ახალი გენერირებადი ხელოვნური ინტელექტი - DeepSeek

ახალი გენერირებადი ხელოვნური ინტელექტი - DeepSeek

2025 წლის 20 იანვარს საზოგადოებისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა ახალი გენერირებადი ხელოვნური ინტელექტი - DeepSeek, რომლით სარგებლობაც უფასოდ არის შესაძლებელი როგორც ვებგვერდის, ასევე აპლიკაციის მეშვეობით, iOS და Android სისტემების მომხმარებლებისთვის. მიმდინარე ეტაპზე არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, მისი პოპულარობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

  • ღია პროგრამული (Open Source) ხელმისაწვდომობა - DeepSeek-R1 ტექნოლოგიის გამოყენება და მისი შემდგომი მოდიფიკაცია ყველასთვისაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლების მხრიდან მის მიმართ დაინტერესებას ზრდის;
  • ეფექტურობა - სხვა მოდელებისგან განსხვავებით, DeepSeek-ი მსგავსი შედეგის გენერირებას გაცილებით ნაკლები რესურსის გამოყენებით ახერხებს; 

დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ თანამედროვე ტექნოლოგიას გენერირებადი ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს. აღნიშნული სისტემების ფუნქციონირება სწავლების სპეციალიზებულ  მოდელებს ეფუძნება და მომხმარებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის, დავალების საფუძველზე სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღების ფუნქციით შეიძლება იყოს აღჭურვილი, როგორიცაა ტექსტის, ფოტოსურათის, აუდიოჩანაწერის გენერირება.

DeepSeek[1]  2023 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაარსდა  და AI-ის დიდი ენობრივი მოდელების (LLM) შექმნაზე, გამოყენებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. კომპანიის მიერ შემუშავებული უახლესი ხელოვნური ინტელექტის მოდელი ყველასთვის ცნობილი ChatGPT-4-ის ალტერნატივას წარმოადგენს და ინფორმაციის გენერირების, კოდის წერისა და მათემატიკური გამოთვლების ფუნქცია გააჩნია.

DeepSeek-ის მოულოდნელი პოპულარობა არა მხოლოდ ოპერაციული შესაძლებლობებით გამოწვეულმა ინტერესმა, არამედ მის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა გარკვეულმა საკითხებმაც განაპირობა.

 DeepSeek-ის  კონფიდენციალურობის პოლიტიკა[2],

კონფიდენციალურობის პოლიტიკა “DeepSeek”-ის მიერ საკუთარი აპლიკაციების, ვებგვერდების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა სახის სერვისების/მომსახურების საშუალებით მონაცემთა დამუშავების პროცესებზე ვრცელდება.

ინფორმაცია რომელსაც DeepSeek-ი აგროვებს

მომხმარებლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია

ანგარიშის შექმნისას მოპოვებული ინფორმაცია

აპლიკაციით სარგებლობისთვის რეგისტრაციისას მომხმარებელმა სავალდებულოა მიუთითოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა დაბადების თარიღი, მომხმარებლის სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი/ტელეფონის ნომერი და ანგარიშის პაროლი;

აპლიკაციით სარგებლობისას მოპოვებული ინფორმაცია

აპლიკაციამ შესაძლებელია შეაგროვოს და შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლის მიერ გაგზავნილი ტექსტის ან აუდიო მასალის შესახებ, ფოტო, ვიდეომასალა, ატვირთული დოკუმენტაცია, „ჩატბოტთან“ მიმოწერის ისტორია ან სხვა ისეთი ინფორმაცია, რასაც თავად მომხმარებელი მიუთითებს;

DeepSeek-თან მომხმარებლის დაკავშირებისას მოპოვებული ინფორმაცია

აპლიკაცია აგროვებს კომუნიკაციის ფარგლებში მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, როგორიცაა: მომხმარებლის ასაკის ან ვინაობის დამადასტურებელი მონაცემები, გაცემული უკუკავშირის დეტალები, მომხმარებლის მიერ DeepSeek-ის მომსახურების პირობების შესახებ დასმული კითხვები ან სავარაუდო დარღვევების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია.

