ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-06-24

“ChatGPT”-ის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა “GDPR”-თან მის შესაბამისობაზე იმსჯელა


“ChatGPT”-ის[1] ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველმა „ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს“ (“EDPS”) სამუშაო ჯგუფმა ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.[2] ანგარიშში წარმოდგენილია სამართლებრივი შეფასება, რომელიც ევროკავშირში “ChatGPT”-ის ფუნქციონირების პროცესში წამოჭრილ სამართლებრივ საკითხებს შეეხება. გასათვალისწინებელია, რომ “ChatGPT”-ის შესწავლა კვლავ მიმდინარეობს.

“GDPR”-ის თანახმად, პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობა. ამ თვალსაზრისით “ChatGPT”-ს გააჩნია შეზღუდული არჩევანი და პერსონალური მონაცემის დამუშავების საფუძვლად იყენებს მხოლოდ ლეგიტიმურ ინტერესსა და მონაცემთა სუბიექტის თანხმობას. სამუშაო ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული რისკების შემცირების საჭიროებაზე. ამ მიმართულებით, პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში მნიშვნელოვანია გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინება. “GDPR”-თან შესაბამისობის თვალსაზრისით, შეშფოთებას იწვევს ინტერნეტ წყაროების მეშვეობით ინფორმაციის ამოღებისა (“web scraping”) და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მოპოვება.

სამუშაო ჯგუფის შეფასებით, აუცილებელია, მონაცემთა დამუშავების პროცესის ყველა ეტაპზე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობა. ამავდროულად, მიზანშეწონილია, მიღებული იქნას შესაბამისი ზომები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე ზეგავლენის შესამცირებლად. ასევე, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვის მიზნით, აუცილებელია პლატფორმის მომხმარებელთა ინფორმირება. ანგარიშში დამატებით აღნიშნულია, რომ მონაცემთა სუბიექტების მიერ უფლებებით სარგებლობის ხელშესაწყობად აუცილებელია ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება.

ანგარიშის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან შესაბამისობა გარკვეულ გამოწვევად რჩება განსაკუთრებით ისეთი კომპანიისთვის, როგორიცაა “OpenAI”. ამისათვის, არსებითად მნიშვნელოვანია მისი მუდმივი მონიტორინგი ევროკავშირის პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

 

 

[1] “OpenAI”-ის სისტემური ნაწილი.

[2] Report of the work undertaken by the ChatGPT Taskforce, EDPB, 23 May 2024,

<https://www.edpb.europa.eu/system/files/2024-05/edpb_20240523_report_chatgpt_taskforce_en.pdf>, [10.06.2024].

მსგავსი #Datanewsroom