ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-05-15

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი - ლელა ჯანაშვილმა ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების კონფერენციის ერთ-ერთ პანელს მოდერაცია გაუწია


ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების კონფერენციაზე (“Spring Conference”) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა — ლელა ჯანაშვილმა მოდერაცია გაუწია პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატიკაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (CJEU) პრაქტიკის შესახებ პანელს. პანელური სესიის გახსნით ნაწილში ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრაქტიკის იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში. აგრეთვე, აღნიშნა, რომ საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკა მზარდი ტექნოლოგიური პროგრესის შესაბამისად ვითარდება და ასახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის თანამედროვე ტენდენციებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პანელის ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე მოხსენება წარადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტმა — დოქტ. მარკო ბოშნიაკმა. პანელის მეორე მომხსენებელმა — პროფ. დოქტ. ჰილკე ჰიმანსმა, რომელიც ბელგიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს დირექტორთა საბჭოს წევრი და სამართალწარმოების პალატის თავმჯდომარეა, ამასთანავე, არის საერთაშორისო მიგრაციის, დევნილთა და სისხლის სამართლის ექსპერტთა კომიტეტის (Meijers Committee) წევრი და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ლუქსემბურგის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, განიხილა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. პანელზე მოხსენებით ასევე წარსდგა უნგრეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს იურიდიული მრჩეველი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ადმინისტრაციული სამართლის ყოფილი მოსამართლე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტი — დოქტ. გერგელი ბარაბასი. მან ევროპის კავშირისა და უნგრეთის სამართლის ურთიერთმიმართებაზე ისაუბრა და განიხილა უახლესი სასამართლო პრაქტიკა. დასასრულს, ლელა ჯანაშვილმა შეაჯამა პანელი და მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს წარდგენილი პრეზენტაციებისთვის.   კონფერენციის მომდევნო პანელი კონფერენციის სამუშაო ჯგუფის წინა მოწვევის საქმიანობის შეჯამებას, 2022 წლის ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრის მიმოხილვასა და კონფერენციის მომდევნო მასპინძელი უწყების წარდგენას დაეთმო. პანელის ფარგლებში მოხსენებით წარსდგა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ანა თოხაძე, რომელმაც გასულ წელს თბილისში გამართული ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრის შინაარსობრივი ნაწილისა და ღონისძიების მონაწილეთა კმაყოფილების კვლევის შედეგები გააცნო. წარდგენილ იქნა ინფორმაცია ღონისძიების მონაწილე და მომხსენებელ პირთა რაოდენობაზე, აგრეთვე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემატურ საკითხებზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის განვითარებაში საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლის აღსანიშნად, მოხსენების ფარგლებში ანა თოხაძემ, ასევე, წარადგინა სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ქართული და ინგლისურენოვანი, საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიის მქონე, სამეცნიერო პერიოდული გამოცემა — „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი“. ჟურნალი მიზნად ისახავს დარგობრივი მიმართულებით შედარებითსამართლებრივი დისკურსის წარმართვასა და სამსახურის სახელით, მადლობა გადაუხადა ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველს — პროფ. დოქტ. ვოიჩეკ ვიევიოროვსკის, ხორვატიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს დირექტორს — ზდრავკო ვუკიჩს, იტალიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტს — პროფ. დოქტ. პასკუალე სტანციონეს ჟურნალის პირველ ნომერში გამოქვეყნებული მისასალმებელი წერილებისათვის, აგრეთვე, უნგრეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტს — პროფ. დოქტ. ატილა პეტერფალვსა და მის კოლეგას — დოქტ. დანიელ ესტერის გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიისათვის. ამასთანავე, აუდიტორიას წარედგინა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ ოფიციალური საიტი (www.journal.pdps.ge), სადაც პუბლიკაციის ქართულენოვან ვერსიასთან ერთად, ხელმისაწვდომია ჟურნალის ინგლისურენოვანი გამოცემა ( https://journal.pdps.ge/doc/English%20Version%20Journal.pdf ).

მსგავსი სიახლეები