ავტომატურად შეგროვებული ინფორმაცია

აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, იგი მომხმარებლის მიერ მომსახურების მიღებისას გარკვეულ ინფორმაციას ავტომატურად მოიპოვებს, მაგალითად, ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი, მოწყობილობის უნიკალურ იდენტიფიკატორები და „მზა ჩანაწერები“ (ე.წ. „ქუქი“ ფაილები).

აღსანიშნავია რომ ავტომატურად შეგროვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მითითებული ინფორმაცია, ამ ეტაპზე გამოქვეყნებული პოლიტიკის გათვალისწინებით, ნათლად არ აღწერს მონაცემთა დამუშავების მიმდინარე შესაძლო პროცესებს.

ტექნიკური ინფორმაცია

მომხმარებლის მიერ აპლიკაციით სარგებლობისას მუშავდება მოწყობილობისა და ქსელური კავშირის შესახებ გარკვეული სახის ინფორმაცია, კერძოდ მოწყობილობის მოდელის ოპერაციული სისტემა, ბეჭდვის პერიოდულობა ან მანერა („keystroke patterns“ or rhythms), IP მისამართი და სისტემის ენა.

სისტემაში სხვადასხვა მოწყობილობიდან შესვლისას, აპლიკაცია მომხმარებლის მოწყობილობისა და მისი მისამართების იდენტიფიკატორებს, სხვადასხვა სისტემაში მისი მოქმედებების იდენტიფიცირებისა და  სარგებლობის უწყვეტობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოიპოვებს;

აპლიკაციით სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია

DeepSeek-ი ინახავს მისი სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, როგორიცაა მომხმარებლის მიერ განხორციელებული ქმედებები და მის მიერ გამოყენებული ფუნქციები;

„მზა ჩანაწერები“

DeepSeek-მა, ასევე მისი მომსახურების მიმწოდებლებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა შესაძლოა მონაცემები „მზა-ჩანაწერებისა“ და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით დაამუშაოს. ამასთან, ავტომატურად ხდება სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, რათა შემდგომში მოხდეს მათი გამოყენების შესაძლებლობების გაუმჯობესება;

აღსანიშნავია რომ, აპლიკაციის ვებგვერდზე ვიზიტის შემთხვევაში ბრაუზერის „მზა-ჩანაწერების“ გრაფაში (cookies and site data) აფილირებულ საიტად ნაჩვენებია “hm.baidu.com”, რომელიც „Google“-ის საძიებო სისტემის ჩინურ ანალოგიას წარმოადგენს და საიტის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციის ანალიტიკის მიზნებისთვის გამოიყენება.

გადახდის შესახებ ინფორმაცია

ფასიანი მომსახურებით სარგებლობისას, აპლიკაცია აგროვებს ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას, ანგარიშსწორების, შეკვეთის განთავსების, მომსახურებისა და სხვა შემდგომი სახის მოქმედებების განხორციელების მიზნით.

სხვა წყაროების მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია

შესვლა, რეგისტრაცია და მათთან დაკავშირებული მომსახურებები

“Apple”-სა და “Google”-ის პლატფორმებზე მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით ან სხვა მესამე პირის პლატფორმასთან მომხმარებლის ანგარიშის დაკავშირებისას, DeepSeek-მა შესაძლოა შეაგროვოს მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

რეკლამირება

რეკლამის განმთავსებლები აპლიკაციას მონაცემთა სუბიექტების შესახებ, მათ შორის სერვისით სარგებლობის მიღმა განხორციელებული ქმედებების თაობაზე,  ინფორმაციას აწვდიან (მაგალითად, ინფორმაცია სხვა ვებგვერდებსა და აპლიკაციებში აქტივობის ან მაღაზიებში შეძენილი პროდუქტების, მიღებული მომსახურების შესახებ). აღნიშნული მოიცავს ისეთ ინფორმაციას როგორიცაა ელექტრონული ფოსტის მისამართები და ტელეფონის ნომრები,  „მზა ჩანაწერების“ იდენტიფიკატორები.

