2023-03-01
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და მისი სამართლებრივი ასპექტები საქართველოში
1 მარტს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და მისი სამართლებრივი ასპექტები საქართველოში“.
აღნიშნული კონფერენციით, სამსახურმა შექმნიდან ერთი წელი აღნიშნა.
ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა გახსნა, რომელმაც სამსახურის გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და სფეროში არსებული გამოწვევები მიმოიხილა.
ლელა ჯანაშვილის განცხადებით, გასული 1 წლის განმავლობაში სამსახურმა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთი შეხვედრა თუ აქტივობა განახორციელა, რომლის მიზანსაც სამსახურის ინსტიტუციური ცნობადობის ზრდა, მონაცემთა დაცვის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება და უწყების ინსტიტუციური განვითარება წარმოადგენდა.
სიტყვით გამოსვლისას, ლელა ჯანაშვილმა სამსახურის მიერ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობაზე გაამახვილა ყურადღება:
· სამსახურის მისიას და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის დამკვიდრება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ამ მიზნით, საანგარიშო პერიოდში სამსახური აქტიურად ატარებდა საინფორმაციო შეხვედრებს, საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის, სამართალდამცავ ორგანოთათვის; სხვადასხვა აქტივობებს - მათ შორის კონკურსებს საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში.
· აღსანიშნავია, რომ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არსებობის ისტორიაში პირველად დაფუძნდა ორენოვანი, სამეცნიერო, პერიოდული გამოცემა — „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი“ და გამოიცა პირველი ნომერი, რომელიც მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
· განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ნოემბერში, თბილისში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით მაღალ დონეზე ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი ─ „ევროპის საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრა“, რომლის მიზანს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.
· სამსახურის მიერ შემუშავებულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების სტრატეგია“, რომელიც აყალიბებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური განვითარების სამომავლო ხედვას, განსაზღვრავს ძირითად სტრატეგიულ ამოცანებსა და აქტივობებს. აღნიშნული უზრუნველყოფს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან მე-4 პუნქტის შესრულებას, რომელიც შეეხება ახლადდაარსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იმ რესურსებით აღჭურვას, რომლებიც მის მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოფს მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ამ კუთხით ხაზგასასმელია წარმომადგენლობითი ოფისის დაარსება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც უახლოეს მომავალში ოფიციალურად დაიწყებს ფუნქციონირებას. სამსახურის შიდაინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით აღსანიშნავია გეგმური ინსპექტირებების დეპარტამენტი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში შეიქმნა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შემდეგ, დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - მიხეილ სარჯველაძემ. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ─ ასოც. პროფ., დოქტ. თამარ ზარანდიამ.
კონფერენცია 4 პანელურ სესიად იყო დაყოფილი, რომლის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, ასევე სასამართლო კორპუსის, აკადემიური სფეროსა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა მოხსენებები წარუდგინეს, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართლებრივი სტატუსის, არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების, კორპორაციული მართვისა და სასამართლო პრაქტიკის შესახებ.
კონფერენციაში, სპეციალური სტუმრის სტატუსით, დისტანციურად მიიღო მონაწილეობა ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის (EDPS) ოფისის დირექტორმა - ლეონარდო სერვერა ნავასმა.
კონფერენციის შემაჯამებელი ნაწილი კითხვა / პასუხსა და დისკუსიას დაეთმო.