2023-04-12
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ მეორე გამოცემისთვის სამეცნიერო ნაშრომთა მიღებას იწყებს
სამეცნიერო ნაშრომთა მიღება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ № 2 გამოცემისთვის
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ შესახებ:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი“ არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორენოვანი, საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიის მქონე, სამეცნიერო პერიოდული გამოცემა. მისი დაარსება „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის“ (GDPR) ამოქმედებიდან მეოთხე საიუბილეო თარიღს უკავშირდება. ჟურნალის ძირითადი ორიენტირი საჯარო სამართლის დარგობრივი მიმართულებით შედარებითსამართლებრივი დისკურსის წარმართვა და მკვლევართა სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბებაა. მისი მიზანია აქტუალურ საკითხთა სამართლებრივი ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება. ჟურნალის მისიაა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ევროპულ სამართალთან, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა და დარგობრივი კვლევის შედეგების გაზიარება აკადემიური წრის, პრაქტიკოსი იურისტებისა და ზოგადად, მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის.
ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ, მატერიალური და ელექტრონული ფორმით, ორი დამოუკიდებელი — ქართულ და ინგლისურენოვანი გამოცემების სახით (სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი მატერიალური ვერსიისთვის: P-ISSN 2720-8753, ხოლო ელექტრონული ვერსიისთვის — E-ISSN 2720-8761). მასში ქვეყნდება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა, განსაკუთრებით კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის დარგში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის, სამეცნიერო სტატია, აკადემიურ მიმოხილვა (რეცენზია), სამართლის პრაქტიკის ანალიზი, უცხოენოვანი სამეცნიერო ნაშრომის თარგმანი.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ 2023 წლის პირველი გამოცემა მიეძღვნა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს — 28 იანვარს. პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია წინამდებარე
ბმულის მეშვეობით.
- ინფორმაცია სარედაქციო კოლეგიის შესახებ:
ჟურნალის სამეცნიერო სტატუსის განმტკიცების, მისი საერთაშორისო ცნობადობის, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ჟურნალს ჰყავს რედაქცია, რომელიც ახორციელებს ჟურნალის საგამომცემლო საქმიანობის მართვას. სარედაქციო კოლეგია წარმოადგენს ჟურნალის კოლეგიურ ორგანოს, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, ასევე, ჟურნალის დარგობრივ სფეროში სამართლის პრაქტიკის კვალიფიციური წარმომადგენლების მიერ:
მთავარი რედაქტორი:
ასოც. პროფ., დოქტ., დოქტ. ლელა ჯანაშვილი,
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი;
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი
სარედაქციო კოლეგია:
პროფ. დოქტ. გიორგი ხუბუა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ბერლინის შტაინბაის უნივერსიტეტის რექტორი;
პროფ. დოქტ. პაატა ტურავა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
დოქტ. ოთარ ჩახუნაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
პროფ. დოქტ. ნორბერტ ბერნსდორფი, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი; გერმანიის სოციალურ საკითხთა ფედერალური სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
პროფ. დოქტ. გერდ ვინტერი, ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი;
პროფ. დოქტ. ხუან რამონ ფერეირო გალგერა, ოვიედოს უნივერსიტეტის პროფესორი;
პროფ. დოქტ. როსერ მარტინეზ, ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორი;
პროფ. დოქტ. ხოსე ხულიო ფერნანდეს როდრიგეს, სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტის პროფესორი;
პროფ. დოქტ. ტანელ კერიკმეე, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი;
პროფ. დოქტ. ტიჰომირ კატულიჩი, ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი;
დოქტ. ენდრი გიოზო საბო, უნგრეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტის მოადგილე;
ეშვინი კუმარი, გიოტინგენის უნივერსიტეტი (LL.M.); ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარი.
ნებისმიერი სარედაქციო გადაწყვეტილება, მათ შორის, გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნაშრომის განხილვისა და მისი პუბლიკაციის თაობაზე გადაწყვეტილება, მიიღება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, აგრეთვე ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის, აკადემიური და ეთიკის სტანდარტების შესაბამისად და რეცენზენტთა ორმხრივად ფარული შეფასების გათვალისწინებით.
- აკადემიური მოთხოვნები და სხვა ინფორმაცია სამეცნიერო ნაშრომთა მიღების თაობაზე:
- ნაშრომთა მიღების ვადა: 12 აპრილი - 31 ივლისი
- სამეცნიერო ნაშრომთა გამოქვეყნების უფლებით სარგებლობენ:
საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების აკადემიური პერსონალი, მოწვეული ლექტორები, მკვლევრები, დოქტორანტები, მაგისტრები; ჟურნალის დარგობრივი სფეროს პრაქტიკოსი იურისტები; ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის მიერ მოწვეული ავტორები.
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სამეცნიერო სტატია შესაძლებელია, შესრულებული იყოს როგორც ერთი პირის ავტორობით, ისევე რამდენიმე პირის თანაავტორობით.
