ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით მონაცემთა დამუშავება

ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით მონაცემთა დამუშავება

 

რეკომენდაცია ემსახურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობას. იგი არ წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, არის სარეკომენდაციო ხასიათის და არ წარმოშობს დამატებით უფლებებსა და ვალდებულებებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომხმარებლებს შორის ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება ვიდეორეგისტრატორის - ვიდეოჩამწერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევები, რომლის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი მათი ფუნქციური თუ ხარისხობრივი მრავალფეროვნება და ბაზარზე მარტივად ხელმისაწვდომობა გახდა.

ვიდეორეგისტრატორი შესაძლოა მიმართული იყოს სატრანსპორტო საშუალების გარე (როგორც ეს ძირითად შემთხვევებშია) და შიდა სივრცისკენ. ამასთან, ზოგიერთი მოდელი შესაძლოა დამატებით აუდიოჩაწერის ფუნქციით იყოს აღჭურვილი. იმის გათვალისწინებით, რომ ზემოხსენებული მოწყობილობების ფუნქციონირება გავლენას იქონიებს პირებზე, რომელთა ხმოვანი სიგნალისა თუ ვიზუალური გამოსახულების ჩაწერა ხორციელდება, წინამდებარე რეკომენდაციის მიზანია, გაანალიზდეს ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ აღნიშნული გზით მონაცემთა დამუშავების საკითხი, დამკვიდრდეს საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს მოწყობილობით მოსარგებლე პირთა მიერ პროცესის კანონიერად წარმართვას, ასევე, მონაცემთა სუბიექტებისა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთა ცნობიერების ამაღლებას.

წინამდებარე რეკომენდაცია არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიდეორეგისტრატორით სარგებლობის იმ შემთხვევებზე, რომელიც  ხორციელდება სპეციალური საკანონმდებლო საფუძვლით.

 

ვიდეომონიტორინგის გზით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) თანახმად, მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება მონაცემთა დამუშავებაა. ვიდეომონიტორინგის განხორციელების შემთხვევაში საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიზუალური გამოსახულების მონაცემების დამუშავება მოცავს ვიდეოკონტროლს ან/და ვიდეოჩაწერას (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა).[1] კანონი ვიდეომონიტორინგის განხორციელების სპეციალურ საფუძველსა და წესებს ითვალისწინებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა მონაცემთა დამუშავების აღნიშნული პროცესის კანონიერად მიჩნევისთვის.

 

ვიდეომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია შემდეგი მიზნების არსებობის შემთხვევაში:

 

  • დანაშაულის პრევენცია/გამოვლენა;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოება;
  • პირის უსაფრთხოება;
  • საკუთრების დაცვა;
  • არასრულწლოვანის დაცვა (მათ შორის, მავნე ზეგავლენისგან დაცვა);
  • საიდუმლო ინფორმაციის დაცვა;
  • გამოცდის/ტესტირების მიზნები;
  • სხვა საჯარო ან/და ლეგიტიმური ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულება.

 

ვიდეომონიტორინგის მიზანთან ერთად, აუცილებელია, რომ აღნიშნული გზით მონაცემთა დამუშავება ზემოხსენებული მიზნების ადეკვატური და პროპორციული საშუალება იყოს.

 

ვიდეომონიტორინგის კანონიერად განხორციელებისთვის, დამატებით, აუცილებელია:

 

  • წერილობით განისაზღვროს ვიდეომონიტორინგის მიზანი და მოცულობა, ხანგრძლივობა, ასევე ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა, ვიდეოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები;
  • ვიდეომონიტორინგის თაობაზე მონაცემთა სუბიექტების ინფორმირება მოხდეს გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინოდ განთავსებით, ხოლო თუ დასაქმებული პირის სამუშაო სივრცის/პროცესის ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს, აუცილებელია, დამატებით, კონკრეტული მიზნის თაობაზე წერილობითი გაფრთხილება;
  • ვიდეომონიტორინგის გამაფრთხილებელ ნიშანზე დატანილი უნდა იყოს: წარწერა (მაგალითად, „ვიდეომონიტორინგი“), მარტივად აღქმადი გამოსახულება ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის თაობაზე (მაგალითად, ვიდეოკამერის გრაფიკული გამოსახულება) და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელწოდება და მისი საკონტაქტო მონაცემები (მაგალითად, ელექტრონული ფოსტის მისამართი, იურიდიული მისამართი, სატელეფონო ნომერი).

