერომეტრი.
[4] პირი, რომელიც მართავს Google-ის სერვისებს ან მოწყობილობებს კომპანიისთვის, სკოლისთვის ან ჯგუფისთვის.
[5] შვილობილი კომპანია - Google-ის დაქვემდებარებული სუბიექტები, მათ შორის ის კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს ემსახურებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე, მაგალითად, Google Ireland Limited, Google Commerce Ltd, Google Payment Corp, და Google Dialer Inc.
[6] სამართლებრივი მოთხოვნა - Google-ი, ისევე როგორც სხვა ბევრი ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად იღებს სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან, სასამართლოებისგან, მომხმარებლის მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. კომპანიის სამართლებრივი ჯგუფი განიხილავს თითოეულ მსგავს მოთხოვნას და ხშირ შემთხვევაში უარს ამბობს მათ შესრულებაზე, თუ იგი არის ზედმეტად ფართო ან არ შეესაბამება პროცედურებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამართლებრივი გუნდი ითვალისწინებს Google-ის მომსახურების ხელშეკრულების, კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, იმ ქვეყნის კანონმდებლობას საიდანაც მოდის მომხმარებლის ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნა და იმ ქვეყნის სამართლებრივ ნორმებს, სადაც ამ მომხმარებლისთვის Google-ის სერვისების მიმწოდებელი კომპანია მდებარეობს (მაგალითად, ევროკავშირის/ევროკავშირის ეკონომიკური ზონის ქვეყნების, ასევე შვეიცარიის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელია და შესაბამისად, მოთხოვნა ეგზავნება Google Ireland Limited-ს (ირლანდიის წარმომადგენლობა), ხოლო სხვა შემთხვევებში ეს შეიძლება იყოს Google LLC, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს).
[7] მომხმარებელი წინასწარ განსაზღვრავს ინფორმაციას, რომლის ჩამოტვირთვაც მის მიერ მითითებულ პირებს შეეძლებათ.
[8] მაგალითად, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პროფილის სურათი, საკონტაქტო ინფორმაცია.
[9] ერთმანეთისგან განსხვავდება სავალდებულო და არასავალდებულო „ქუქი - ფაილები“.
სავალდებულო „მზა ჩანაწერები“ აუცილებელია ვებ-გვერდის/აპლიკაციის ძირითადი ფუნქციებით სარგებლობისთვის, ხოლო არასავალდებულო „მზა ჩანაწერები“ პლატფორმას ნებას რთავს დამატებით დაამუშავოს ის მონაცემები, რაც არ არის აუცილებელი ვებ-გვერდის/აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის.