ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-07-15

საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს რეკომენდაცია (“CNIL”) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების ეროვნული სისტემის (“National Health Data System”) შესახებ


2024 წლის 24 ივნისს, საფრანგეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“CNIL”) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების ეროვნული სისტემის (“SNDS”) შესახებ რეკომენდაციები[1] გამოსცა. აღნიშნული დოკუმენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოს დაეყრდნო, რომელიც მონაცემების ეროვნულ სისტემასა (“SNDS”) და საჯარო თუ კერძო სამედიცინო დაწესებულებებში რეგისტრაციის საკითხს შეეხება.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების ეროვნული სისტემა (“SNDS”) წარმოადგენს ე. წ. „მონაცემთა ბაზას“, სადაც ფიზიკური პირების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციაა განთავსებული. სისტემის მიზანია დაეხმაროს მკვლევრებსა და სამედიცინო სფეროში ჩართულ პირებს ჯანმრთელობის ტენდენციების შესწავლასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებაში.

რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ წერილებზე, დოკუმენტებზე, ნიმუშებსა და სამედიცინო ანგარიშებზე აღნიშნული ნომერი (“NIR”)[2] წარმოადგენს საჯარო იდენტიფიკატორს. თითოეული კომუნიკაცია უნდა იყოს უსაფრთხო, თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ავთენტიფიკაციის ზომებისა და დაშიფვრის მეთოდების გამოყენებით.

საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო ნომერი (“NIR”) მხოლოდ ერთ ადგილას (“single source location”) ან პასუხისმგებელ მესამე პირთან უნდა ინახებოდეს დაშიფრული სახით, ხოლო ინფორმაციის გადაცემისას ჯანმრთელობის მონაცემებისგან განცალკევდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მესამე პირებს ცენტრების მიერ შენახულ მონაცემებზე, მათ შორის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პერსონალურ ინფორმაციაზე, წვდომა არ გააჩნდეთ.

გამოქვეყნებული რეკომენდაცია ხაზს უსვამს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა კანონიერად დამუშავების, სარეგისტრაციო ნომრების უსაფრთხოდ განთავსებისა და დაშიფვრის მნიშვნელობას. სახელმძღვანელოში განხილული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მონაცემთა უსაფრთხოების გაძლიერებასა და პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

 

[1] France: CNIL publishes recommendation on National Health Data System registry,

<https://www.dataguidance.com/news/france-cnil-publishes-recommendation-national-health>  [29.06.2024]

[2]სარეგისტრაციო ნომერი (“NIR”) წარმოადგენს უნიკალურ იდენტიფიკატორს, რომელიც ენიჭება ფიზიკურ პირებს ადმინისტრაციული მიზნებისთვის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კონტექსტში. იგი გამოიყენება სხვადასხვა დოკუმენტებსა და ჩანაწერებში პირთა იდენტიფიცირებისთვის.

მსგავსი #Datanewsroom