2024-08-21
რა უნდა ვიცოდეთ ვიდეომონიტორინგის შესახებ
ვიდეომონიტორინგი არის საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიზუალური გამოსახულების დამუშავება, ვიდეოკონტროლის ან/და ვიდეოჩაწერის გზით.
ვიდეომონიტორინგის სისტემა შესაძლებელია მუშაობდეს როგორც ჩაწერის (ჩანაწერების შექმნის), ისე - მიმდინარე (ნაკადური) მონაცემების რეალურ დროში გადაცემის რეჟიმში, მათ შორის, ფოტოსურათების გადაღების ან თერმული გამოსახულების ჩაწერის/გადაცემის გზით.
ვიდეოჩანაწერი პერსონალურ მონაცემად განიხილება, თუკი ვიზუალური გამოსახულება იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას.
ვიდეომონიტორინგი დასაშვებია, თუ იგი მიზნად ისახავს შემდეგი ამოცანების შესრულებას:
- დანაშაულის თავიდან აცილება ან მისი გამოვლენა;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოება;
- პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა;
- არასრულწლოვანის დაცვა (მათ შორის, მავნე ზეგავლენისგან დაცვა);
- საიდუმლო ინფორმაციის დაცვა;
- გამოცდის/ტესტირების მიზნები;
- სხვა ლეგიტიმური მიზანი.
ვიდეომონიტორინგის დასაშვებობის აუცილებელი კომპონენტი - ვიდეომონიტორინგის განხორციელება ზემოთ აღნიშნული მიზნების ადეკვატური და პროპორციული საშუალება უნდა იყოს.
ვიდეომონიტორინგის განხორციელება აკრძალულია:
- გამოსაცვლელ ოთახებში;
- ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში;
- ისეთ სივრცეებში, სადაც მონაცემთა სუბიექტს პირადი ცხოვრების დაცულობის გონივრული მოლოდინი აქვს (მაგ.: სამუშაო ადგილზე მოწყობილი მოსასვენებელი სივრცე);
- საყოველთაოდ აღიარებული ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო შემთხვევებში.
რეალურ დროში ვიდეომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების მიერ განსაზღვრული, ვიდეოჩანაწერებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირების (მაგ.: დაცვის ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი) მიერ. რეალურ დროში გადაცემის რეჟიმის გამოსახულება კი ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს სხვა, წვდომაზე არაუფლებამოსილი პირებისთვის.
ვიდეომონიტორინგის განხორციელების გზით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს:
- საჯარო სივრცეში - მაგ. ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ადმინისტრაციული ორგანოს შენობის პერიმეტრზე ან/და შენობაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში/გაჩერებაზე და სხვ.;
- კერძო სივრცეში - მაგ. სავაჭრო ობიექტში, დაწესებულების შენობაში, სასტუმროს ფოიეში და სხვ;
- დასაქმებულთა სამუშაო ადგილას - მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ვიდეომონიტორინგისთვის განსაზღვრული მიზნების მიღწევა სხვა საშუალებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია არაპროპორციულ ძალისხმევასთან - სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად განკუთვნილ სივრცეში, მაგ.: დაწესებულების ფოიეში რეგისტრატურისთვის გამოყოფილი ღია სამუშაო სივრცე, საიდუმლო ინფორმაციის შესანახად განკუთვნილი სამუშაო ოთახი, სალარო და სხვ. სამუშაო სივრცის/პროცესის ვიდეომონიტორინგის განხორციელების კონკრეტული მიზნ(ებ)ის თაობაზე დასაქმებული მონაცემთა სუბიექტი დამატებით, წერილობით უნდა იქნას გაფრთხილებული;
- საცხოვრებელ შენობაში - მაგ. მრავალბინიანი კორპუსის შესასვლელში, სადარბაზოში და სხვ., მხოლოდ მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობით.