 

DeepSeek-ის მიერ მონაცემთა დამუშავება

მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას აპლიკაცია მისი ფუნქციონირების, განვითარების, გაუმჯობესებისა და სხვა ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის იყენებს:

  • მომსახურების მიწოდებისა და ადმინისტრირებისთვის, მაგალითად, “DeepSeek”-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან მიმოწერის უზრუნველყოფისთვის;
  • აპლიკაციით სარგებლობის პირობებისა და პოლიტიკის აღსრულებისთვის, საზოგადოების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად DeepSeek-ი მიმოიხილავს მომხმარებლის მიერ მითითებულ ინფორმაციას, მიღებულ შედეგებსა და სხვა მონაცემებს;
  • მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მიწოდებისთვის;
  • მომსახურების უსაფრთხოების, სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და სათანადო ტექნიკური ზომების მიღებისთვის;
  • მომსახურების გასაუმჯობესებლად აპლიკაცია მოწყობილობით განხორციელებული ქმედებებისა და სისტემასთან ინტერაქციის მონიტორინგს, მომხმარებლების მიერ აპლიკაციით სარგებლობის ანალიტიკას ახდენს;
  • სამართლებრივი ვალდებულებების, საჯარო ინტერესთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებისთვის, მომხმარებლებისა და სხვა პირთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად.

DeepSeek-ის მიერ მონაცემთა გაზიარება

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები

მომსახურების მიზნებისთვის მომხმარებლის მიერ მიწოდებულ, ავტომატურად შეგროვებულ ან სხვა წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას აპლიკაცია მომსახურების მიმწოდებელ პარტნიორ ორგანიზაციებს (რომლებიც ეხმარებიან DeepSeek-ს მომსახურების მიწოდებაში, განვითარებაში, ანალიტიკაში, მხარდაჭერაში) უზიარებს.

ბიზნეს პარტნიორები

მომხმარებლის შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აპლიკაციამ შესაძლოა სარეკლამო და ანალიტიკურ პარტნიორებს გაუზიაროს. აღნიშნული ორგანიზაციები აპლიკაციას მისი მომსახურების სხვა პლატფორმებზე რეკლამირებაში ეხმარებიან.

კორპორაციული ჯგუფი

აპლიკაციის მომსახურების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული არიან კორპორაციული ჯგუფის სხვადასხვა დაწესებულებები. ისინი ამუშავებენ მომხმარებლის მიერ მიწოდებულ, ავტომატურად შეგროვებულ ინფორმაციას გარკვეული ფუნქციების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა, შენახვა, შინაარსის (ე.წ. „კონტენტი“) მიწოდება/რეგულირება, უსაფრთხოება, კვლევა და განვითარება, ანალიტიკა, მომხმარებლის/ტექნიკური მხარდაჭერა.

სხვა პირები

DeepSeek-მა მომხმარებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიაროს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯარო დაწესებულებებს, საავტორო უფლების მფლობელებს და სხვა მესამე პირებს თუ დარწმუნდება რომ აღნიშნული აუცილებელია:

  • კანონმდებლობასთან შესაბამისობის, სახელმწიფო დაწესებულების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად (საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად);
  • მომხმარებლების, საავტორო უფლებების მფლობელების და სხვა პირების უფლებების, საკუთრების, უსაფრთხოების დასაცავად.  მაგალითად, სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლოა მიეწოდოთ  მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია (როგორიცაა ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი) პირის სიცოცხლესთან ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაუდებელი შემთხვევიდან გამომდინარე;
  • აპლიკაციის მომსახურების პირობების, სტანდარტების, პოლიტიკის სავარაუდო დარღვევების გამოსაკვლევად და სათანადო ღონისძიებების გატარებისთვის;
  • საეჭვო აქტივობების, საავტორო უფლებების დარღვევის ან სხვა უკანონო ქმედებების იდენტიფიცირების, გამოძიების, პრევენციისა და რეაგირებისთვის;