 

ვიდეორეგისტრატორი, რომელიც განთავსებულია ავტომობილში ან დაკავშირებულია სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან (მაგალითად, მძღოლის მიერ ვიდეორეგისტრატორის ჩაფხუტზე დამაგრების შემთხვევაში), წარმოადგენს ტექნიკურ საშუალებას, რომლის მეშვეობით, ვიდეოჩაწერის გზით, არა მხოლოდ კონკრეტული ავტომობილის, არამედ ფიზიკური პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მუშავდება. შესაბამისად, მისი არასათანადო გამოყენება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს აღნიშნულ ჩანაწერებზე გამოსახულ პირებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მათ არ აქვთ ამ გზით უფლებების შეზღუდვის გონივრული მოლოდინი.[2]

 

ვიდეორეგისტრატორის ხედვის არეალი, ასევე, ვიდეოჩაწერის ხანგრძლივობა შესაძლოა თითოეულ შემთხვევაში განსხვავდებოდეს. მაგალითად, ვიდეორეგისტრატორი შესაძლოა აღბეჭდავდეს სატრანსპორტო საშუალების გარე და შიდა სივრცეს, ჩართული იყოს მგზავრობის მთელი პროცესის განმავლობაში ან მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევებში აქტიურდებოდეს, აღჭურვილი იყოს GPS ტექნოლოგიით და სხვა.

 

სატრანსპორტო საშუალებაში ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების სპეციალური წესები კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული და მის მიერ, როგორც ვიდეოჩამწერი მოწყობილობის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების პროცესზე, ვიდეომონიტორინგის ზემოთ აღნიშნული წესები ვრცელდება. ამასთან, აღსანიშნავია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ბელგიის სამეფო, საფრანგეთის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, ირლანდია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) საზედამხედველო ორგანოს, ასევე ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს მიდგომა/მოსაზრება, რომელთა თანახმად, აღნიშნული მოწყობილობების მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გავრცელდება მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი წესები.[3]

 

ესაბამისად, პირი, რომელიც ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებას გადაწყვეტს, ვალდებულია შეაფასოს აღნიშნული გზით სხვა პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების ლეგიტიმური ინტერესის არსებობა და მონაცემთა სუბიექტების უფლებებში ჩარევის პროპორციულობა, ასევე, უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების, მათ შორის, მონაცემთა დამუშავების პრინციპებთან შესაბამისობა. ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, ვიდეორეგისტრატორის განთავსებისას  (მაგალითად, საგზაო შემთხვევისას მტკიცებულების შეგროვების მიზნებისთვის) არ უნდა ხდებოდეს სხვა პირთა მონაცემების მუდმივი ჩაწერა. სხვაგვარად, შესაძლო ავტოსაგზაო შემთხვევებთან მიმართებით, მტკიცებულების მოპოვების ინტერესი ვერ გადაწონის მონაცემთა სუბიექტების უფლებების მსგავს შეზღუდვას.[4]

 

ფიზიკური პირის მიერ ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით ვიდეომონიტორინგის განხორციელება

 

ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაციის დამუშავებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. ვიდეორეგისტრატორის გამოყენებისას უნდა გაიმიჯნოს იურიდიული პირის და ფიზიკური პირის სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებაში აღნიშნული ვიდეოჩამწერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევები.

 

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს ფიზიკური პირის მიერ საჯარო სივრცეში ვიდეომონიტორინგის შემთხვევებთან მიმართებით „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (GDPR) დებულებების განმარტებების გათვალისწინებით, შესაძლოა  ფიზიკური პირის მიერ ვიდეორეგისტრატორის გამოყენების შემთხვევებში მხედველობაში იყოს მისაღები ვიდეომონიტორინგის განხორციელების გარკვეული წესები.[5] აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების მასშტაბისა და ბუნების გათვალისწინებით, თუ ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა მუდმივი ჩაწერა, შემდგომი შენახვა და აღნიშნული საჯარო სივრცეს მოიცავს. [6]

 

ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით, საინტერესოა ჰამბურგის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი პრაქტიკა[7], კერძოდ, განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიდეოჩამწერი მოწყობილობა მთელი მგზავრობის განმავლობაში იღებდა ვიზუალურ გამოსახულებას და შემდგომ ინახავდა. ჩანაწერი ასახავდა ავტომობილის სახელმწიფო ნომრებს, ასევე, სხვადასხვა ფიზიკური პირის ვიზუალურ გამოსახულებებს, შესაბამისად, პირთა პერსონალური მონაცემები მუდმივად მუშავდებოდა.

საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, მძღოლების მიერ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მტკიცებულების შექმნისთვის არ არის აუცილებელი მუდმივი ან პერიოდული ვიდეოჩაწერა, არამედ აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭიროა მხოლოდ კონკრეტული მოვლენის აღბეჭვდა. შესაბამისად, საჯარო სივრცეში გადაადგილებისას ფიზიკური პირები არ არიან ინფორმირებულები, რომ ექვემდებარებიან ვიდეოჩაწერას და მათი უფლება - არ იყვნენ აღბეჭდილი სხვა პირთა მიერ, როგორც წესი, გადაწონის ვიდეორეგისტრატორით მოსარგებლის ლეგიტიმურ ინტერესებს. საზედამხედველო ორგანო მსჯელობისას ეფუძნება გერმანიის ფედერალური სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით მუდმივი, უწყვეტი ვიდეოჩაწერა საჯარო სივრცეებში არ არის კანონიერი.[8] თითოეული პირი, რომელიც ვიდეორეგისტრატორის გამოყენებას გადაწყვეტს, უნდა დარწმუნდეს, რომ ჩამწერი მოწყობილობა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იწყებს ფუნქციონირებას და ვიდეოს იწერს კონკრეტული ფაქტის დადგომის შემთხვევაში, ინტეგრირებული სენსორების დახმარებით, რომლითაც მოწყობილობა კონკრეტული საქმის განხილვისას იყო აღჭურვილი (თუმცა არ იყო გააქტიურებული). შესწავლის შედეგად ვიდეომონიტორინგი არაკანონიერად იქნა მიჩნეული და პირს ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ჰამბურგის რაიონულმა სასამართლომ.[9]

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ფიზიკური პირი, რომელიც ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით დაამუშავებს სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს, ვალდებულია აღნიშნული კანონიერ მიზნებთან შესაბამისობაში განახორციელოს. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერების გავრცელება, გარკვეულ შემთხვევებში, ვერ იქნება მიჩნეული პირადი მიზნით მონაცემთა დამუშავებად[10] და ვიდეომონიტორინგის განხორციელების მიზანთან შესაბამისად.

 

 

იურიდიული პირების ან პროფესიული საქმიანობის დროს ფიზიკური პირების მიერ ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით ვიდეომონიტორინგის განხორციელება

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა თანაბრად ვრცელდება იურიდიულ პირებზე და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ინფორმაციას მათი პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე ამუშავებენ. როდესაც ვიდეორეგისტრატორის გამოყენება ფიზიკური პირების მიერ მათი ეკონომიკური თუ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ხდება (მაგალითად, მძღოლები (შესაბამისი მომსახურების გამწევი პირი), ტაქსი, საკურიერო მიწოდების მომსახურება და სხვა), აღნიშნული პროცესი ცალსახად სცდება „პირად მიზანს“ და ფიზიკურ პირებს მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან შესაბამისობის ვალდებულება გააჩნიათ.[11] შესაბამისად, ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დაცვა.

 

სატრანსპორტო საშუალების გარე სივრცის ვიდეომონიტორინგი

ვიდეორეგისტრატორის გამოყენებისას, როგორც წესი, შესაძლოა არსებობდეს საკუთრების დაცვის, ცალკეულ შემთხვევებში პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის (მძღოლების, მგზავრების, სატრანსპორტო საშუალების), ან სხვა ლეგიტიმური მიზანი. აღნიშნული ინფორმაცია, ასევე, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ავტოსაგზაო შემთხვევისას მტკიცებულების სახით. ხოლო, გარე სივრცის ვიდეომონიტორინგის განხორციელება, არა მხოლოდ ორგანიზაციის, არამედ უშუალოდ დასაქმებული პირის - მძღოლის ინტერესებშიც შესაძლოა შედიოდეს, კერძოდ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევისას პასუხისმგებელი პირის განსაზღვრისა და ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება. ამასთან, მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ფიზიკური პირების ინტერესები, რომლებიც ვიდეომონიტორინგის ხედვის არეალში ექცევიან და არ მოხდეს მათ უფლებებში გაუმართლებელი ჩარევა.