საცხოვრებელი შენობის ვიდეომონიტორინგი
საცხოვრებელ შენობაში (ან გარე პერიმეტრზე) ვიდეომონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია:
- ყურადღება მიაქციოს ვიდეო სათვალთვალო მოწყობილობის მდებარეობას, მის ხედვის არეალს და შეაფასოს ხომ არ არსებობს სხვათა უფლებების შელახვის რისკები;
- შეაფასოს ვიდეომონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა და პროპორციულობა;
- საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პირებისგან მოიპოვოს წერილობითი თანხმობა;
- გამოიყენოს დაცული ვიდეომონიტორინგის სისტემები;
- განსაზღვროს, თუ რა ვადით ხდება შესაბამისი ჩანაწერების შენახვა და მათზე წვდომა;
- თვალსაჩინო ადგილას განათავსოს მარტივად აღქმადი გამაფრთხილებელი ნიშანი.
გამაფრთხილებელი ნიშანი
ვიდეომონიტორინგის განხორციელების თაობაზე ინფორმაციის მიღება თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, კანონით მონიჭებული უფლებაა.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების მიზნებისთვის, ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა განთავსდეს:
- ტექნიკურ მოწყობილობასთან (კამერასთან) ახლოს;
- ადამიანის თვალისათვის მარტივად აღქმად სიმაღლეზე;
- განათებულ ადგილას.
დიდი ფართობის მქონე ტერიტორიის ვიდეომონიტორინგისას, ერთზე მეტი კამერის არსებობის პირობებში, ასევე, თუ ტექნიკური მოწყობილობის ხედვის არეალი ფართოა, აუცილებელია რამდენიმე გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსება მონიტორინგს დაქვემდებარებულ თითოეულ ზონაში.
მთავარი მოთხოვნა - მონაცემთა სუბიექტისთვის შეცნობადი უნდა იყოს იმ არეალის ფარგლები, რომელიც ექცევა ვიდეომონიტორინგის ქვეშ.
გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა შეიცავდეს:
- მარტივად აღქმად წარწერას და გამოსახულებას ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის თაობაზე;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობას/სახელწოდებას;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემებს.
24 საათიან რეჟიმში ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას, მიზანშეწონილია, გამაფრთხილებელი ნიშანი დამატებით შეიცავდეს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას.
ვიდეომონიტორინგის განხორციელების თანმდევი ვალდებულებები
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია წერილობით განსაზღვროს ვიდეომონიტორინგის მიზანი (მაგ.: საკუთრების დაცვა) და მოცულობა, ვიდეომონიტორინგის ხანგრძლივობა (მაგ.: „მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში“) და ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა (მაგ.: „ინახება 1 თვის ვადით“), ვიდეოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღრიცხოს ვიდეოჩანაწერებზე წვდომის თითოეული შემთხვევა, მათ შორის, წვდომის დრო და მომხმარებლის სახელი - დამუშავებულ მონაცემებზე წვდომა მიანიჭოს პირთა განსაზღვრულ წრეს, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თანამშრომელთა ფუნქციები და ჩანაწერებზე მათი წვდომის საჭიროება;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია პერიოდულად შეამოწმოს სისტემის ფუნქციონირება, წვდომის შემთხვევები და რეაგირება მოახდინოს არასანქცირებული წვდომის ან/და რაიმე სხვა დარღვევის ფაქტებზე.
ვიდეოჩანაწერებზე წვდომის შემთხვევების აღრიცხვა ხორციელდება ელექტრონულად, იმავე ტექნიკური საშუალებებით.
მონაცემთა სუბიექტის უფლებები
მონაცემთა სუბიექტები სარგებლობენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული შემდეგი უფლებებით: ვიდეომონიტორინგის განხორციელების შესახებ ინფორმირების უფლება, ვიდეოჩანაწერის გაცნობისა და ასლის გამოთხოვის უფლება, ვიდეომონიტორინგის შეწყვეტის, ვიდეოჩანაწერის წაშლის ან განადგურების უფლება, მონაცემთა დაბლოკვის უფლება, ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები, თანხმობის გამოთხოვის უფლება, გასაჩივრების უფლება.
ვიდეომონიტორინგის განხორციელების კანონით დადგენილი მოთხოვნების ან მონაცემთა სუბიექტის ზემოთ აღნიშნული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს:
მისამართი: ქ.თბილისი, ვაჩნაძის ქ. №7; ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა №48;
ტელეფონი: 032 2 42 10 00;
ელექტრონული ფოსტის მისამართი - office@pdps.ge;
ვებგვერდი: www.personaldata.ge.