- ჟურნალის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (journal@pdps.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:
შევსებული განცხადება ჟურნალის მთავარი რედაქტორის სახელზე (
დანართი № 1);
სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მოიცავს ანოტაციასა და საკვანძო სიტყვებს (ჯამში არაუმეტეს 250 სიტყვა), ნაშრომის სრული ტექსტი (არაუმეტეს 20 გვერდისა), ბიბლიოგრაფია;
დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონე ავტორების შემთხვევაში ― სამეცნიერო ხელმძღვანელის ან ნაშრომის საკვლევი თემატიკის სფეროს წარმომადგენელი სამართლის სპეციალისტის დადებითი რეცენზია.
- ციტირების აკადემიური სტანდარტი:
გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნაშრომში გამოყენებული ლიტერატურა უნდა იყოს მითითებული აკადემიური კეთილსინდისიერების, ასევე, ჟურნალის აკადემიური ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის სახელმძღვანელო სტანდარტის დაცვით (
დანართი № 2). ნაშრომის მომზადების ეტაპზე მიზანშეწონილია შესაბამისი უცხოენოვანი წყაროების გამოყენება.
სამეცნიერო ნაშრომის ქართული ტექსტი უნდა იყოს შესრულებული Sylfaen_12 ფონტით, ინგლისურენოვანი ტექსტი ― Times New Roman_12 ფონტით, სქოლიო ― ამავე ფონტების 10 ზომით, სტრიქონებს შორის დაშორება ― ერთი ინტერვალი.
- რეცენზირების პროცესი და ნაშრომის გამოქვეყნება:
ავტორს შეუძლია, იმოქმედოს აკადემიური თავისუფლების ფარგლებში ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის, აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტისა და ეთიკის პრინციპების დაცვით. გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნაშრომი არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ტექსტს, სიძულვილის ენას, არაეთიკურ შეფასებებს, შეურაცხმყოფელ ანდა დამაკნინებელ მოსაზრებებს, ასევე, პიროვნულ კრიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომის შინაარსი ჩამოყალიბდეს მესამე პირთა პირადი ცხოვრების უფლების პატივისცემითა და პერსონალური მონაცემის დაცვით.
ნაშრომის ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენით, ავტორი ადასტურებს ნაშრომის აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით შესრულებას და მასში გამოყენებული ავთენტური სამეცნიერო წყაროების სათანადოდ აღნიშვნას. შესაბამისი ციტირებისა და აღნიშვნის გარეშე მესამე პირთა კვლევის/პუბლიკაციის/შრომის გამოყენების ანდა მითვისების, ასევე, ნაშრომის გამოქვეყნების შემდგომ, მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნაშრომთა ორმხრივად ფარული შეფასების მიზნით, ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკისა და ეთიკის სტანდარტის დაცვით, შეირჩევიან რეცენზენტები. სამეცნიერო სტატიათა რეცენზია ორმხრივად ფარულია, შესაბამისად, ავტორის ვინაობა უცნობია ნაშრომის რეცენზენტისთვის და პირიქით ― რეცენზენტის ვინაობა უცნობია ავტორისთვის. რეცენზირების ანონიმურობა უზრუნველყოფილია როგორც ნაშრომის შეფასების სხვადასხვა ეტაპზე, ისევე მისი დასრულებისა და ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ. რეცენზენტები შეირჩევიან დარგობრივი კომპეტენციისა და გამოცდილების/კვალიფიკაციის მიხედვით. ნაშრომი ფასდება ჟურნალის რედაქციის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სპეციალური სარეცენზიო ფორმის საშუალებით.
შეფასებისა და სარეცენზიო დასკვნის შემუშავების ეტაპზე, რეცენზენტი მოქმედებს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის სტანდარტითა და შეფასების წესების დაცვით. ნაშრომის შეფასების შედეგად, რეცენზენტის მიერ შეიძლება, გაიცეს გარკვეული ტექნიკური მითითებები და ერთ-ერთი წინამდებარე რეკომენდაცია:
ა)
ნაშრომი შესაძლებელია გამოქვეყნდეს (დადებითი რეცენზია);
ბ)
ნაშრომი გამოქვეყნებამდე საჭიროებს არსებით შინაარსობრივ-ტექნიკურ რედაქტირებას (დადებითი რეცენზია);
გ)
ნაშრომი არ უნდა გამოქვეყნდეს (უარყოფითი რეცენზია).
სამეცნიერო ნაშრომის რეცენზირება წარმატებით დასრულებულად მიიჩნევა, თუკი ორივე რეცენზენტი გასცემს დადებით დასკვნას. თუკი რეცენზიული შეფასების თანახმად, ნაშრომი გამოქვეყნებამდე საჭიროებს არსებით შინაარსობრივ-ტექნიკურ რედაქტირებას, ავტორი ვალდებულია, გაითვალისწინოს რეკომენდაცია, რომლის შესრულების ხარისხის შეფასების საფუძველზე, ნაშრომის გამოქვეყნებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ჟურნალის მთავარი რედაქტორი იღებს. თუკი ერთი რეცენზენტის შეფასება უარყოფითია, შეფასება ეგზავნება ავტორს რეცენზიული შენიშვნების გათვალისწინებისა და ნაშრომის შემდგომი კორექტირების მიზნით. ნაშრომის გამოქვეყნებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალის მთავარი რედაქტორი.
სამეცნიერო ნაშრომის ჟურნალში გამოქვეყნება უსასყიდლოა.