ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Google Maps - ი და პერსონალური მონაცემების დაცვა

Google Maps - ი და პერსონალური მონაცემების დაცვა

Google Maps-არის “Google”-ის პროდუქტი, რომლის მომსახურება მოიცავს სატელიტურ გამოსახულებებს, საჰაერო ფოტოგრაფიას, ქუჩის რუკებს, 360-გრადუსიან პანორამულ ხედვას, რეალურ დროში სატრანსპორტო ნაკადის მდგომარეობას, სხვადასხვა ტიპის ადგილებთან (სავაჭრო ობიექტები, ღირსშესანიშნაობები, საჯარო დაწესებულებები და სხვა) დაკავშირებულ ინფორმაციას და სხვადასხვა საშუალებით (ფეხით, მანქანით, ველოსიპედით, საჯარო ტრანსპორტიც) გადაადგილებისას მარშრუტის დაგეგმვას.

აღნიშნული აპლიკაცია იყენებს GPS-ისა და მომხმარებლის მიერ მიწოდებულ მონაცემებს, ადგილმდებარეობისა და მიმართულებების თაობაზე ნამდვილი და განახლებული მონაცემების ასახვისთვის.

Google Maps-ი აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის სხვადასხვა სახის ალგორითმებს იყენებს, მაგალითისათვის გამოსახულების ამოცნობის ალგორითმი სატელიტის, ქუჩის ხედვის (Street View) ფოტოსურათებიდან მოპოვებული ინფორმაციით (მაგალითად გზების, შენობების, ღირსშესანიშნაობების თაობაზე) ქმნის რუკას. მანქანური სწავლების ალგორითმები კი სხვადასხვა წყაროს მეშვეობით (მათ შორის მომხმარებლისგან) მოპოვებული ინფორმაციის ანალიზსა და ინტერპრეტაციის საფუძველზე ტენდენციებისა და შაბლონების იდენტიფიცირებას ახდენენ.

Google Maps-ი იყენებს ალგორითმებს რომლებიც საუკეთესო მარშრუტს განსაზღვრავს რუკაზე წერტილებს შორის დისტანციის, დროის, ტრანსპორტის ნაკადის მდგომარეობის და გადაადგილების საშუალების (საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტომობილი, ველოსიპედი, ფეხით სიარული) მიხედვით.

აპლიკაციამ მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა გზით შეიძლება მოიპოვოს:

  • მომხმარებლის IP მისამართის (ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი) მეშვეობით, რომელიც არის უნიკალური და ინტერნეტ ქსელის მომსახურების მიმწოდებლისგან მის ყველა მოწყობილობას ენიჭება. IP მისამართი მომხმარებლის მოწყობილობისა და მის მიერ გამოყენებულ აპლიკაციებს შორის კავშირს უზრუნველყოფს. Google-ი ამ გზით მოპოვებულ ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას იყენებს საბაზისო სერვისების მიწოდებისთვის.
  • მომხმარებლის მიერ ანგარიშის შესაბამისი პარამეტრის გააქტიურების შემთხვევაში, აპლიკაცია შეინახავს მისი აქტივობის შესახებ ინფორმაციას, რაც შეიძლება მოიცავდეს აპლიკაციის გამოყენების დროს მისი ზოგადი ადგილმდებარეობის მონაცემებს. მაგალითად, თუ მოგზაურობდით ქალაქ ბათუმში და აპლიკაციაში ეძებდით კაფეებს, ამ ზოგადი ადგილმდებარეობის მონაცემებიდან გამომდინარე, შემდგომ ძებნის ფუნქციის გამოყენებისას შესაძლოა ქალაქ ბათუმში არსებული დაწესებულებები გაჩვენოთ.
  • ანგარიშში მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მითითებული მისამართები (მაგალითად სახლის, სამსახურის მისამართი) ამარტივებს Google Maps-ის მომსახურების მიღებას. მაგალითად, იმისათვის რომ მომხმარებელმა მიიღოს პერსონალიზებული ინფორმაცია/შეთავაზებები მის სახლთან/სამსახურთან ახლოს მდებარე დაწესებულებების შესახებ.
  • მოწყობილობის პარამეტრებიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეუძლია თავად განსაზღვროს გაუზიარებს თუ არა თავის ზუსტ ადგილმდებარეობას Google Maps-ს. ეს მონაცემები აპლიკაციას მომხმარებლისთვის უფრო რელევანტური ინფორმაციის მიწოდებაში ეხმარება. Google Maps-ი იყენებს რეალურ დროში მომხმარებლისგან მიწოდებულ მონაცემებს ტრანსპორტის ნაკადის მდგომარეობის (საცობი, ინციდენტები, საგზაო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია) სხვა მომხმარებლებისთვის მიწოდებისთვის. ეს მონაცემები აპლიკაციას მიეწოდება იმ მომხმარებლებისგან რომლებსაც გააქტიურებული აქვს ადგილმდებარეობის ე.წ. „თრექინგის“ ფუნქცია და უზრუნველყოფს რუკის სიზუსტეს.

