ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-07-17

ბელგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტის განცხადების შესწავლაზე უარის თქმის უფლებამოსილების შესახებ


ბელგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, მონაცემთა სუბიექტის განცხადების შესწავლაზე უარის თქმის უფლებამოსილების შესახებ  იმსჯელა და განმარტა, რომ საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვა არ გულისხმობს ყველა განცხადების დაკმაყოფილებას, მონაცემთა სუბიექტისთვის სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით.[1]

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა ― კომერციულმა ბანკმა მოსთხოვა მონაცემთა სუბიექტს საბანკო სადეპოზიტო ანგარიშზე განსახორციელებელი მოქმედებების მიზნით, წარმოედგინა მშობლების საიდენტიფიკაციო მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ქონება, რომელიც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, მონაცემთა სუბიექტისა და მისი მშობლების თანასაკუთრება იყო. მონაცემთა სუბიექტმა აღნიშნა, რომ დამატებითი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოთხოვნა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან არ გამომდინარეობდა და მის მშობლებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეეძლოთ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გამოცხადება.

ბელგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს განმარტებით, მონაცემთა სუბიექტისთვის კომერციული ბანკის, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი მოთხოვნა პირდაპირ გამომდინარეობდა ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი საკანონმდებლო აქტიდან, რომელიც კომერციულ ბანკებს ავალდებულებს, დაადგინონ აღნიშნული კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში მონაწილე ფიზიკურ პირთა ვინაობა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინა, რომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ჰქონდა ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციით“ განსაზღვრული პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირდაპირი საფუძველი.

ბელგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ 77-ე მუხლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს. თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს საზედამხედველო ორგანოს მიერ თითოეული განცხადების სიღრმისეულ შესწავლას და საქმის მოკვლევას იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა საზედამხედველო ორგანოს შერჩევითი პრინციპით მოქმედების თავისუფლებას ანიჭებს, რათა უზრუნველყოს კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება.

 

 

 

 

[1] Decision of DPA (Belgium), №91/2024, <https://gdprhub.eu/index.php?title=APD/GBA_(Belgium)_-_91/2024> [02.07.2024].

მსგავსი #Datanewsroom