2024-07-24
ირლანდიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მონაცემთა დამუშავების შესახებ
ირლანდიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ განიხილა ფიზიკური პირის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ― მედია ორგანიზაციის მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებას.[1] დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მიუთითებდა, რომ იგი მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, რაც შეესაბამებოდა ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციით“ გათვალისწინებულ საგამონაკლისო წესს.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემებს საჯარო ინტერესის ფარგლებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აქვეყნებდა და მას ჰქონდა საზოგადოების ინფორმირების მკაფიო მიზანი. საზედამხედველო ორგანომ განმარტა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების შეზღუდვის მოთხოვნა არ წარმოადგენს ერთადერთ საკმარის საშუალებას საჯარო ინტერესების დასაძლევად.
საზედამხედველო ორგანომ იხელმძღვანელა ძირითადი რეგულაციის 85-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავებას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში. კერძოდ, წევრი სახელმწიფოები უფლებამოსილნი არიან, დაადგინონ პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების შესაბამისობა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებასთან. ამასთანავე, აღინიშნა, რომ ირლანდიის ეროვნული კანონმდებლობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით მონაცემთა დამუშავებას საგამონაკლისო წესით აწესრიგებს.
აღსანიშნავია, რომ საგამონაკლისო წესი ვრცელდება ძირითადი რეგულაციის მე-2 თავთან (პრინციპები), მე-3 (მონაცემთა სუბიექტის უფლებები), მე-4 (მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და უფლებამოსილი პირი), მე-5 (მონაცემების მესამე სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა), მე-6 (დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო), მე-7 (თანამშრომლობა და თანამიმდევრულობა) და მე-9 თავებთან (მონაცემთა დამუშავების სპეციფიური სიტუაციები) მიმართებით, თუ ეს აუცილებელია პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების გამოხატვის თავისუფლებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
ირლანდიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ შეწყვიტა საჩივრის განხილვა, რადგან დაადგინა, რომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი კანონიერად მოქმედებდა ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ 85-ე მუხლის ფარგლებში.