მომხმარებლის მიერ შესაბამისი პარამეტრების გააქტიურების შემთხვევაში, Google Maps-ი შეინახავს მისი ადგილმდებარეობის შესახებ ისტორიას, რითაც იქმნება პერსონალური რუკა. ამ ფუნქციის გააქტიურებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ მომხმარებელი არ სარგებლობს Google-ის აპლიკაციით, მოწყობილობის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ინახება მომხმარებლის მოწყობილობასა და Google-ის სერვერებზე. იგი პირის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს Wi-Fi-სა და მობილური ინტერნეტის სიგნალებით, GPS-ის მონაცემებით და სენსორული ინფორმაციით. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს უარი თქვას მისი ადგილმდებარეობის შესახებ ისტორიის შენახვაზე და მოითხოვოს უკვე შენახული მონაცემების წაშლა.

Google- გააჩნია ადგილმდებარეობის ისტორიის ავტომატური წაშლის პარამეტრიც, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს წაშალოს აღნიშნული მონაცემი 3, 18 ან 36 თვის შემდეგ მის მიერ არჩეული პერიოდულობიდან გამომდინარე. მომხმარებელს შეუძლია აღნიშნული ისტორია იხილოს ქრონოლოგიურად და სურვილის შემთხვევაში წაშალოს მხოლოდ კონკრეტული აქტივობა. მას ნებისმიერ დროს შეუძლია პარამეტრების შეცვლა და ლოკაციის ისტორიის ავტომატური წაშლის ფუნქციის გამორთვა. Google-ის პოლიტიკის მიხედვით, მომხმარებელს შეუძლია მთლიანად და უსაფრთხოდ წაშალოს მონაცემები პლატფორმიდან ისე, რომ მისი აღდგენა აღარ იყოს შესაძლებელი.

Google Maps-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ფუნქციაა „ნავიგაცია“, რომელიც მომხმარებლის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მეშვეობით ფუნქციონირებს. ამ მომსახურების გაწევისას იგი იყენებს მომხმარებლის GPS-ის, გადაადგილების ტრაექტორიისა და მოწყობილობის სენსორულ (მაგალითად, ბარომეტრი) მონაცემებს.

Google-ის თანახმად, ნავიგაციის მონაცემები არ არის კონკრეტული მომხმარებლის ანგარიშთან დაკავშირებული, არამედ მუდმივად განახლებად უსაფრთხოდ გენერირებულ იდენტიფიკატორს უკავშირდება. ეს ნიშნავს რომ Google-ს არ შეუძლია ნავიგაციის ფუნქციით სარგებლობის დროს მოპოვებული მონაცემები კონკრეტულ მომხმარებელს დაუკავშიროს.

ნავიგაციის რეჟიმში ყოფნისას, აპლიკაცია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს შეატყობინოს Google-ს საცობის, საგზაო სამუშაოების შესახებ, ხოლო თუ Google-ი გარკვეული რაოდენობის მსგავს შეტყობინებას მიიღებს და დარწმუნდება მის სისწორეში, სხვა მომხმარებლებს მიაწვდის აღნიშნულ ინფორმაციას.

