2024-08-14
ინფორმაცია საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (“CNIL”) ახალი უფლებამოსილების შესახებ
2024 წლის 21 მაისს მიღებული კანონით ციფრული გარემოს შესახებ (№2024-449)[1], საფრანგეთის მონაცემთა დაცვის ორგანოს (“CNIL”) უფლებამოსილებების ფარგლები გაიზარდა.[2] აღნიშნული კანონი “CNIL”-ს აღსრულების ახალი შესაძლებლობებით აღჭურავს და საშუალებას მისცემს გაზარდოს ინსპექტირებების ეფექტიანობა.
საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, “CNIL” პასუხისმგებელია ზედამხედველობა გაუწიოს საფრანგეთში დაფუძნებულ ონლაინ პლატფორმებს, „ციფრული სერვისების შესახებ აქტის“ (“DSA”) დებულებების აღსრულების მიზნით. აღნიშნული მოიცავს რეკლამების გამჭვირვალობის ვალდებულებების დაცვას და მომხმარებლის პროფილზე მორგებული რეკლამის აკრძალვას, რომელიც იყენებს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულებებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემებს. იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმები არ იქნება კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, შესაძლოა, დაეკისროთ ჯარიმები დიდი ოდენობით (შემოსავლის ექვს პროცენტამდე), ასევე, დამატებითი ჯარიმები, ინსპექტირების ხელის შეშლის შემთხვევაში.
გარდა ამისა, “CNIL”-ის ვალდებულებაა, აღასრულოს „ციფრული მართვის აქტის“ (“DGA”) დებულებები, რომლებიც დაკავშირებულია მონაცემთა ალტრუიზმთან. აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს მონაცემთა ნებაყოფლობით გაზიარებას საჯარო ინტერესების მიზნებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვა და კლიმატის ცვლილება. საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო, ასევე, განიხილავს საჩივრებს გამჭვირვალობის საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზაციებში.
აღნიშნული ცვლილებები აფართოებს საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს, რაც განპირობებულია მონაცემთა დაცვის სფეროს მზარდი განვითარებითა და ახალი ტექნოლოგიური სიახლეების ინტეგრირებით.
[1] https://www.legifrance.gouv.fr/loda/id/JORFTEXT000049563368/2024-07-01/