მონაცემთა სუბიექტის თანხმობა           

მომხმარებლის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა სათანადო ავტორიზაციის შემთხვევაში ან მის მიერ მოთხოვნილი მომსახურების მიწოდებისთვის დამუშავდეს.  მაგალითად, სხვა პლატფორმების ანგარიშების მეშვეობით აპლიკაციით სარგებლობისას, DeepSeek-ი აღნიშნულ ინფორმაციას მათ გაუზიარებს.

მესამე პირთა „კონტენტი“

აპლიკაციის მომსახურება შესაძლოა შეიცავდეს მათი პოლიტიკის დოკუმენტებთან, ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ან „კონტენტის“ ბმულებს, რომელსაც უზრუნველყოფს პარტნიორი ორგანიზაცია. აღნიშნული მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებლობას DeepSeek-ი არ იღებს.

მონაცემთა სუბიექტის უფლებები

მომხმარებლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მას როგორც მონაცემთა სუბიექტს, შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული უფლებები, მაგალითად როგორიცაა ინფორმაციის მიღების/წვდომის, შეცვლის, გასაჩივრების, თანხმობის გამოხმობის, დამუშავების შეზღუდვის უფლება.  გარკვეულ შემთხვევებში, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს მისი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ამასთან კომპანია მიუთითებს, რომ ზოგიერთი უფლებებით სარგებლობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მომხმარებლის მიერ DeepSeek-ის მომსახურების მიღებაზე. რეგისტრირებულ  მომხმარებლებს შეუძლიათ განაახლონ მათ შესახებ ზოგიერთი პერსონალური ინფორმაცია.

მომხმარებელს შეუძლია მართოს და წვდომა განახორციელოს მის ზოგიერთ ინფორმაციაზე პირდაპირ აპლიკაციის პარამეტრების მეშვეობით. 

სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია წაშალოს ხელოვნური ინტელექტის სისტემასთან მიმოწერის ისტორია. კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მისი და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღდგენა.

მონაცემთა სუბიექტს შეუძლია შეზღუდოს მისი ზოგიერთი ინფორმაციის დამუშავება მოწყობილობის ბრაუზერის პარამეტრებში „მზა ჩანაწერებზე“ უარის თქმით, თუმცა აღნიშნულ შემთხვევებში შესაძლოა მომხმარებლებს აპლიკაციით სარგებლობის ზოგიერთი ფუნქცია შეეზღუდოთ.

მონაცემთა სუბიექტს თავისი უფლებების განხორციელების მიზნით შეუძლია მიმართოს აპლიკაციის მფლობელ კომპანიას კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებულ მისამართებზე.

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება

კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (არაუფლებამოსილი პირის მიერ წვდომის განხორციელებისგან, გამჟღავნებისგან, ცვლილებისგან, დაკარგვისგან დაცვისთვის) DeepSeek-ი კომერციულად გონივრულ ტექნიკური, ადმინისტრაციული და ფიზიკური უსაფრთხოების ზომებს მიმართავს. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანია რეგულარულად განაახლებს აღნიშნულ ღონისძიებებს, ხელმისაწვდომი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების გათვალისწინებით.

DeepSeek-ი არ იღებს პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას და მომხმარებლებს მოუწოდებს სიფრთხილით მოეკიდონ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. იგი ასევე არ იღებს პასუხისმგებლობას მისი პარტნიორების მეშვეობით დამუშავებული მონაცემების უსაფრთხოებაზე.

მონაცემების შენახვა

აპლიკაციის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულ სერვერებზე ინახება.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, მომხმარებლის ადგილსამყოფელი ქვეყნიდან მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას კომპანია მხედველობაში მიიღებს შესაბამის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას.

