ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-07-08

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით


,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' საქართველოს ახალმა კანონმა, სხვა უმნიშვნელოვანეს სიახლეებთან ერთად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების ახლებური წესი ჩამოაყალიბა. საყურადღებოა, რომ მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებითა და შეტყობინებით მომართა ასობით პირმა, მათ მფლობელობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე, მათი თანხმობის გარეშე, მარკეტინგული შინაარსის არაერთი მოკლეტექსტური შეტყობინებების მიღების შესახებ. წარმოდგენილი მომართვები, მათ შორის, მიემართებოდა ერთი და იმავე კომპანიებისგან მიღებულ შეტყობინებებს. სამსახურის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და წარმოდგენილი განცხადებების/შეტყობინებების რაოდენობისა და შინაარსის, მოცემული კომპანიების საქმიანობის სპეციფიკისა და მათ მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების  მასშტაბის გათვალისწინებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების შესაძლო კანონდარღვევით დამუშავების ფაქტების გამოსავლენად, დაიწყო არაგეგმური შემოწმებები (ინსპექტირებები).

შემოწმებების (ინსპექტირებების) ფარგლებში, გამოვლინდა, რომ პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად, ავტორიზებული პირების მომსახურებას იყენებდა არაერთი კომპანია (კონტრაქტორი კომპანია), რომელთა მიზნებისთვისაც სატელეფონო ნომრებზე იგზავნებოდა მარკეტინგული შეთავაზებები. ამდენად, სამსახურმა ასევე შეაფასა დასახელებული კომპანიების მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების კანონშესაბამისობის საკითხიც.

შემოწმებების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ კონტრაქტორი კომპანიები, ძირითად შემთხვევებში, იყენებდნენ ავტორიზებული პირების მონაცემთა ბაზებს, რომელში ასახული სატელეფონო ნომრები, მხარეთა შორის არსებული წერილობითი შეთანხმებების მიხედვით, უნდა ყოფილიყო კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული.

აღსანიშნავია, რომ კანონი მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებას ითვალისწინებს მხოლოდ სუბიექტის თანხმობის არსებობის შემთხვევაში. თანხმობა, თავის მხრივ, უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ინფორმირებული და მკაფიოდ გამოხატული. მონაცემთა სუბიექტს შესაძლებლობა უნდა მიეცეს თავისუფლად და მკაფიოდ, აქტიური მოქმედებით გამოხატოს ნება მისი პერსონალური მონაცემების კონკრეტული მიზნით დამუშავების თაობაზე.

როგორც შემოწმებებისას დადგინდა, ავტორიზებული პირების მიერ მონაცემთა სუბიექტებისგან მათი სატელეფონო ნომრების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების შესახებ გაცხადებული თანხმობა არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ თანხმობის კრიტერიუმებს, რაც წარმოადგენდა კანონის მოთხოვნების დარღვევასა და დამკვეთ კომპანიებთან დადებული წერილობითი შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციების გაცდენას. ამასთან, თავის მხრივ, კონტრაქტორი კომპანიები არ დარწმუნდნენ ავტორიზებული პირების მიერ სატელეფონო ნომრების მოპოვების კანონიერებაში, არ გაუწიეს ან/და არასათანადოდ განახორციელეს კანონით განსაზღვრული მონიტორინგი ავტორიზებული პირების მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესზე. გარდა ამისა, მხარეთა შორის არსებული წერილობითი შეთანხმებები, უმეტეს შემთხვევაში, ვერ აკმაყოფილებდა შეთანხმების შინაარსთან დაკავშირებულ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. გარდა ამისა, ცალკეულ შემთხვევაში, მხარეთა შორის შეთანხმება იყო ზეპირსიტყვიერი, მაშინ, როდესაც, კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა, მოცემულ შემთხვევაში, ავტორიზებულმა პირმა, მონაცემები შეიძლება დაამუშაოს მხოლოდ სამართლებრივი აქტის ან კონტრაქტორ კომპანიასთან დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.  ამდენად, მონაცემთა სუბიექტების სატელეფონო ნომრების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების პროცესი სამსახურის მიერ შეფასდა კანონშეუსაბამოდ და როგორც კონტრაქტორი კომპანიები, ისე ავტორიზებული პირები ცნობილ იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად და დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები.

შემოწმებების ფარგლებში, ასევე გამოიკვეთა, რომ კონტრაქტორი კომპანიების უმეტესობას, რომლებიც თავიანთ ბაზაში ასახულ სატელეფონო ნომრებზე გზავნიდნენ მარკეტინგული შინაარსის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, მონაცემთა სუბიექტებისგან მათი სატელეფონო ნომრების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე თანხმობები მოპოვებული ჰქონდათ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, თანხმობები არ აკმაყოფილებდა ინფორმირებულობისა ან/და ნებაყოფლობითობის კრიტერიუმებს. რაც გულისხმობს იმას, რომ მონაცემთა სუბიექტებს, ძირითად შემთხვევაში, არ მიეწოდებოდათ ინფორმაცია, მათი კონკრეტულად რა სახის მონაცემები დამუშავდებოდა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კონტრაქტორი კომპანიების მიერ დარღვეული იყო მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებულობის ვალდებულება, მონაცემთა სუბიექტს ვერ ექნებოდა ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, რაც სუბიექტისთვის რეალური არჩევანის გაკეთების ხელშემშლელ გარემოებას წარმოადგენს. ამდენად, თანხმობების არარსებობის პირობებში მონაცემთა სუბიექტების სატელეფონო ნომრების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების ფაქტებზე, კონტრაქტორი კომპანიები ცნობილ იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად და დაეკისრათ შესაბამისი პასუხისმგებლობები.

შემოწმებების ფარგლებში, მოცემული დროისათვის, სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა ათეულობით  პირი, რომლებსაც, სახდელის სახით დაეკისრათ როგორც გაფრთხილება, ასევე ჯარიმა. ამასთან, სამსახურმა ყველა იმ პირს, რომლებიც მონაცემთა სუბიექტების სატელეფონო ნომრებს ამუშავებდნენ მათი თანხმობის გარეშე, მისცა შესასრულებლად სავალდებულო დავალება, როგორც მონაცემთა ბაზებში ასახული სატელეფონო ნომრების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების შეწყვეტის შესახებ, ასევე კანონით განსაზღვრული მონიტორინგის გაწევის თაობაზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მონაცემების უკანონო დამუშავების პროცესების სამომავლო აღკვეთას. ნიშანდობლივია, რომ სამსახურის მიერ გაცემული დავალებები შესასრულებლად სავალდებულოა.

აღსანიშნავია, რომ შემოწმებების მიმდინარეობისას გამოიკვეთა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კონტრაქტორ კომპანიებს მონაცემთა სუბიექტების თანხმობები მოპოვებული ჰქონდათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, მათ მიერ მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებისას არ გამოიკვეთა კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები.

სამსახური კვლავ აგრძელებს სხვადასხვა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის/დამუშავებისთვის უფლებამოსილი პირის მიერ, მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების კანონიერების შესწავლას.

მსგავსი სამსახურის განცხადებები