2024-08-20
გაერთიანებული სამეფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს დასკვნა კონფიდენციალობის გამაძლიერებელი ტექნოლოგიების (Privacy-enhancing Technologies - PETs) შესახებ
გაერთიანებული სამეფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ კონფიდენციალობის გამაძლიერებელი ტექნოლოგიების (“Privacy-enhancing Technologies – PETs”) შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასახული მიზნის მისაღწევად საზედამხედველო ორგანოს ინიციატივით დაიწყო აქტიური თანამშრომლობა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ და უფლებამოსილ პირებთან მონაცემთა დამუშავების პროცესში არსებული გამოწვევების შესაფასებლად და კონფიდენციალობის გამაძლიერებელი ტექნოლოგიების შესამუშავებლად. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული მოქმედებების მიუხედავად, ჯერ კიდევ დაბალია ინტერესი აღნიშნული ტექნოლოგიების მიმართ, რადგან მათი შემუშავება, შესაძლოა, დამატებით ფინანსურ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული.[1]
არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საზედამხედველო ორგანოს დასკვნა გამოკვეთს იმ უპირატესობებს, რომლებიც კონფიდენციალობის გამაძლიერებელი ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, მონაცემთა დამმუშავებლებისთვის მოსალოდნელი რისკების წინასწარ დაზღვევას.
დოკუმენტი მიემართება საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებს, რომლებიც მონაცემთა გადაცემის პროცესში აქტიურად გამოიყენებენ აღნიშნულ ტექნოლოგიებს; ორგანიზაციებს, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან მსგავსი ტექნოლოგიების შემუშავებასა და მონაცემთა დამმუშავებლებისთვის მიწოდებაზე; მონაცემთა დაცვის ეროვნულ და უცხოეთის საზედამხედველო ორგანოებს.
კონფიდენციალობის გამაძლიერებელი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი გამოწვეულია თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეებითა და მონაცემთა დამუშავების ავტომატური საშუალებების განვითარებით, სადაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.
საზედამხედველო ორგანოს დასკვნის პირველ ნაწილში განხილულია წინააღმდეგობები, რომლებსაც გადააწყდა სამუშაო ჯგუფი საკითხზე მუშაობისას და საპასუხო მოქმედებები წინააღმდეგობათა დასაძლევად. მეორე ნაწილი ეხება მონაცემთა სუბიექტების, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების ფარული გამოკითხვის შედეგებს აღნიშნული ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმართ. მესამე ნაწილში წარმოდგენილია კონფიდენციალობის გამაძლიერებელი ტექნოლოგიების დანერგვის ძირითადი რეკომენდაციები სამიზნე ჯგუფების შესაბამისად.
ამდენად, აღნიშნული დოკუმენტის მიზანია მხარი დაუჭიროს კონფიდენციალობის გამაძლიერებელი ტექნოლოგიების შემუშავებას და გამოყენებას ორგანიზაციებს შორის მონაცემთა გაცვლისას.
[1] Tackling barriers to privacy-enhancing technologies adoption - a PETs project report, <https://ico.org.uk/about-the-ico/research-reports-impact-and-evaluation/research-and-reports/technology-and-innovation/tackling-barriers-to-privacy-enhancing-technologies-adoption/> [15.08.2024].