ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-07-26

შვედეთის ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება მუსიკალური აპლიკაციის კომპანია “Spotify AB”-სთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობის შემცირების შესახებ


შვედეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ, განმცხადებლის მიმართვის საფუძველზე, განიხილა შვედეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ― მუსიკალური აპლიკაციის კომპანია Spotify AB”-ს დაეკისრა 5 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმა, ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ მე-15 მუხლის დარღვევის გამო.[1]

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ საზედამხედველო ორგანოს მიერ დაკისრებული ჯარიმა  3.5 მილიონ ევრომდე შეამცირა. სასამართლომ გაიზიარა საზედამხედველო ორგანოს განმარტებები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ მე-15 მუხლის დარღვევის შესახებ, რომლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან მოითხოვოს დადასტურება, მუშავდება თუ არა მისი მონაცემები და მიიღოს ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციით“ განსაზღვრული ინფორმაცია. მოცემულ საქმეში, მუსიკალური აპლიკაციის მომხმარებლებს არ ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია საკუთარი მონაცემების დამუშავების შესახებ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა დაეყრდნო კომპანიის მიერ ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის და მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობას. ძირითადი რეგულაციის მე-12 მუხლი აწესრიგებს ინფორმაციის გამჭვირვალობას და მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელების თავისებურებებს. აღნიშნული გულისხმობს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვალდებულებას, მიიღოს სათანადო ღონისძიებები, რათა მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს ძირითადი რეგულაციის მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაცია და წარმართოს მასთან 15-22 მუხლებითა და 34-ე მუხლით განსაზღვრული კომუნიკაცია ამომწურავი, გამჭვირვალე, გასაგები და მარტივად ხელმისაწვდომი ფორმით.

შესაბამისად, შვედეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გაიზიარა საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ დარღვევის შესახებ, თუმცა საქმეში არსებული გარემოებების შესწავლის შედეგად, შეამცირა დაკისრებული ჯარიმის ოდენობა, რადგან მიიჩნია, რომ დარღვევა არ იყო ისეთი სიმძიმის, როგორც აღნიშნული საზედამხედველო ორგანომ შეაფასა.[2]   

 

 

[1] Court reduces Spotify GDPR fine, <https://gdprbuzz.com/news/court-reduces-spotify-gdpr-fine-to-4-million-euros/> [22.07.2024].

[2] Sweden: IMY Fines Spotify SEK 58M for Failures regarding Data Subject Requests, <https://www.dataguidance.com/news/sweden-imy-fines-spotify-sek-58m-failures-regarding> [22.07.2024].

მსგავსი #Datanewsroom