 

სატრანსპორტო საშუალების შიდა სივრცის ვიდეომონიტორინგი

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციას სურს განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების შიდა სივრცის ვიდეომონიტორინგი, რა დროსაც შესაფასებელია არა მხოლოდ მესამე პირთა (მაგალითად, მგზავრთა), არამედ მასთან დასაქმებული პირის (მძღოლის) მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხი.

კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დასაქმებულ პირთა სამუშაო სივრცე/პროცესი ვიდეომონიტორინგს შესაძლოა ექვემდებარებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სხვაგვარად ვიდეომონიტორინგის თავდაპირველად განსაზღვრული მიზნები ვერ მიიღწევა, ან აღნიშნული მოითხოვს არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას. იმ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზაცია გადაწყვეტს სატრანსპორტო საშუალების შიდა სივრცის ვიდეოჩაწერას, მნიშვნელოვანია შეაფასოს რამდენად წარმოადგენს აღნიშნული მის მიერ განსაზღვრული მიზნების მიღწევისთვის აუცილებელ საშუალებას. მასთან, მონაცემთა დამუშავების მსგავს შემთხვევაში დასაქმებული პირი წერილობით უნდა იქნეს გაფრთხილებული ვიდეომონიტორინგის განხორციელების კონკრეტულ მიზანთან დაკავშირებით.

ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მყოფი სხვა პირების ინფორმირებისთვის, შიდა სივრცეში უნდა განთავსდეს გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც მიაწვდის პირს ინფორმაციას ვიდეომონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით (შესაბამისი წარწერა და გამოსახულება), ასევე, აღნიშნულ სივრცეში ვიდეომონიტორინგის განმახორციელებელი პირის მონაცემებს (მაგალითად, ორგანიზაციის სახელწოდება, ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი, რომელსაც გააჩნია ვიდეომონიტორინგის განხორციელების მიზანი, ასევე მისი საკონტაქტო მონაცემები).[12]

 

ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით აუდიომონიტორინგის განხორციელება

 

აუდიომონიტორინგი მონაცემთა დამუშავების დამოუკიდებელ პროცესს წარმოადგენს, რომელიც მოიაზრებს საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხმოვანი სიგნალის მონაცემთა დამუშავებას, აუდიოკონტროლის ან/და აუდიოჩაწერის გზით.[13] ვიდეორეგისტრატორების მოწყობილობების დიდი ნაწილი, გარდა ვიდეოჩაწერისა, დამატებით აუდიომონიტორინგის განხორციელების ფუნქციითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ფიზიკური პირების კომუნიკაციის ჩაწერა.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, აუდიომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია:

  • მონაცემთა სუბიექტის თანხმობით;
  • საოქმო ჩანაწერის საწარმოებლად;
  • საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, თუ განსაზღვრულია სათანადო და კონკრეტული ღონისძიებები მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.[14]

ასევე, მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულოა მონაცემთა დამუშავების შესახებ პირთა სათანადო ინფორმირება, კერძოდ:

  • მონაცემთა სუბიექტის სიტყვიერი ინფორმირება ვიდეომონიტორინგთან დაკავშირებით: დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წინასწარ/აუდიომონიტორინგის დაწყებისთანავე გააფრთხილოს მონაცემთა სუბიექტი აუდიომონიტორინგის განხორციელების შესახებ და განუმარტოს უარის თქმის თაობაზე მისი უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • აუდიომონიტორინგის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნით ინფორმირება: გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა შეიცავდეს აუდიომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ წარწერას, მარტივად აღქმად გამოსახულებას და აუდიომონიტორინგის განხორციელების მიზნის მქონე პირის (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი) სახელწოდებასა და მის საკონტაქტო მონაცემებს.[15]

