date

2025-03-25

#მოქმედებასჯობს


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახალ კამპანიას იწყებს.

მომდევნო 7 პოსტის განმავლობაში,  ჩვენ მოგიყვებით რეალურ ისტორიებს სამსახურის პრაქტიკიდან და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოგვმართოთ.

სკოლებში მასწავლებლებთან საკომუნიკაციოდ სოციალური  ქსელების  ჯგუფებს (chat) უკვე საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ. ეს ურთიერთობის პროცესს ნამდვილად ამარტივებს. მაგრამ, გიფიქრიათ იმაზე, როგორ მოიქცეოდით   თქვენი შვილის შესახებ რაიმე განსაკუთრებული და სენსიტიური ინფორმაცია ამ ჯგუფებში უნებართვოდ რომ გაზიარებულიყო? 

ან იცით თუ არა რომ მსგავსი შემთხვევა შესაძლოა დარღვევა აღმოჩნდეს და თქვენ გაქვთ უფლება ამაზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვოთ?

სამსახურის პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა ყოფილა:

ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებელმა  ბავშვების მონაცემები ,, messenger”- ის 2 ჯგუფში  გაამჟღავნა. გაკვეთილის მიმდინარეობისას, დამრიგებელმა შშმ პირებზე   საკუთარი შეხედულება გამოთქვა, რასაც ერთ-ერთი მოსწავლის მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ვინაიდან მას შშმ პირი ძმა ჰყავდა, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობდა. ინციდენტის მოგვარებაში ჩაერთო ბავშვისა და სხვა თანაკლასელების მშრობლები. დედამ განცხადებით სკოლის დისციპლინურ კომიტეტს მიმართა.

დამრიგებელმა საკუთარი სიმართლის დაცვის მიზნით,   “Messenger”-ის ორ სხვადასხვა ჯგუფში (მშობლებისა და მასწავლებლების ჯგუფებში)  მშობლის განცხადებაზე თავისი წერილობითი პასუხის ამსახველი ფოტოები განათავსა.

მასალა შეიცავდა მშობლის განცხადების ტექსტიდან ამონარიდებს და მათზე მასწავლებლის კომენტარებს, ასევე, არაერთი პირის საუბრის შინაარსს, გამოთქმულ მოსაზრებებს, არასრულწლოვნებისა და მათთან დაკავშირებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებს,  გამოკვლეულ და შეფასებულ კონფიდენციალურ გარემოებებს. სამსახურმა პედაგოგი პერსონალური მონაცემების დამუშავების მინიმიზების პრინციპის დამრღვევად ცნო, რის გამოც მას შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი და დაევალა უკანონოდ გამჟღავნებული მიმართვისა და ფოტოების წაშლა.

 

 


 

ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია, რადგან ეს ინფორმაცია ხშირ შემთხვევებში შეიცავს მეტად სენსიტიურ  დეტალებს თქვენი პირადი ცხოვრების, ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. მათი უკანონო ან არაზუსტი გამჟღავნება შესაძლოა თქვენი ღირსების შელახვის, სტიგმატიზაციის, ან დისკრიმინაციის საფუძველი გახდეს. 

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის უკანონოდ არ არის გამჟღავნებული, უნდა დავინტერესდეთ, რამდენად ზუსტია სხვადასხვა სამედიცინო ელექტრონულ მოდულზე ჩვენს შესახებ რეგისტრირებული ინფორმაცია და გვეძლევა თუ არა მოძველებული მონაცემების განახლების შესაძლებლობა?
 
შესაძლოა პაციენტი ამა თუ იმ დაავადებისგან უკვე განიკურნა, თუმცა ელექტრონული მოდული, მაინც პირვანდელ შედეგებს ინახავს, შესაბამისად, ყველა ვისაც ამ ინფორმაციაზე აქვს წვდომა,  მხოლოდ პირველად ინფორმაციას ეცნობა. ამ ყველაფერს კი მორალური ზიანი მოაქვს. 

გიზიარებთ, შემთხვევას სამსახურის  პრაქტიკიდან:         
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების სიზუსტის შესწავლის მოთხოვნით სამსახურს მოქალაქემ მიმართა. აღმოჩნდა, რომ განმცხადებელი ,,C” ჰეპატიტის სკრინინგ მოდულში იყო რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ  ,,C” ჰეპატიტზე მას ანტისხეულები აქვს, ანუ ეს ვირუსი მან უკვე გადაიტანა. მოქალაქის თქმით, მას კვლევის უარყოფითი შედეგებიც აქვს, რაც ამ მოდულზე ასახული არ არის.

შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ ცენტრი სხვა მონაცემებთან ერთად ელექტრონულად ინახავს სკრინინგის შედეგებს, თუმცა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველად შედეგებთან ერთად აისახოს განმეორებითი ანტისხეულების ტესტის შედეგები იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირი ჩაიტარებს მაღალი სანდოობის ლაბორატორიულ კვლევას. შესაბამისად,  არ იძლევა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ქრონოლოგიურად მაშინაც კი, როდესაც მომდევნო მონაცემი წინას ეწინააღმდეგება. 

სამსახურმა დაადგინა, რომ მონაცემების მიმართ მსგავსი მიდგომა ვერ უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტის, მოძველებული ინფორმაციის განახლების პრინციპის სათანადო რეალიზებას, ამიტომ ცენტრს შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება დაევალა. 

 

მსგავსი საინფორმაციო კამპანიები