მანკიერი რეალობა, სადაც თქვენი ან სხვისი ჯანმრთელობის შესახებ პირად მონაცემებს არ უფრთხილდებიან
❌ ექიმთან ვიზიტისას ოთახში სხვა პაციენტთან ერთად მოხვდით, ეს ადამიანი ნამდვილად გეცნოთ, თქვენი მეგობრის მეგობარია და ახლა უკვე მისი პრობლემების შესახ...
2025-07-17
ზაფხული წლის საუკეთესო დროა დასვენებისა და განტვირთვისთვის, რომელიც მოგზაურობითა და თავგადასავლებითაა დატვირთული. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პერიოდში იზრდება პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული რისკები.
იცით თუ არა, რომ ზაფხულში თქვენი პერსონალური მონაცემები უფრო მაღალი რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს? თქვენთვის დასამახსოვრებელი მომენტების ფოტო-ვიდეო გადაღებისა და გამოქვეყნებისას, სამგზავრო ბილეთების შეძენისას, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინტერესტით (Wi-Fi) გამოყენებისა თუ ციფრული აპლიკაციებით სარგებლობისას პერსონალური მონაცემები სხვადასხვა მიზნითა და მოცულობით მუშავდება.
თქვენ შეიტყობთ მარტივ და პრაქტიკულ რჩევებს, როგორ დაიცვათ საკუთარი და თქვენი შვილების პერსონალური მონაცემები ზაფხულის ცხელ დღეებში.
სოციალური ქსელები საუკეთესო საშუალებაა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად, თუმცა, ყოველთვის უნდა დაფიქრდეთ, თუ რა ინფორმაციას ან კონტენტს აქვეყნებთ ციფრულ სივრცეში. პატივი ეცით სხვა ადამიანების პირად ცხოვრებას და გაზიარებამდე, გადაამოწმეთ მისი შინაარსი.
ყველას სურს, რომ გააზიაროს სოციალურ ქსელში დასვენების ამსახველი ფოტო-სურათები და ვიდეოები, თუმცა აღნიშნული არ უნდა განხორციელდეს სხვისი პირადი სივრცის შელახვის ხარჯზე. მნიშვნელოვანია, ფოტოზე გამოსახულ პირთა ინტერესების გათვალისწინება. გახსოვდეთ, რომ ფოტო-ვიდეოს გამოქვეყნებაზე წინასწარ უნდა მოიპოვოთ შესაბამის პირთა თანხმობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ხედავს ფართო აუდიტორია.
არ გააზიაროთ ისეთი კადრები, სადაც ადამიანი მისთვის არასასურველ ფორმაში იქნება და უსიამოვნოდ იგრძნობს თავს (საცურაო კოსტიუმში, მოსასვენებელ სივრცეში და სხვა). გაითვალისწინეთ, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებით ფოტო ხდება საჯარო, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი შეიძლება გავრცელდეს ან ბოროტად იქნეს გამოყენებული სხვა პირთა მიერ.
ზაფხულის არდადეგები მშობლებისთვის და შვილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი პერიოდია, როდესაც ოჯახები ერთად ატარებენ დროს, მოგზაურობენ და ქმნიან განსაკუთრებულ მოგონებებს. ბუნებრივია, ამ შთაბეჭდილებების ფოტო-სურათზე ან ვიდეოზე აღბეჭდვა და მათი სოციალურ ქსელებში გაზიარება ბევრისთვის ჩვეული და სასიამოვნო პროცესია. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას. ნებისმიერი ფოტო, რომელზეც ბავშვია გამოსახული, მიიჩნევა პერსონალურ მონაცემად და შესაბამისად, ამ ფორმით პერსონალური მონაცემების დამუშავება დიდი სიფრთხილით უნდა განხორციელდეს.
ბავშვებს საკუთარ პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით არ აქვთ საკმარისი ცოდნა და ვერ იაზრებენ არსებულ რისკებს. ამდენად, ამ პროცესში მათი მონაცემების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ზრდასრულებს ეკისრებათ.
