ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება „ლეგიტიმური ინტერესის“ განმარტების შესახებ
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (“CJEU”) (Case C-621/22[1]) ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (&ldq...
2024-06-05
2024 წლის 21 მაისს, ტელეკომუნიკაციების საბჭომ (“The Telecoms Council”)[1] ერთხმად მიიღო სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია საბჭოს დასკვნები ევროკავშირის ციფრული პოლიტიკის მომავლის შესახებ.[2]
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ევროკავშირის ფარგლებში ციფრული პოლიტიკის შესახებ არაერთი რეგულაცია იქნა მიღებული, მათ შორისაა, ხელოვნური ინტელექტისა[3] და მონაცემთა შესახებ[4] აქტები. ასევე, შეიქმნა ევროპის მონაცემთა ინოვაციის საბჭო, ევროპის ხელოვნური ინტელექტის საბჭო, რომელთა მიზანია ეროვნული კომპეტენტური ორგანოების კოორდინაცია ციფრული პოლიტიკის შემუშავების პროცესში. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ფრაგმენტაციის ასარიდებლად, ევროკომისია და წევრი სახელმწიფოები აძლიერებენ კოორდინირებულ ურთიერთთანამშრომლობას.
რაც შეეხება უშუალოდ ტელეკომუნიკაციების საბჭოს მიერ შემუშავებულ სარეკომენდაციო დოკუმენტს, მასში ხაზგასმულია, რომ ევროპის ერთიანი ციფრული ბაზრის (“Digital Single Market”) გარდაქმნა და განვითარება მნიშვნელოვანია საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ეკონომიკური ზრდისა და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით.
სარეკომენდაციო დოკუმენტში წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი საკითხები:
სარეკომენდაციო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ინოვაციურ ტექნოლოგიებთან მიმართებით, გასათვალისწინებელია ერთიანი სტრატეგიული მიდგომები. საბჭოს რეკომენდაცია, ასევე, შეეხება მეწარმეობისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობას, რა მიზნითაც მნიშვნელოვანია, სათანადო გარანტიების შექმნა ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული იმგვარი რისკების ასარიდებლად, როგორიცაა: დისკრიმინაცია, დეზინფორმაცია, კიბერძალადობა, პერსონალურ მონაცემთა მითვისება, მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა და სხვა. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციით“ განსაზღვრულ დებულებებს, რომელიც განსაზღვრავს რიგ ვალდებულებებს ონლაინ პლატფორმების საძიებო სისტემებთან მიმართებით.
სარეკომენდაციო დოკუმენტში ხაზგასმულია სოციალური რისკების დაძლევის მნიშვნელობა, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა უფლებების დასაცავად. ამასთან, სასურველია, შეიქმნას სადისკუსიო პლატფორმები და გაძლიერდეს ურთიერთთანამშრომლობა ევროკავშირის ფარგლებში სანდო და უსაფრთხო ონლაინ გარემოს შესაქმნელად.
წევრი სახელმწიფოებისა და ევროპული კომისიის მიზანია, კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობით დაამკვიდრონ ერთიანი სტანდარტები ევროკავშირისა და ეროვნული კანონმდებლობის დონეზე, რისთვისაც მნიშვნელოვანია ციფრული, კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუციებთან თანამშრომლობა:
„ქსელური და საინფორმაციო უსაფრთხოების ევროპული სააგენტო“ (“ENISA”); „ევროპული კიბერ უსაფრთხოების კომპეტენციის ცენტრი“ (“ECCC”); „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭო“ (“EDPB”); „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ევროპული მარეგულირებელი ორგანო“ (“BEREC”).
ევროკავშირის ვალდებულება ― უზრუნველყოს უსაფრთხო, დაცული, ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და მდგრადი ციფრული გარდაქმნა (“Digital Transformation”) ეფუძნება კონკურენტუნარიანობის პრინციპსა და ორიენტირებულია ადამიანის უფლებათა დაცვაზე. ევროკავშირი გამოხატავს სურვილს, ჰქონდეს წამყვანი როლი ციფრული გარდაქმნისა და მმართველობის პროცესში, რაც განავითარებს კვლევისა და ინოვაციის მიმართულებებს, ციფრულ შესაძლებლობებსა და ინფრასტრუქტურას.
[1] საბჭო აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ციფრულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ უწყებათა მინისტრებს.
[2] სრული ვერსია იხ. წინამდებარე ბმულზე: <https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-9957-2024-INIT/en/pdf>.
[3] AI Act, <https://digital-strategy.ec.europa.eu/en/policies/regulatory-framework-ai>, [5.06.2024].
[4] Data Act, 11 January 2024. <https://digital-strategy.ec.europa.eu/en/policies/data-act>, [5.06.2024].