date

2025-11-03

იყავი გონიერი ხელოვნურ ინტელექტთან!


 

ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა - ის გვეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში, სწავლობს ჩვენს ქცევას, გვთავაზობს რეკომენდაციებს და პასუხობს შეკითხვებს. ეს ერთგვარ კომფორტს ნამდვილად ქმნის. მაგრამ..

აუცილებელია იცოდეთ, როგორ მუშაობს AI

AI დამოკიდებულია თქვენს მონაცემებზე - გარკვეული შინაარსის ტექსტზე, სურათებზე, ხმასა და ქცევის ნიმუშებზე. მონაცემები, რომელიც თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა - პერსონალური მონაცემებია, რასაც დაცვა და გაზიარებისას დაფიქრება სჭირდება.

მნიშვნელოვანია იცოდეთ:

  •  რა მონაცემებს აგროვებს AI
  •  როგორ ამუშავებს და რისთვის იყენებს მათ
  •  შეგიძლიათ თუ არა მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან დაბლოკვა
  •  რა რისკები არსებობს მონაცემების უკანონოდ დამუშავებისას


ამ კამპანიაში გაიგებთ, როგორ დაიცვათ თქვენი უფლებები AI-ის ეპოქაში.

იყავი გონიერი ხელოვნურ ინტელექტთან!

 

 

ხელოვნური ინტელექტი (AI) წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას. მას შეუძლია გაანალიზოს, ისწავლოს და მიიღოს გადაწყვეტილებები ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების მსგავსად. 

ხელოვნური ინტელექტის განვითარება დამოკიდებულია მონაცემებზე — გარკვეული შინაარსის ტექსტზე, სურათებზე, ხმასა და ქცევის ნიმუშებზე. აღნიშნული AI- ის  ესაჭიროება  ინფორმაციის გაანალიზებისა  და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 

როდესაც მონაცემები  იძლევა ფიზიკური პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, იგი წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით არის დაცული. 


კანონის თანახმად, მონაცემთა დამუშავება ნიშნავს მონაცემებზე განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებას, მათ შორის, შეგროვებას, შენახვას, ურთიერთდაკავშირებას, გადაცემას, წაშლას და სხვა.

 AI სისტემების სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე — შექმნისას, განვითარებისა და გამოყენებისას, მუშავდება განუსაზღვრელი ოდენობით მონაცემი. ამიტომ აუცილებელია იცოდეთ, თუ რა მონაცემები მუშავდება AI სისტემის ფარგლებში, რა მიზნებისთვის და ვინ არის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.

 

 

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სისტემებით სარგებლობისას, თქვენ გაქვთ უფლება სრული ინფორმაცია მიიღოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პროცესთან დაკავშირებით, ასევე, გაეცნოთ თქვენს შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ მათი ასლები, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოთ თქვენს შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება, ასევე მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, დაბლოკვა, პორტირება. 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გაქვთ უფლება, არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

 

 

არაერთი გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე, მაგალითად, სესხის დამტკიცება, ვაკანტურ პოზიციაზე ან მომსახურების შეფასება —შესაძლოა, მიღებულ იქნას ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.

 ამგვარი გადაწყვეტილებები ხშირად, ეფუძნება მონაცემთა ავტომატურ ან ნახევრად ავტომატურ დამუშავებას, რაც გულისხმობს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით შესრულებულ ანალიზს და პროფაილინგს, ანუ თქვენი პიროვნული მახასიათებლების, ქცევის შეფასებას ან პროგნოზირებას.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ განმარტება ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად. 

შესაბამისი მოთხოვნისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, რომ თქვენი თავისუფლებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მიიღოს სათანადო ზომები, რაც ამასთანავე გულისხმობს ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართვას, თქვენთვის მოსაზრებების გამოთქმის და გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭებას.

 

 

ბანკები და საფინანსო ინსტიტუციები სულ უფრო ხშირად იყენებენ AI-ს სესხების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ფინანსური დანაშაულების გამოსავლენად ანდა საბანკო პროდუქტების შესახებ რეკომენდაციების გასაწევად. 

 თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, ახდენს თუ არა გავლენას AI სისტემა ბანკის მიერ თქვენთვის არსებითად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და გამოიყენება თუ არა თქვენ შესახებ ინფორმაცია AI სისტემის სწავლების და შემდგომი განვითარების მიზნებისათვის. ასევე, გადაეცემა თუ არა თქვენ შესახებ დამუშავებული მონაცემები სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს სხვა AI სისტემის სწავლებისთვის. 

თუკი მიგაჩნიათ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ (დამოუკიდებლად) მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, თქვენ გაქვთ აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვისა და გასაჩივრების უფლება.

მსგავსი საინფორმაციო კამპანიები