ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-03-31

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პარლამენტს სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უმაღლეს საკანონდებლო ორგანოს  2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტი ოთხი ნაწილისგან შედგება და მოიცავს:  სამსახურის საქმიანობის, შიდაორგანიზაციულ და ფინანსურ ანგარიშებს, ასევე,  სამსახურის გაძლიერების სტრატეგიული განვითარების კონცეფციასა  და სამომავლო გეგმას. გარდა ამისა,  წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემი სამსახურის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ 2022 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე.  

სტატისტიკური მონაცემები

აღსანიშნავია, რომ გასული წლის  სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაზრდილია სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მომართვიანობა და განხორციელებული ინსპექტირების რაოდენობა. საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა მიიღო 447  განცხადება/შეტყობინება, რომელთაგან 277 (62%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო დაწესებულებებში,  93 (21%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 77 (17%) — სამართალდამცავ ორგანოებში. 2022 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამსახურმა ჩაატარა 149  მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება). სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 157 ფაქტი. გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 64% (101) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 27% (42) — საჯარო სექტორში, ხოლო 9% (14) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას. გაცემულ იქნა ჯამში 222  დავალება და რეკომენდაცია, რომელთაგან 53% (119) მიემართებოდა კერძო დაწესებულებებს, 40% (88) — საჯარო დაწესებულებებს, ხოლო 7% (15) — სამართალდამცავ ორგანოებს. საანგარიშო პერიოდში, სამსახურის მიერ გაწეული იქნა 3292 კონსულტაცია (ზეპირი - სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში, ასევე წერილობითი ფორმით.). პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 176 შემთხვევაში გამოიყენა.

 

შეხვედრები, ტრენინგები და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები

სამსახურის მისიას და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს საზოგადოებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის დამკვიდრება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ამ მიზნით, სამსახური საანგარიშო პერიოდში აქტიურად ატარებდა  საინფორმაციო შეხვედრებს, საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოთათვის. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ჩატარდა საქართველოს რეგიონებშიც. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში სამსახურმა ჩაატარა 36 შეხვედრა 1007 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი წარმოადგენდა როგორც მონაცემთა სუბიექტს, ისე — მონაცემთა დამმუშავებელს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არსებობის ისტორიაში პირველად დაფუძნდა ორენოვანი, სამეცნიერო, პერიოდული გამოცემა — „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი“. ასევე, ხაზგასასმელია, რომ დამტკიცდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმისწარმოების წესი, რომლის მიზანია სამსახურში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა და სამსახურის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება. გარდა აღნიშნულისა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 4016 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რაც გულისხმობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 28 დეკემბრის №01/250 ბრძანებით დამტკიცდა შესაბამისი ღონისძიებების გატარების წესი. კერძოდ, განისაზღვრა ამ უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სამსახურში კონტროლის ელექტრონული სისტემების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შეუფერხებლად განხორციელებას.  

საერთაშორისო ურთიერთობები

სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საერთაშორისო ინსტიტუციური ცნობადობის ზრდა, საზღვარგარეთის მონაცემთა დაცვის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში:
  • გაფორმდა მემორანდუმები ხორვატიისა და იტალიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან;
  • სამსახური, როგორც „მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპული კონფერენციის“ (“European Conference of Data Protection Authorities”), ე. წ.  „საგაზაფხულო კონფერენციის“ აკრედიტირებული წევრი, წარმოდგენილი იყო 2022 წლის რიგით 30-ე კონფერენციაზეც. კონფერენცია ხორვატიის მონაცემთა დაცვის ორგანოს მასპინძლობით გაიმართა, რომლის ფარგლებში სამსახურის უფროსი პლენარულ სესიაზე მოხსენებით წარსდგა.
  • სამსახურმა „საინფორმაციო კომისრების საერთაშორისო კონფერენციის“ (“International Conference of Information Commissioners”) დამკვირვებლის სტატუსი მოიპოვა.
  • სამსახური გაწევრიანდა ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის ექსპერტთა კომიტეტში (“Committee on Artificial Intelligence” (CAI)) და წარმომადგენლის მეშვეობით აქტიურად ჩაერთო კომიტეტის პლენარულ სხდომებზე გამართულ მსჯელობაში.
  • 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტში (“T-PD”) ახალი დელეგაცია წარედგინა;
  • სამსახური ,,პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის'' (GPA) ფარგლებში სამუშაო ჯგუფის - „მონაცემთა დაცვის შეფასების სამუშაო ჯგუფის“ (“Working Groups on Data Protection Metrics”) თანათავმჯდომარე და „ასამბლეის სამდივნოს შესარჩევი კომისიის“ (“GPA Secretariat Selection Committee”) წევრი გახდა.
  • გასული წლის ნოემბერში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრას (“European Case Handling Workshop”) უმასპინძლა.
  რაც შეეხება სამსახურის გაძლიერების სტრატეგიული განვითარების კონცეფციასა  და სამომავლო გეგმას, 2023 წელს სამსახური განაგრძობს ინსტიტუციურ განვითარებას შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით:
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სამსახურის ორგანიზაციული განვითარება;
  • ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
  • სამსახურის საერთაშორისო ინსტიტუციური ცნობადობის გაძლიერება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
  იხილეთ ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსია

მსგავსი სიახლეები