მონაცემთა დამუშავების პრინციპების, განსაკუთრებით კი მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით ვიდეომონიტორინგთან ერთად, დამატებით აუდიომონიტორინგის განხორციელება რთულია მიჩნეულ იქნეს მონაცემთა დამუშავების კანონიერ ქმედებად, ვინაიდან მიზნების მიღწევა, რაც ვიდეორეგისტრატორის მოწყობილობით სარგებლობისას პირებს შესაძლოა პრაქტიკაში გააჩნდეთ (მტკიცებულების შეგროვება ავტოსაგზაო შემთხვევისას, პირის უსაფრთხოების, საკუთრების დაცვის მიზანი და ა.შ.), მხოლოდ ვიდეოჩაწერის გზითაც არის შესაძლებელი. უმეტესად, დამატებით აუდიოჩაწერის განხორციელება მძღოლის და სხვა მგზავრების, მესამე პირების უფლებებში, განსაკუთრებით კი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში, მომეტებულ, არაპროპორციულ ჩარევას შეიძლება წარმოადგენდეს. ასევე, მხედველობაშია მისაღები, რომ ვიდეორეგისტრატორით აუდიოჩაწერის ფარგლებში შესაძლოა ექცეოდეს აღნიშნულ პირთა პირადი საუბრები, შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ, მაგალითად, აუდიომონიტორინგის განხორციელების აღმატებული ინტერესი იარსებებს, მნიშვნელოვანია მისი მეშვეობით მონაცემების დამუშავება მხოლოდ რეალური საჭიროებიდან გამომდინარეობდეს და კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდეს.[16]

 

ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას გასათვალისწინებელი წესები და რეკომენდაციები

 

ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით მონაცემთა დამუშავება არ არის აკრძალული, თუმცა იმისათვის, რომ აღნიშნული პროცესი კანონიერად იქნეს მიჩნეული, თითოეულ შემთხვევაში, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული შემდეგი საკითხები:

  • მიზანი: ვიდეორეგისტრატორით სარგებლობისას მნიშვნელოვანია შეფასდეს რა ლეგიტიმური ინტერესი გააჩნია ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შიდა ან/და გარე სივრცის ვიდეოჩაწერისთვის. აღნიშნული არ უნდა იყოს აბსტრაქტული/თეორიული მიზანი, შესაბამისობაში უნდა იყოს რეალურ საჭიროებებთან - მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის ვიდეომტკიცებულების მოპოვება/შეგროვება;
  • ხედვის არეალი: საჯარო სივრცის ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას ხედვის არეალი უნდა შეესაბამებოდეს თავდაპირველად განსაზღვრულ მიზანს, აღნიშნული ემსახურება მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის დაცვას, რაც მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. ამასთან, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ვიდეორეგისტრატორის თანამედროვე მოდელების შესაძლებლობები, და გამოსახულების ხარისხი რეგულირებულ იქნეს იმგვარად, რომ ფიზიკური პირების იდენტიფიცირება შესაძლებელი იყოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების უახლოეს პერიმეტრზე;[17]
  • ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობა და შენახვის ვადა - ვიდეორეგისტრატორის ფუნქციის გათვალისწინებით საკმარისი ვერ იქნება მხოლოდ ვიდეოკონტროლის განხორციელება და აუცილებელია ვიდეოჩანაწერის არსებობა, რომლის ხანგრძლივობა და შენახვის ვადები არ უნდა იყოს განუსაზღვრელი და უნდა შეესაბამებოდეს ვიდეომონიტორინგის მიზნებს. ევროპის საზედამხედველო ორგანოთა დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულების შეგროვების მიზნებისთვის საკმარისია მოხდეს შემთხვევის 3 (სამი) ან 5 (ხუთი) წუთიანი ჩანაწერის წარმოება. თუ ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა დამოკიდებულია პირის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე ან მეხსიერების ბარათის მოცულობაზე (მაგალითად, როდესაც ვიდეოჩანაწერის წაშლა ტექნიკურად მოხდება მისი სხვა ჩანაწერით გადაწერის შედეგად) აღნიშნული არ იქნება შესაბამისობაში კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებთან და მისი სხვა მიზნებისთვის ან ბოროტად გამოყენების რისკები მატულობს. ამასთან, რეკომენდებულია, რომ ვიდეოჩაწერა ხდებოდეს ავტომატურ რეჟიმში წინასწარ განსაზღვრული იმპულსების შესაბამისად (მკვეთრი დამუხრუჭების, მოხვევის, აჩქარების მანევრების ან დარტყმის სენსორის მეშვეობით),[18] ხოლო ვიდეოჩანაწერები ინახებოდეს იმ ვადით, რაც შეიძლება აუცილებელი იყოს მისი თავდაპირველი მიზნით დროული სარგებლობისთვის (როგორც წესი, 24 საათიანი ვადა აღნიშნულისთვის საკმარისადაა მიჩნეული[19]) ავტოსაგზაო შემთხვევებში;
  • თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესაძლოა არასამუშაო დროს/მიზნებისთვის დასაქმებული პირი სარგებლობდეს, აღნიშნულ პერიოდში ვიდეორეგისტრატორის ფუნქციონირება უნდა შეიზღუდოს;
  • ორგანიზაციები, ასევე პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ვიდეორეგისტრატორით მოსარგებლე ფიზიკური პირები ვალდებული არიან მოახდინონ პირთა ინფორმირება, გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინოდ განთავსებით, გარე და, საჭიროების შემთხვევაში, შიდა სივრცეში. დამატებით, თუ დამსაქმებელი ახორციელებს ვიდეოჩაწერას, მან წერილობით უნდა მოახდინოს მძღოლის ინფორმირება კონკრეტული მიზნის შესახებ. ასევე, აღნიშნულმა პირებმა უნდა შეიმუშაონ ვიდეომონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება ვიდეომონიტორინგის მიზანი და მოცულობა, ვიდეომონიტორინგის ხანგრძლივობა და ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა, ვიდეოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.
    • მონაცემთა უსაფრთხოება: ვიდეოჩაწერის განმახორციელებელი პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ვიდეოჩანაწერებზე წვდომა არ ექნებათ მესამე პირებს, ასევე არ მოხდება მისი უნებართვო თუ არაკანონიერი გავრცელება. ვიდეოჩანაწერში სხვა პირების ვიზუალური გამოსახულების ასახვის შემთხვევაში (მაგალითად, ტროტუარზე გადაადგილებული პირები), აუცილებელია მათი ინტერესების მხედველობაში მიღება (სახის გამოსახულების ფოკუსიდან გამოყვანით/გაბუნდოვანებით (“დაბლარვით”)).
  • ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერის მესამე პირებისთვის გამჟღავნებისგან, ასევე მისი გავრცელებისგან სოციალური ქსელების, თუ სხვა აპლიკაციების მეშვეობით, რაც ვერ იქნება მიჩნეული ვიდეომონიტორინგის განხორციელების მიზნებთან შესაბამისად. გამონაკლისია, როდესაც აღნიშნული კანონის მოთხოვნათა შესრულებას ან აღმატებული ლეგიტიმური ინტერესების დაცვას ემსახურება.
 

