ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-06-19

ესპანეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“AEPD”) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო დააჯარიმა


2024 წლის 22 მაისს, ესპანეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“AEPD”) გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელიც  დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ დებულებების დარღვევას შეეხება.[1]

ფაქტობრივი გარემოებები:

2024 წლის 22 აპრილს, ესპანეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ ერთ-ერთი დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის შემოწმების ფარგლებში, მის წინააღმდეგ მონაცემთა სუბიექტის საჩივართან დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენა ორჯერ მოსთხოვა, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, საზედამხედველო ორგანოს ინფორმაცია არ გაუზიარა.

საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება:

“GDPR”-ის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის “e” ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია, საკითხის შესწავლის ფარგლებში დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა. ხოლო, აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს “GDPR”-ის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის “e” ქვეპუნქტით განსაზღვრული სანქციის შეფარდებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საზედამხედველო ორგანომ მიზანშეწონილად მიიჩნია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისათვის 160 000 ევროს ოდენობით სანქციის დაწესება. ჯარიმის განსაზღვრისას, საზედამხედველო ორგანომ მხედველობაში მიიღო დარღვევის სიმძიმე.

ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ ესპანეთის სამეფოს კანონმდებლობის თანახმად, ჯარიმის მოცულობის შემცირების საფუძველს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დარღვევის აღიარება, შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება და ჯარიმის ნებაყოფლობითი გადახდა წარმოადგენს, რის გამოც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიმართ დადგენილი ჯარიმის ოდენობა 96 000 ევრომდე შემცირდა. ამავდროულად, საქმის შესწავლის მიზნით, ესპანეთის საზედამხედველო ორგანომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში დაავალა.

 

[1] GDPRHub, AEPD (Spain), 22.05.2024: <https://gdprhub.eu/index.php?title=AEPD_(Spain)_-_EXP202405119>, [3.06.2024].

 

მსგავსი #Datanewsroom