ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-02-07

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის მიერ პერსონალური მონაცმების დამუშავების შესახებ


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაასრულა, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარების ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება), რომელიც ადრესატების პერსონალური მონაცემების ტელეკომპანიისთვის/ტელეკომპანიის ჟურნალისტისთვის გამჟღავნების კანონიერების შესწავლას მოიცავდა. 2022 წლის 28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტი ეხებოდა სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი და აგრესიული ლექსიკის გამოყენების კვლევას. აღნიშნულის ფარგლებში, ჟურნალისტმა მარიამ ბაკურაძემ ერთ-ერთი ძველი სიუჟეტის ფეისბუქ ბმულის კომენტარის ავტორებთან სატელეფონო ზარები განახორციელა. ნიშანდობლივია, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კანონის (გარდა მე-17 მუხლისა, რომელიც მოიცავს მონაცემთა უსაფრთხოების საკითხებს) მოქმედება არ ვრცელდება მონაცემთა მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით დამუშავებაზე. ჟურნალისტებმა ისარგებლეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით მინიჭებული პრივილეგიით და არ დაასახელეს მიღებული ინფორმაციის წყარო. ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სიუჟეტის მომზადებისა და ტელეკომპანიის ეთერში გაშუქების მიზნით, მოიპოვეს კონკრეტული სიუჟეტის კომენტარის 8 ავტორის ნომერი,  სიუჟეტის ფარგლებში კი ზარი განხორციელდა 5 ადრესატთან. სამსახურმა მოიძია პირი, ვინც ჟურნალისტს გადასცა ერთ-ერთი ადრესატის ტელეფონის ნომერი. მისივე განმარტებით, მას ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა, როგორც ჟურნალისტთან, ასევე, მონაცემთა სუბიექტთან. შესაბამისად, ის ჟურნალისტისთვის ნომრის გადაცემისას მოქმედებდა პირადი მიზნებით. კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ მონაცემთა აშკარად პირადი მიზნებისათვის დამუშავებაზე, როდესაც მათი დამუშავება დაკავშირებული არ არის მის სამეწარმეო ან პროფესიულ საქმიანობასთან. იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალისტებმა არ დაასახელეს მობილური ტელეფონის ნომრების გამცემი პირ(ებ)ი/ორგანიზაციები და მათ შესახებ ინფორმაცია არც ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილი ფოტომასალით (ე.წ. „სქრინშოთი“) დგინდებოდა, ხოლო, მონაცემთა სუბიექტები მათი მობილური ტელეფონის ნომრის მოპოვების გზისა და წყაროს შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ, სამსახურმა, ზემოაღნიშნული ერთი შემთხვევის გარდა, ვერ დაადგინა სხვა მონაცემთა სუბიექტების მობილური ტელეფონის ნომრების გამცემი პირ(ებ)ის ან/და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სხვა პირთა მონაცემების დამუშავების - მობილური ტელეფონის ნომრების გამჟღავნების კანონიერება.

მსგავსი სიახლეები