 

რეკომენდაციაში განხილული საკითხების გათვალისწინებით, ვიდეორეგისტრატორის ფუნქციონირების პროცესში, უმეტესად, ფიზიკური პირების აუდიო-ვიზუალური ინფორმაცია გროვდება, რაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და საერთაშორისო კანონმდებლობის, მათ შორის, ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების შემთხვევას წარმოადგენს.

ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ვიდეორეგისტრატორით სარგებლობისას, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული არა მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის, არამედ იმ პირთა ლეგიტიმური ინტერესები, რომლებიც აღნიშნული მოწყობილობის მეშვეობით ვიდეო თუ აუდიოჩაწერას დაექვემდებარებიან. როგორც წესი, საჯარო სივრცეში გადაადგილებისას ფიზიკური პირებისთვის რთული აღსაქმელია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ვიდეომონიტორინგს დაექვემდებარებიან. შესაბამისად, გარდა აღნიშნული გზით მონაცემთა დამუშავების თანმდევი რისკებისა, დიდია საფრთხე, რომ მონაცემთა სუბიექტებს კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა შეეზღუდოთ. ამასთან, ვიდეორეგისტრატორის ავტოსატრანსპორტო საშუალების შიდა სივრცეში ფუნქციონირების შემთხვევაში, მოწყობილობის ხედვის არეალის თუ დამატებითი ფუნქციონალების (მაგალითად, აუდიომონიტორინგის) გათვალისწინებით, მატულობს აღნიშნულ სივრცეში მყოფ ფიზიკურ პირთა, კერძოდ, მძღოლისა და მგზავრის უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვის რისკები.

