2024-07-23
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს (“ECtHR”) გადაწყვეტილება პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესახებ
2024 წლის 14 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (“ECtHR”) საქმეზე “Mitrevska V. North Macedonia”[1] მიიღო გადაწყვეტილება პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის შესახებ. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მომჩივანს თავისი წარმომავლობისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის უფლება შეეზღუდა. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევაზე იმსჯელა.
- საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანს 1977 წელს დაბადებული ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქე წარმოადგენდა, რომელიც ბავშვობაში სათანადო საკანონმდებლო მოთხოვნათა დაცვით იქნა გაშვილებული. 2014 წელს მას დაუსვეს დეპრესიული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი. მკურნალმა ექიმებმა მას ოჯახის სამედიცინო ისტორიის შესახებ მოსთხოვეს ინფორმაცია, რათა დაედგინათ დაავადების გენეტიკური ხასიათი. 2017 წლის 19 აპრილს გაშვილების შესახებ ცნობების გამოთხოვის მიზნით, მომჩივანმა სკოპიეს სოციალური ზრუნვის ორგანოს და შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „შვილად აყვანის კომისიას“ მიმართა. მას ორივე მოთხოვნაზე უარი ეთქვა „საოჯახო სამართლის კანონის“ 123-ე მუხლის „ა“ პუნქტზე მითითებით, რომლის თანახმად, გაშვილების შესახებ ცნობები სრულად კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს. ამასთან, კანონი არ ითვალისწინებდა საგამონაკლისო შემთხვევებს სამედიცინო საჭიროების მიზნებისათვის. მომჩივანმა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები ეროვნულ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საჩივრები არ იქნა დაკმაყოფილებული.
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევის მართლზომიერების შესაფასებლად შვილების უფლების სენსიტიურ და ეთიკურ საკითხებზე იმსჯელა. სუბიექტთა მოწყვლადობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ინდივიდუალური კონფიდენციალობის უფლებისა და საჯარო ინტერესებს შორის ურთიერთბალანსი. სასამართლომ შეაფასა მომჩივნის ფუნდამენტური უფლებები ― ერთი მხრივ, თავისი წარმომავლობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის უფლება, რომელიც მისი პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია; ხოლო მეორე მხრივ ― ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის უფლება. აღნიშნულ უფლებებს უპირისპირდება დედის მოლოდინი, რომ გაშვილების პროცედურა და მასთან დაკავშირებული დეტალები დარჩება სრულად კონფიდენციალური.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სკოპიეს სოციალურმა სამსახურმა და „შვილად აყვანის კომისიამ“ ვერ მოახერხეს დაპირისპირებული ინტერესების სათანადო დაბალანსება და შეფასება. შვილად აყვანასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ხოლო მასზე უარი არღვევს კონფიდენციალობისა და ოჯახური ცხოვრების უფლებას. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში შეფასდეს, როგორც მომჩივნის, ისე საჯაროსამართლებრივი ინტერესები და სახელმწიფოს ვალდებულებები.
შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული „საოჯახო სამართლის კანონის“ 123(ა) მუხლის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოების ორივე გადაწყვეტილება, წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად, მომჩივანს უფლება აქვს, მიიღოს სამართლიანი კომპენსაცია მისი უფლებების დარღვევისთვის. შესაბამისად, ჩრდილოეთ მაკედონიას დაეკისრა არამატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 4 500 ევროს (4 872 აშშ დოლარი) ოდენობით.