მონაცემების შენახვის ვადა

მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია ინახება იმ ვადით, რაც აუცილებელია  მომსახურების მიწოდებისა და აღნიშნულ პოლიტიკაში მითითებული სხვა მიზნებისთვის.

DeepSeek-ი მონაცემებს ინახავს სახელშეკრულებო და სამართლებრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე, ასევე ლეგიტიმური ინტერესის არსებობის შემთხვევებში (მაგალითად, მომსახურების გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის) და შესაგებელის, სამართლებრივი დაცვის მიზნებისთვის.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შენახვის ვადა დამოკიდებული იქნება მონაცემების კატეგორიაზე, დამუშავების მიზნებსა და სამართლებრივ მოთხოვნებზე. მაგალითად, მომხმარებლის მიერ მომსახურების მიწოდების მიზნით დამუშავებული ინფორმაცია (ზოგადი მონაცემები, გადახდის შესახებ და აპლიკაციით მიწოდებული ინფორმაცია)  მომხმარებლის ანგარიშის არსებობის ვადით ინახება.

მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობებისა და სხვა პოლიტიკის დარღვევის შემთხვევაში, DeepSeek-მა შესაძლოა წაშალოს მის ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები, თუმცა აღნიშნული დარღვევების შეფასებისთვის აუცილებელი ინფორმაცია შეინახოს.

არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავება

კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, აპლიკაცია არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანთა მიერ მოხმარებაზე და თუ მომხმარებელი არის 14 წელს მიუღწეველი პირი, მომსახურების პირობებსა და პოლიტიკას უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.

აპლიკაციის თანახმად, იგი არ ახდენს 14 წელს მიუღწეველი პირების მონაცემების სისტემურ[3] დამუშავებას.

საგულისხმოა, რომ DeepSeek-ის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის საზედამხედველო ორგანომ, მანდატის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

2025 წლის 28 იანვარს, იტალიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (Garante per la protezione dei dati personali (GPDP)) DeepSeek-ის მფლობელ, ასევე „ჩატბოტის“ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს მიმართა კითხვებით, თუ:

  • რა სახის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კომპანია;
  • რომელი წყაროებიდან მოიპოვებს მონაცემებს;
  • რა მიზნით და სამართლებრივი საფუძვლით ხდება მონაცემების დამუშავება;
  • არის თუ არა სერვერები განთავსებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

იტალიის საზედამხედველო ორგანოს კითხვები, ასევე მიემართებოდა ხელოვნური ინტელექტის სისტემის სწავლების პროცესში გამოყენებულ ინფორმაციას, რამდენად მოიპოვებს ხელოვნური ინტელექტის კომპანია პერსონალურ მონაცემებს  ე.წ. „ვებ-სკრეიპინგის“ (ინფორმაციის ავტომატური წამოღება საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან) მეშვეობით, ასევე მოსთხოვა დაეზუსტებინათ, თუ როგორ ხდება რეგისტრირებული ან/და არარეგისტრირებული მომხმარებლების ინფორმირება მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.  2025 წლის 30 იანვარს, GPDP-იმ კომპანიებთან პირველადი კომუნიკაციის შედეგად მიიჩნია რომ აპლიკაციის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი და ჩინური აპლიკაციის მიერ იტალიელი მომხმარებლების მონაცემთა დამუშავების შემზღუდავი ღონისძიება გამოიყენა.

DeepSeek-ის მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესებით ასევე დაინტერესდა ირლანდიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო (Data Protection Commission (“DPC”)), ხოლო ბელგიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (Autorité de protection des données (“APD”))  საჩივრით მიმართეს სისტემის მიერ მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის სავარაუდო დარღვევების გამო (საერთაშორისო გადაცემა, სუბიექტის არასრული ინფორმირება, პროფაილინგი, არასრულწლოვანთა დაცვა).