გარდა ამისა, არდადეგებზე ბავშვები უფრო მეტ დროს ატარებენ ინტერნეტ სივრცეში — თამაშობენ და იყენებენ სხვადასხვა სახის აპლიკაციას. ამ დროს თქვენი, როგორც მშობლების როლი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. აუცილებელია, გააკონტროლოთ აღნიშნულ პროცესში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცულობა.
გახსოვდეთ, რომ თქვენი არასრულწლოვანი შვილების პერსონალური მონაცემები მათი საუკეთესო ინტერესების დაცვით უნდა დამუშავდეს.
დასვენების პერიოდში ხშირად სტუმრობთ სხვადასხვა ობიექტს — სასტუმროებს, საცურაო აუზებს, სპა ცენტრებს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს, სადაც ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იქნეს დარღვეული თქვენი პირადი სივრცე.
სამეთვალყურეო კამერები არ უნდა იყოს განთავსებული გამოსაცვლელ ოთახებში, ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ან ისეთ სივრცეში, სადაც პირადი ცხოვრების დაცულობის გონივრული მოლოდინი გაქვთ ან/და ვიდეომონიტორინგის განხორციელება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება.
ასევე, დააკვირდით ვიდეომონიტორინგის განხორციელების თაობაზე გამაფრთხილებელი ნიშანებს, რომლებიც თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული. შესაბამისი დაწესებულების მიერ ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას, აუცილებელია, არსებობდეს კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი. ასევე, თქვენი ვიზუალური მონაცემები უნდა ინახებოდეს იმ ვადით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
ზაფხულის არდადეგების ერთ-ერთი განუყოფელ ნაწილს საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო ტრანსპორტის სამგზავრო ბილეთების შეძენა წარმოადგენს. დღესდღეობით ციფრულ სივრცეში აღნიშნული პროცესი მეტად გამარტივებულია, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ბილეთების შესაძენად სანდო და დაცული ვებგვერდები უნდა გამოიყენოთ. ასევე, ყურადღებით გაეცანით შესაბამის ვებგვერდზე ხელმისაწვდომ მონაცემთა დაცვის (კონფიდენციალურობის) პოლიტიკის დოკუმენტს.
გაითვალისწინეთ, რომ ბილეთებზე ასახულია თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც სათანადო დაცვას საჭიროებს. ბილეთის საშუალებით შესაძლებელია სხვა პირმა მიიღოს თქვენს შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მგზავრობის დრო და ადგილი, და სხვა.
იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები და თავიდან აირიდოთ არასასურველი შედეგები, გირჩევთ, რომ საჯაროდ არ გაავრცელოთ თქვენი ბილეთი. მასზე ასახულია ე. წ. “QR” კოდი ან ბილეთის ნომერი, რაც შეიძლება მესამე პირის მიერ ბოროტად იქნეს გამოყენებული, მაგალითად, შეცვალოს მგზავრობასთან დაკავშირებული დეტალები ან მოიპოვოს თქვენს პირად პროფილზე წვდომა.
ყურადღებით მოეპყარით ბეჭდურ ბილეთებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც მგზავრი ბილეთებს, მათი განადგურების გარეშე, სანაგვე ყუთში ათავსებს. ასეთ შემთხვევაში ბილეთზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება მგზავრის იდენტიფიცირება და მის მიმართ სხვადასხვა არასასურველი ქმედებების განხორციელება. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ბილეთი დაუფიქრებლად არ გადააგდოთ.
