ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-08-16

ინფორმაცია ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის მონაცემთა უსაფრთხო გადაცემის ახალი მოდელის შესახებ, ევროკავშირის დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის


2024 წლის 31 ივლისს ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველმა გამოაქვეყნა ადმინისტრაციული მოწყობის მოდელი პერსონალურ მონაცემთა გადაცემისათვის.[1] მოდელი ეხება საერთაშორისო ორგანიაციებისათვის მონაცემთა გადაცემას ევროკავშირის  ორგანოებიდან და სააგენტოებიდან.

მონაცემთა გადაცემის მოდელი შემუშავდა ევროკავშირის იმ სააგენტოების დასახმარებლად,  რომლებიც თავიანთი საქმიანობის პროცესში გადასცემენ მონაცემებს საერთაშორისო ორგანიზაციებს. მოდელი მიზნად ისახავს ევროკავშირის სააგენტოების დახმარებას მონაცემთა გადაცემის საკითხებში, რათა სააგენტოებმა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან და „მონაცემთა დაცვის ძირითად რეგულაციასთან“[2] შესაბამისად გადასცენ მონაცემებს საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,[3] ევროკავშირის სააგენტოებმა, თავიანთი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, შესაძლოა, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდონ ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა მაგალითად,  საკვებით დახმარება ან ადამიანის უფლებების შესახებ ადვოკატირება.

ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი მიიჩნევს რომ, მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, როგორც ევროკავშირისა და ევროპული ეკონომიკური სივრცის შიგნით, ასევე მის გარეთ. ადმინისტრაციული მოწყობის მოდელი პერსონალურ მონაცემთა გადაცემისათვის დაეხმარება ევროპულ სააგენტოებს ეფექტურად განახორციელონ საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, საჭიროებისამებრ, პერსონალური მონაცემების გადაცემისათვის.

წინამდებარე მოდელი დაფუძნებულია მონაცემთა დაცვის ძირითად პრინციპებზე და აწესებს  დაცვის აუცილებელ მექანიზმებს, რათა უზრუნველყოს ევროკავშირის კანონმდებლობის მონაცემთა დაცვის  შესაბამისი ხარისხი.

ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის გადაწყვეტილების დანართი[4] შეიცავს ინფორმაციას მოდელში განხილულ საკითხებზე:

  • შესაბამის განმარტებებს;
  • მონაცემთა დაცვის გარანტიებს, მათ შორის, მონაცემთა დამუშავების მიზნის შეზღუდვას, მონაცემთა მთლიანობას და კონფიდენციალურობას, მონაცემთა სიზუსტეს და სისრულეს, მონაცემთა შენახვის ვადას;
  • მონაცემთა სუბიექტების უფლებები, მათ შორის, გამჭვირვალობას, ავტომატურ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღებას;
  • მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღების უფლებას;
  • განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შესახებ ინფორმაციას;
  • მონაცემთა სუბიექტების საჩივრებზე დროული რეაგირება;
  • დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.

ევროკავშირის სააგენტოები ვალდებულნი არიან მონაცემთა გადაცემისას, წინამდებარე მოდელის გამოყენების პარალელურად, მიიღონ დასტური მონაცემთა გადაცემაზე ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველისაგან.  მონაცემთა გადაცემის ახალი მოდელის გამოყენება ხელს შეუწყობს და გაამარტივებს მონაცემთა გადაცემის შესახებ ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის თანხმობის  მიცემის პროცესს  ევროკავშირის სააგენტოებისათვის.

მსგავსი #Datanewsroom