ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2022-09-16

სამსახურის გადაწყვეტილება


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მოქალაქის განცხადების საფუძველზე კერძო აღმასრულებლის მიერ ამ მოქალაქის დამსაქმებელი ორგანიზაციისთვის წერილის გაგზავნის გზით მისი პერსონალური მონაცემების გამჟღავნების კანონიერება შეისწავლა. შესწავლისას გამოირკვა, რომ კერძო აღმასრულებელს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმა ავალდებულებდა, მოქალაქისთვის ეცნობებინა მის მიმართ სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ. ამასთან, ამავე კანონის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ვალდებული იყო, აღნიშნული ინფორმაცია მოქალაქისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით მიეწოდებინა. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით კერძო აღმასრულებელმა მოამზადა სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაციის შემცველი წერილი, რომელიც შეიცავდა მოქალაქის სხვადასხვა პერსონალურ მონაცემს, მათ შორის, ინფორმაციას მოქალაქის ფინანსური ვალდებულების, სააღსრულებო საქმეში მისი მოვალის სტატუსით მონაწილეობის, მოქალაქის მფლობელობაში არსებული ავტომობილის მახასიათებლების, ამ ავტომობილის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების შესახებ და ა.შ. კერძო აღმასრულებლის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული წერილის უშუალოდ მოქალაქისთვის ჩაბარება. მას შემდეგ, რაც მოქალაქისთვის მის საცხოვრებელ მისამართზე ვერ მოხერხდა აღნიშნული წერილის ჩაბარება, კერძო აღმასრულებელმა გადაწყვიტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, იგი ადრესატისთვის ჩაებარებინა მისი სამუშაო ადგილის მიხედვით. ამ მიზნით კერძო აღმასრულებელმა მოქალაქის დამსაქმებელ ორგანიზაციას გაუგზავნა ორი წერილი, რომელიც მოთავსდა ერთ კონვერტში და კონვერტზე ადრესატად მიეთითა დამსაქმებელი ორგანიზაცია. ამასთან, კონვერტში მოთავსებული პირველი წერილი დამსაქმებელი ორგანიზაციის სახელზე იყო მომზადებული და შეიცავდა მითითებას, რომ მას დანართის სახით ერთვოდა მოქალაქისთვის განკუთვნილი წერილი, რომელიც დამსაქმებელს მოქალაქისთვის უნდა გადაეცა. დანართის ფორმით კი კონვერტში მოქალაქის სახელზე მომზადებული ის წერილი იყო განთავსებული, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას მოქალაქის წინააღმდეგ სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ დამსაქმებელი ორგანიზაციისთვის განკუთვნილი წერილიც შეიცავდა მოქალაქის პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, ინფორმაციას მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოქალაქის მოვალედ ყოფნის შესახებ, კრედიტორის ვინაობას და ა.შ.). გზავნილის მიღების შემდეგ დამსაქმებელი ორგანიზაციის თანამშრომლებმა არამარტო ჩაიბარეს, არამედ გახსნეს კონვერტი, რის შედეგადაც მათთვის ხელმისაწვდომი გახდა როგორც უშუალოდ დამსაქმებლის, ისე მოქალაქისთვის განკუთვნილი წერილები და მათში მითითებული პერსონალური მონაცემები. საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე მოქალაქის ინფორმირების მიზნით კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ჩაბარების საშუალებები, მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციის შემცველი კორესპონდენცია ადრესატისთვის მისი სამუშაო ადგილის მიხედვით ჩაებარებინა, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ შეიცავს დათქმას სამუშაო ადგილის მიხედვით ჩასაბარებელი უწყების უშუალოდ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციის სახელზე გაგზავნის აუცილებლობის შესახებ. მოქალაქისთვის წერილის სამუშაო ადგილის მიხედვით ჩაბარება შესაძლებელია გზავნილის დამსაქმებლის სახელზე გაგზავნის გარეშეც, უშუალოდ მოქალაქის სახელზე გაგზავნილი კონვერტის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციისთვის გადაცემის ან სამუშაო ადგილზე ადრესატის მოძიების გზით. ამა თუ იმ მიზეზით აღნიშნულის წარუმატებლად დასრულების (მათ შორის, შესაბამისი თანამშრომლის/პირის მხრიდან კონვერტის მიღებაზე უარის) შემთხვევაში კი გზავნილის ავტორს რჩება შესაძლებლობა კორესპონდენციის ჩაბარების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს მიმართოს. გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც თუ დამსაქმებელი კომპანიის სახელზე ცალკე წერილის მომზადება დასახული მიზნისთვის (მოქალაქისთვის მისთვის განკუთვნილი წერილის ჩაბარება) საჭიროდ იქნებოდა მიჩნეული, ასეთი წერილის მომზადება მასში მოქალაქის უფრო ნაკლები მოცულობის მონაცემების მითითების გზითაც იყო შესაძლებელი. გადაწყვეტილებაში ყურადღება ასევე გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ ერთსა და იმავე კონვერტში ორი სხვადასხვა ადრესატისთვის განკუთვნილი კორესპონდენციის განთავსებით და დალუქული კონვერტის ერთადერთ ადრესატად დამსაქმებლის მითითებით კერძო აღმასრულებელმა ვერ უზრუნველყო მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების ადეკვატური ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება, მოქალაქისთვის განკუთვნილ წერილში ასახული პერსონალური მონაცემების შემთხვევითი, უკანონო გამჟღავნებისგან დასაცავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქის შესახებ მონაცემების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-17 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით დამუშავების გამო კერძო აღმასრულებელი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ამავე კანონის 44-ე და 46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღევებისთვის. ამასთან, მონაცემთა დამმუშავებელს დაევალა, შეაფასოს და განსაზღვროს, რა მოცულობით არის საჭირო და აუცილებელი მოქალაქის პერსონალური მონაცემების დამუშავება მისთვის კორესპონდენციის სამუშაო ადგილის მიხედვით ჩაბარების მიზნებისთვის და კორესპონდენციის ამ გზით ჩაბარებისას უზრუნველყოს მისი პერსონალური მონაცემების დაცვა შემთხვევითი ან უკანონო გამჟღავნებისგან.

მსგავსი სიახლეები