ზოგადი ინფორმაცია
თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით, შეგიძლიათ სამსახურს მომართოთ განცხადებით და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა.
განცხადებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, ფაქტობრივი მისამართი (სადაც შესაძლებელი იქნება კორესპონდენციის ჩაბარება) ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუ განმცხადებელს სურს კორესპონდენციის გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ტელეფონის ნომერი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია. წარმომადგენლის მეშვეობით მომართვის შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ განმცხადებლის ან წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენა;
- განმცხადებლის კანონით გათვალისწინებული უფლებების სავარაუდო დამრღვევი დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ისეთი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომლებიც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შესაძლებელს გახდის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას;
- შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის სავარაუდო თარიღი (რიცხვი/თვე/წელი);
- შესაძლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებების აღწერა და მისი არსი;
- მონაცემთა სუბიექტის (განმცხადებლის) მოთხოვნა;
- განცხადების წარდგენის თარიღი;
- განმცხადებლის ან მისი წარმომადგენელის ხელმოწერა.
დამატებით, განცხადებას თანდართული დოკუმენტის სახით უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ განცხადება ელექტრონულად ხელმოწერილია ან/და შტამპდასმულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად), ხოლო არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მტკიცებულებებიც (მაგ., ფოტომასალა).
განცხადების წარმომადგენლის მეშვეობით წარმოდგენის შემთხვევაში განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს – უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, განმცხადებლისა და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხოლო თუ განცხადება ელექტრონულად ხელმოწერილია ან/და შტამპდასმულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო.
განცხადებით მომართვა შესაძლებელია როგორც წერილობითი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური (მის.: თბილისი, ვაჩნაძის ქ. №7; ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა №48)), ასევე ელექტრონული ფორმით (ხელმოწერილი და დასკანერებული ან ფოტოსურათის სახით). განცხადების ელექტრონული ფორმით გამოგზავნის შემთხვევაში განცხადება უნდა გამოგზავნოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმის წარმოების პროგრამის მეშვეობით ან სამსახურის ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე – office@pdps.ge.
დამატებით გაცნობებთ, რომ სამსახურის მიერ შემუშავებული განცხადების სტანდარტული ფორმის შევსება სავალდებულო არ არის , მთავარია სამსახურში წარმოდგენილი განცხადება სრულად შეიცავდეს ზემოჩამოთვლილ ინფორმაციას.