ზემოხსენებულ შემთხვევებში კანონის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად, რეკომენდებულია პირმა, უპირველესად, შეაფასოს რა მიზნით სურს ვიდეორეგისტრატორით სარგებლობა და გაითვალისწინოს აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში განხილული წესები და რჩევები. წინამდებარე რეკომენდაციაში განხილული საკითხები, რჩევები მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული, რათა, ერთი მხრივ, ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების პროცესი კანონშესაბამისად წარიმართოს, ხოლო, მეორე მხრივ, მონაცემთა სუბიექტების უფლებების შეზღუდვა მინიმალურ დონეზე იქნეს დაყვანილი და გარანტირებული იყოს მათი ეფექტური დაცვა.

 

 

 

[1]„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი (3144-XIმს-Xმპ, 14.6.2023), მუხლი 3, პუნქტი „ვ“ და „ღ“.

[2] Information Commissioner’s Office (ICO), Additional considerations for technologies other than CCTV - Surveillance in vehicles, <https://ico.org.uk/for-organisations/uk-gdpr-guidance-and-resources/cctv-and-video-surveillance/guidance-on-video-surveillance-including-cctv/additional-considerations-for-technologies-other-than-cctv/>.

[3] European Data Protection Booard (EDPB) Letter to MEP Körner Regarding in-car Video Cameras and Dashcams, 16.5.2025, <https://www.edpb.europa.eu/our-work-tools/our-documents/letters/edpb-letter-mep-korner-regarding-car-video-cameras-and_en>, OneTrust DataGuidance, Data protection Considerations for the Use of Dashcams in the EU - Part Two, 13.9.2024, <https://www.dataguidance.com/opinion/europe-data-protection-considerations-use-0>, OneTrust DataGuidance, Data protection Considerations for the Use of Dashcams in the EU - Part One, 30.6.2024, <https://www.dataguidance.com/opinion/europe-data-protection-considerations-use-dashcams>.

[4] EDPB, Guidelines 3/2019 on Processing of Personal Data through Video Devices, Version 2.0, 29 January 2020, §34.

[6] Onetrust DataGuidance, Europe: Data protection considerations for the use of dashcams in the EU - part one, <https://www.dataguidance.com/opinion/europe-data-protection-considerations-use-dashcams>.

[7] Der Hamburgische Beauftragte für Datenschutz und Informationsfreiheit, TÄTIGKEITSBERICHT DATENSCHUTZ, Bußgeld wegen des Betriebs einer Dashcam im Straßenverkehr, 2022, 123 pg., <https://datenschutz-hamburg.de/fileadmin/user_upload/HmbBfDI/Datenschutz/Taetigkeitsberichte_Datenschutz/Taetigkeitsberichte_PDF/Hamburg_Datenschutz_2022_web.pd>.

 

[8] The German Federal Court of Justice (BGH), judgment of May 15, 2018 – VI ZR 233/17.

[9] Der Hamburgische Beauftragte für Datenschutz und Informationsfreiheit, TÄTIGKEITSBERICHT DATENSCHUTZ, 2022, 123 pg., <https://datenschutz-hamburg.de/fileadmin/user_upload/HmbBfDI/Datenschutz/Taetigkeitsberichte_Datenschutz/Taetigkeitsberichte_PDF/Hamburg_Datenschutz_2022_web.pd>.

[10] LexGO, Belgian Privacy Commission's Position on the Use of Dashcams, 14.07.2024, <https://www.lexgo.be/en/news-and-articles/2309-belgian-privacy-commission-s-position-on-the-use-of-dashcams>.

[12] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი (3144-XIმს-Xმპ, 14.6.2023), მუხლი 10, პუნქტი 9.

[13] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი (3144-XIმს-Xმპ, 14.6.2023), მუხლი 3, პუნქტი „ყ“.

[14] იქვე, მუხლი 11, პუნქტი 1.

[15] იქვე, პუნქტები 3 და 4.

[17] The Datenschutzbehörde (DSB Austria), Dashcams - Local Restriction, <https://dsb.gv.at/faqs/foto-video>.

[18] The Datenschutzbehörde (DSB Austria), Dashcams, <https://dsb.gv.at/faqs/foto-video>.

[19] Onetrust DataGuidance, Europe: Data protection Considerations for the Use of Dashcams in the EU - Part Two, <https://www.dataguidance.com/opinion/europe-data-protection-considerations-use-0>.