2022-11-18
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრას“ მასპინძლობს
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2022 წლის „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრას“ (“European Case Handling Workshop” (ECHW)) მასპინძლობს.
შეხვედრა ქ. თბილისში იმართება და მას ევროპის 26 ქვეყნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 50-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მიმდინარე წლის ღონისძიება შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების მიერ ინსპექტირების ჩატარების ეტაპები; მონაცემთა დაცვა სოციალურ მედიაში და გამონაკლისები ეროვნულ კანონმდებლობაში; მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა; პერსონალური მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი და სხვა.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა.
,,მზარდი ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ჩვენი მისიაა პერსონალური მონაცემების დაცვის კულტურის ამაღლება და მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვა. მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები აღნიშნულის განხორციელებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კიდევ ერთხელ გამოკვეთს საერთაშორისო ინტერაქტიული პლატფორმების მნიშვნელობას, რომელიც ეხმარება კოლეგა საზედამხედველო ორგანოებს გააუმჯობესონ საქმიანობის სტრატეგიული პოლიტიკა და დანერგონ საუკეთესო სტანდარტები საერთო გამოწვევების დასაძლევად- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებს, სიტყვით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - ანი ბირგიტ ჰანსენი და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმღვანელი -ანა მონტავონი.
„ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრა“ არის ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების მონაწილეობით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. სამუშაო შეხვედრა 1999 წლიდან იმართება და ჰელსინკის საგაზაფხულო კონფერენციიდან იღებს სათავეს, სადაც ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები შეთანხმდნენ მონაცემთა დაცვის სფეროში მომუშავე პრაქტიკოსთა მონაწილეობით სამუშაო შეხვედრის ჩატარებაზე. აღნიშნული მიზნად ისახავდა საჩივრების განხილვის პროცედურების შედარებასა და ტრანსსასაზღვრო საჩივრების განხილვის ხელშეწყობას. სამუშაო შეხვედრა წარმოადგენს „მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპული კონფერენციის“ (ე. წ. „საგაზაფხულო კონფერენცია“) ერთგვარ გაგრძელებას, თუმცა განსხვავებული ფორმატით, კერძოდ, სამუშაო ფორუმის სახით. იგი აყალიბებს სადისკუსიო პლატფორმას შესაბამისი პრაქტიკული საკითხების განხილვისა და საზედამხედველო ორგანოთა მიერ საქმისწარმოების პროცესში არსებული გამოწვევების ანალიზის, ასევე, მათი გადაჭრის გზების შესახებ მსჯელობის მიზნით.
ყოველწლიურად სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილება მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის აღსრულების სხვადასხვა საკითხები, აგრეთვე, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებისათვის საქმისწარმოების საერთაშორისო სტანდარტები. სამუშაო შეხვედრის მიზანია მონაცემთა დაცვის სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებისთვის გამოცდილების გაზიარება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა:
• მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მიღებული საჩივრები და იდენტიფიცირება;
• ძირითადი გამოწვევები, რომელთაც მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები მუშაობის პროცესში აწყდებიან;
• სექტორები, რომლებთან დაკავშირებით მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები იღებენ საჩივრების უმრავლესობას ან არსებობს ალბათობა, რომ მომავალში მიიღებენ საჩივრებს.
2022 წლის სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა საზეიმო მიღება 17 ნოემბერს გაიმართა. შემდეგი ორი სამუშაო დღე კი 6 ძირითად პანელურ სექციას აერთიანებს. პირველი სამუშაო დღის ფარგლებში განხილული იქნება: ინსპექტირების ეტაპები, კერძოდ, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიერ ინსპექტირების დაგეგმვა; გადაწყვეტილების მიღების პროცესი; გადაწყვეტილების სტრუქტურა და მეთოდოლოგია; მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
ღონისძიების მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს 16 ქვეყნის 25-ზე მეტი მომხსენებელი. ასევე, „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველისა“ (“European Data Protection Supervisor” (EDPS)) და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ (“International Committee of the Red Cross” (ICRC)) წარმომადგენლები.