საფრანგეთის საზედამხედველო ორგანომ (“CNIL”) 30 იანვარს განაცხადა, რომ შესაძლო რისკების პრევენციის მიზნით, იგი DeepSeek-თან კომუნიკაციის საფუძველზე გარკვეული საკითხების დაზუსტებას გეგმავს.        

ნიდერლანდების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“AP”), ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ მონაცემთა შენახვასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და მკაცრ სამართლებრივ რეგულირებაზე მიუთითა და აღნიშნა რომ იგი, კოლეგა ორგანოების მსგავსად, ჩინური აპლიკაციის მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესებს შეისწავლის.

კორეის რესპუბლიკის პირადი ინფორმაციის დაცვის საზედამხედველო ორგანოს (The Personal Information Protection Commission (“PIPC”)) განცხადების თანახმად,  2025 წლის 1 თებერვალს ჩინური სტარტაპისგან, შემდგომი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოითხოვეს.

მკვლევართა და ანალიტიკოსთა თქმით, DeepSeek-ის უზარმაზარი გავლენა XXI საუკუნის ე.წ. “სპუტნიკის კრიზის“ მსგავსია, რომლის შედეგად მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები მანამდე არსებული მიდგომების გადახედვასა და განვითარებას ითვალისწინებს, რაც უპირატესად ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შენარჩუნებასა და გაუჯობესებას მოიაზრებს.

გამოქვეყნების თარიღი: 01.02.2025

­წყაროები:

  1. https://www.forbes.com/sites/bernardmarr/2024/07/24/what-is-the-most-famous-generative-ai/
  2. https://www.bbc.com/news/articles/c5yv5976z9po
  3. https://www.deepseek.com/
  4. https://www.reuters.com/technology/artificial-intelligence/what-is-deepseek-why-is-it-disrupting-ai-sector-2025-01-27/
  5. https://www.reuters.com/technology/artificial-intelligence/italys-privacy-watchdog-blocks-chinese-ai-app-deepseek-2025-01-30/
  6. https://techcrunch.com/2025/01/29/italy-sends-first-data-watchdog-request-to-deepseek-the-data-of-millions-of-italians-is-at-risk/
  7. https://www.garanteprivacy.it/home/docweb/-/docweb-display/docweb/10096856
  8. https://www.garanteprivacy.it/web/guest/home/docweb/-/docweb-display/docweb/10097450
  9. https://www.test-achats.be/famille-prive/protection-vie-privee/presse/testachats-porte-plainte-contre-deepseek-aupres-de-lautorite-de-protection-des-donnees
  10. https://chat.deepseek.com/downloads/DeepSeek%20Privacy%20Policy.html
  11. https://www.spacedaily.com/reports/South_Korea_Ireland_watchdogs_to_question_DeepSeek_on_user_data_999.html
  12. https://www.investing.com/news/stock-market-news/south-korea-privacy-watchdog-to-ask-deepseek-about-personal-information-use-3841569
  13. https://www.washingtonpost.com/opinions/2025/01/31/deepseek-sputnik-competition-trade/
  14. https://www.reuters.com/technology/artificial-intelligence/dutch-privacy-watchdog-launch-investigation-into-chinas-deepseek-ai-2025-01-31/

[1] აპლიკაციის სერვისის მიწოდება ხორციელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ორი კომპანიის მიერ: “Hangzhou DeepSeek Artificial Intelligence Co., Ltd.” , “Beijing DeepSeek Artificial Intelligence Co., Ltd” და მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირებადაც ზემოთხსენებული კომპანიები არიან მითითებული.

[2] კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტი აპლიკაციაში 2024 წლის 5 დეკემბერის მდგომარეობითაა განთავსებული.

[3] სისტემურ დამუშავების ფარგლებში შესაძლოა აპლიკაცია არ ახდენდეს მონაცემების პირდაპირ ან ირიბ დამუშავებასა და პროფილირებას.