ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-07-19

ლიეტუვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (“VDAI”) რეკომენდაცია დასაქმებულთა ნასამართლობის შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე


2024 წლის 8 ივნისს, ლიეტუვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“VDAI”) დასაქმებულების ნასამართლობის შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე რეკომენდაცია შეიმუშავა.[1] დოკუმენტში განხილულია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლებს დასაქმებულთა ნასამართლობის შესახებ ჩანაწერების დამუშავება შეუძლიათ.

დამსაქმებელი უფლებამოსილია დაამუშაოს დასაქმებულთა ნასამართლობის შესახებ ჩანაწერები, როდესაც მას აქვს ამის კანონიერი ვალდებულება ან/და როდესაც ისინი დამსაქმებლის ლეგიტიმური ინტერესებისთვის მუშავდება. საგულისხმოა, რომ აღნიშნულის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მონაცემთა სუბიექტს.

რეკომენდაციაში ხაზგასმულია, რომ „კომერციული ბანკების შესახებ“ ლიეტუვის კანონის (“Banking Law of Lithuania”) 34-ე მუხლის თანახმად, თანამშრომელთა ნასამართლობის შესახებ ცნობების შეგროვება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც თანამშრომელთა ფუნქციები უკავშირდება ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) ვალდებულებების შესრულებას, თუმცა დამსაქმებლებს აკისრიათ მტკიცების ტვირთი დამუშავების კანონიერების დასაბუთების თაობაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე მუშავდება დასაქმებულის ნასამართლობის შესახებ მონაცემები, დამსაქმებელი ვალდებულია, შეაფასოს ინტერესთა ბალანსი, აგრეთვე, კონსულტაციისთვის მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს (“DPO”).

დამსაქმებელმა უნდა განსაზღვროს თანამდებობათა სია, რომელზეც დანიშნული პირები არ უნდა იყვნენ ნასამართლევი და მხოლოდ საჭიროებისამებრ დაამუშაოს მონაცემები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელმა უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან მიიღოს ნასამართლობის შესახებ ცნობები.

ლეგიტიმური ინტერესის შეფასებისას, დამსაქმებლებმა უნდა გაითვალისწინონ:

  • თანამდებობის სპეციფიკური მოვალეობების თავისებურებები;
  • დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებული რისკები;
  • ნასამართლობის არქონის მოთხოვნის დასაბუთება;
  • დასაქმებულის უფლებებისა და თავისუფლებების შეფასება;
  • სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

ლიეტუვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს რეკომენდაცია იძლევა მკაფიო მითითებებს დამსაქმებლებისთვის, რათა კანონიერად დამუშავდეს დასაქმებულთა ნასამართლობის შესახებ მონაცემი. რეკომენდაცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს ცნობების სათანადოდ და გამჭვირვალედ გამოყენება, რაც, ხელს შეუწყობს ორგანიზაციების სამართლებრივ შესაბამისობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან და ასევე, კონფიდენციალობის უფლების დაცვას შრომით ურთიერთობებში.

 

 

[1] Lithuania: VDAI publishes recommendation on processing of criminal data by employers, <https://www.dataguidance.com/news/lithuania-vdai-publishes-recommendation-processing>, [10.07.2024]

მსგავსი #Datanewsroom