საჯარო ინტერნეტით სარგებლობა მოსახერხებელია, მაგრამ აუცილებელია მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინება. სხვადასხვა სივრცეში ხშირად შეხვდებით საჯაროდ ხელმისაწვდომ “Wi-Fi”-ის, რომელიც დასაკავშირებლად შესაძლოა ითხოვდეს სხვადასხვა ტიპის პერსონალური მონაცემების თქვენი მხრიდან გაზიარებას, მაგალითად: თქვენს ელ. ფოსტას, სახელსა და გვარს, თქვენი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერს და სხვა. სასურველია, მოერიდოთ პერსონალური მონაცემების გაზიარებას. ნუ შეიყვანთ საკუთარი ანგარიშების პაროლს, საბანკო მონაცემებს ან სხვა ინფორმაციას საჯარო ქსელში. გამოიყენეთ ტექნიკური მოწყობილობის (მობილურის, ლეპ ტოპის, სხვა) “VPN” ფუნქცია, რომელიც დაიცავს თქვენს კავშირს და დაშიფრავს გაზიარებულ მონაცემებს.
დარწმუნდით ქსელის ნამდვილობაში. ხშირია ყალბი საჯარო ინტერნეტ-ქსელების შემთხვევები, რაც უფრო მომეტებულ რისკს წარმოადგენს თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად. ყოველთვის გადაამოწმეთ ქსელის სახელწოდება მომსახურე პერსონალთან.
ასევე გირჩევთ, რომ გააუქმოთ ტექნიკური მოწყობილობის (მობილურის, ლეპ ტოპის, სხვა) “Wi-Fi”-ისთან ავტომატური დაკავშირების ფუნქცია. გაააქტიურეთ სისტემის განახლებები და გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამები თქვენი მოწყობილობების ციფრული უსაფრთხოებისთვის.
დაიცავით საკუთარი მონაცემები და იყავით ყურადღებით, როდესაც საჯარო ინტერნეტ=ქსელს უკავშირდებით — თქვენი უსაფრთხოება თქვენს ხელშია.
ზაფხულის პერიოდში მოსახერხებელია ციფრული აპლიკაციებით სარგებლობა. ისინი ხშირად გამოიყენება ნავიგაციის, კომუნიკაციის, ფინანსური ოპერაციებისა თუ გართობისთვის. თანამედროვე ციფრული აპლიკაციების უმეტესობა შესაბამისი მომსახურების გასაწევად ფუნქციონირებს ხელოვნურ ინტელექტის საშუალებით. შესაბამისად, მათი გამოყენებისას, აუცილებელია სიფრთხილე და გონივრული დამოკიდებულება.
აპლიკაცია ჩამოტვირთეთ მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან და ამისთვის გამოიყენეთ თქვენი ტექნიკური მოწყობილობის შესაბამისი პროგრამა — “App Store”, “Google Play” ან თავად ციფრული აპლიკაციის ოფიციალური ვებგვერდი. არ მიანიჭოთ აპლიკაციას წვდომის ნებართვა ისეთ მონაცემებზე, რაც მას ფუნქციონირებისათვის რეალურად არ ესაჭიროება (მაგალითად: წვდომა თქვენს მოწყობილობაში არსებულ საკონტაქტო სიაზე, კამერაზე, გეოლოკაციაზე და სხვა).
გირჩევთ, გამოიყენოთ ძლიერი დაცვის მქონე, სხვადასხვა სიმბოლოს შემცველი პაროლი და ორეტაპიანი აუთენტიფიკაცია, განსაკუთრებით იმ აპლიკაციებისთვის, რომლებიც შეიცავს პირად ან ფინანსურ ინფორმაციას.
ყურადღებით გაეცანით აპლიკაციის შინაარსსა და მიზნობრიობას. ასევე, პერიოდულად წაშალეთ ის აპლიკაციები, რომლებსაც აღარ იყენებთ. გაასუფთავეთ თქვენი მოწყობილობის მეხსიერება არასაჭირო მონაცემებისგან. აკონტროლეთ აპლიკაციის საშუალებით თქვენი მონაცემების დამუშავება.
გისურვებთ, რომ ცხელი ზაფხულის დღეებშიც დასვენების პარალელურად დაცული იყოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
თუკი მიიჩნევთ, რომ უკანონოდ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები დაგვიკავშირდით: (+995 32) 242 1000; office@pdps.ge. მისამართი: ნატო ვაჩნაძის ქუჩა N° 7, თბილისი; ბაქოს ქუჩა N° 48, ბათუმი.