გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2023-03-13
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მოქალაქის განცხადების საფუძველზე შეისწავლა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მასთან დასაქმებული პირის მიმართ ჩატარებული დისციპლინური წარმოების შედეგის შესახებ ინფორმაციის სხვა პირისთვის გამჟღავნების საკითხი.
შესწავლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ მერიისთვის წერილობითი შეტყობინებით ცნობილი გახდა მასთან დასაქმებული ერთ-ერთი პირის მიერ სასამართლო დავაში წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ - რაც თანამშრომლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენდა.
აღნიშნულის საფუძველზე მერიამ საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის წესების დარღვევის გამო ჩაატარა დისციპლინური წარმოება და თანამშრომელს სახდელად განუსაზღვრა „საყვედური“. დასაქმებულის თანამდებობის ზუსტი აღწერილობისა და სახდელის კონკრეტული ზომის შესახებ კი დეტალური ინფორმაცია აცნობა შეტყობინების ავტორს.
შესაბამისად, მერიის თანამშრომელმა თავისი პირადი ინფორმაციის სხვა პირისთვის გადაცემის საკითხი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში გაასაჩივრა.
სამსახურში საქმის განხილვის ფარგლებში, მერიამ განმარტა, რომ დისციპლინური წარმოების შედეგის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება განპირობებული იყო შეტყობინების წარმდგენი პირის სამართლებრივი სტატუსით - კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ ის მიიჩნია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულო კოდექსით გათვალისწინებულ დაინტერესებულ მხარედ, რომლის მიმართაც ინფორმირების ვალდებულება კოდექსიდან გამომდინარეობდა.
მერიამ ასევე მიუთითა, რომ თავადაც იყო დაინტერესებული გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია იმ მოქალაქისთვის მიეწოდებინა, რომელიც პირადად შეესწრო დისციპლინური გადაცდომის ფაქტს და შესაძლოა ამის გამო უნდობლობა გასჩენოდა უწყების მიმართ.
შესწავლის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ ვინაიდან დისციპლინური წარმოების შედეგს პირდაპირი და უშუალო გავლენა ვერ ექნებოდა მერიაში შეტყობინების წარმდგენი პირის ინტერესებზე, იგი საჯარო დაწესებულებამ არასწორად მიიჩნია კოდექსის მიზნებისთვის დაინტერესებულ მხარედ.
ასევე, მოცემულ საქმეში სამსახურმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის ინტერესთან ერთად იკვეთებოდა მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულების კანონიერი ინტერესი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებაში დაერწმუნებინა შეტყობინების ავტორი.
სამსახურმა გაითვალისწინა, რომ საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მიზანია, მათ შორის, საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა. ამასთან, კონფიდენციალური ინფორმაცია, ლეგიტიმური მიზნებისა და სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებაროს გამჟღავნებას. აღნიშნულის სრულად შეზღუდვამ, შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოების წინაშე ადმინისტრაციული ორგანოს ანგარიშვალდებულების ხარისხის შემცირება და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების რისკიც. აქედან გამომდინარე, სამსახურის შეფასებით, პასუხისმგებლიანი მიდგომის დემონსტრირებისთვის მერიას შესაძლოა ჰქონოდა შეტყობინების ავტორისთვის განმცხადებლის პერსონალური მონაცემების გამჟღავნების ინტერესი, თუმცა, ეს უნდა განეხორციელებინა მონაცემთა დამუშავების პრინციპების გათვალისწინებით.