Google Maps-ით გადაადგილებისას მომხმარებლებისგან მოპოვებული ადგილმდებარეობის მონაცემები პლატფორმამ შესაძლოა გზებზე ტრანსპორტის ნაკადის გადაადგილების მდგომარეობის შესაფასებლად გამოიყენოს (მაგალითად, კონკრეტული გზის მონაკვეთში რამდენად არის საცობი). აღნიშნული მონაცემები საკმარისი იქნება რეალურ დროში, მიმდინარე მდგომარეობის ასახვისთვის, თუმცა მგზავრობიდან 10, 20 თუ 50 წუთში რა მდგომარეობა იქნება გზის ამ მონაკვეთებზე - აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე ვერ მიიღწეოდა.  

იმისათვის რომ ტრასპორტის ნაკადის მოძრაობა შეაფასოს, Google Maps-ი აანალიზებს ამ გზებზე მოძრაობის წარსულ გამოცდილებებს - სხვადასხვა დროის ისტორიულ შაბლონებს. ამ მონაცემებს იგი არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან აერთიანებს და ხელოვნური ინტელექტის სისტემების მეშვეობით ახდენს შემდგომი მდგომარეობის პროგნოზირებას. აპლიკაციის თანამედროვე მოდელებისთვის ავტომატურად პრიორიტეტულია უკანასკნელი ოთხი კვირის პერიოდის მონაცემები.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, Google Maps-ი ხელმძღვანელობს ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულებებისგან მიღებული ინფორმაციით (მაგალითად, გზის მონაკვეთებზე სიჩქარის, გადაადგილების დროებითი შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია)  და მომხმარებლებისგან რეალურ დროში მიწოდებული მონაცემებით.

 Google Maps-ის მეშვეობით პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გარკვეული ადგილების (მაგალითად პარკი, კაფე, მაღაზია და სხვა) გადატვირთულობის“ შესახებ. აღნიშნულისთვის Google-ი იყენებს იმ მომხმარებლების საერთო, დეპერსონალიზებულ მონაცემებს, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ Google-ის ადგილმდებარეობის ისტორიის შენახვის ფუნქცია. Google-ის თანახმად, იგი იყენებს დიფერენციალური კონფიდენციალურობის მეთოდს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების ინფორმაციის დეპერსონალიზებას, უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას.

2023 წელს Google-მა გააკეთა განცხადება, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს მომხმარებლების ადგილმდებარეობის მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მომხმარებლების მიერ ადგილმდებარეობის ისტორიის გააქტიურების შემთხვევაში, მისი ავტომატური წაშლის ვადა 3 თვემდე შემცირდება. ამასთან, მომხმარებლის ადგილმდებარეობის მონაცემების ცვლილებების შემდეგ, მხოლოდ უშუალოდ მის მოწყობილობაზე შეინახება. Google-ის მითითებით აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის ბოლომდე შევა ძალაში.

 

 

წყაროები:

  1. https://www.geeksforgeeks.org/how-does-google-map-works/
  2. https://policies.google.com/technologies/location-data?hl=enhttps://policies.google.com/technologies/location-data?hl=en
  3. https://support.google.com/maps/answer/10565726?hl=en&co=GENIE.Platform%3DAndroid#zippy=%2Chow-navigation-data-works%2Chow-google-protects-navigation-data%2Cyoure-in-control
  4. https://support.google.com/maps/answer/10565726?hl=en&co=GENIE.Platform%3DAndroid
  5. https://www.wired.com/story/7-lesser-known-features-in-google-maps/
  6. https://blog.google/products/maps/google-maps-101-how-ai-helps-predict-traffic-and-determine-routes/
  7. https://support.google.com/maps/answer/10400210?hl=en#zippy=%2Ccontrol-other-location-data-in-your-apps%2Ccontrol-your-location-history
  8. https://support.google.com/maps/answer/10077010?hl=en#zippy=%2Chow-location-history-works%2Chow-we-protect-your-location-history%2Cyoure-in-control
  9. https://support.google.com/maps/answer/10077010?hl=en#zippy=%2Chow-location-history-works%2Chow-we-protect-your-location-history%2Cyoure-in-control
  10. https://support.google.com/maps/answer/3118687?hl=en
  11. https://blog.google/products/maps/updates-to-location-history-and-new-controls-coming-soon-to-maps/