2024-09-02
ინფორმაცია საინიციატივო ჯგუფ “NYOB”-ს საჩივრების შესახებ ევროპარლამენტის წინააღმდეგ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის ინციდენტთან დაკავშირებით
2024 წლის 22 აგვისტოს, საინიციატივო ჯგუფმა სახელწოდებით (NOYB)[1] განაცხადა ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში ევროპარლამენტის წინააღმდეგ ორი[2] საჩივრის შეტანის თაობაზე, რომლებიც ეხება ევროპარლამენტის ადამიანური რესურსების მართვის პლატფორმის (“PEOPLE”) -ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტს.
საჩივრების შინაარსი
საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, 2024 წლის 26 აპრილს ევროპარლამენტმა ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიაწოდა ინფორმაცია პლატფორმა (“PEOPLE”)-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ. ინციდენტი შეეხო 8,000 მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ, პარლამენტის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებს. უსაფრთხოების ინციდენტი შეეხო მონაცემთა სუბიექტების პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელ, ნასამართლეობის შესახებ, ბინადრობის შესახებ დოკუმენტებს, ხელშეკრულებებს, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, როგორიცაა, ქორწინების სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია დასკვნის გაკეთება მონაცემთა სუბიექტის სექსუალური ორიენტის შესახებ.
საინიციატივო ჯგუფი პარლამენტს უჩივის მონაცემთა დაცვის ძირითად რეგულაციაში განსაზღვრული მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის დარღვევის თაობაზე, კერძოდ, მინიმიზაციის პრინციპის დაუცველობაში მონაცემთა შეგროვებისდა შენახვის ნაწილში.
საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, უსაფრთხოების ინციდენტის შემდგომ, ევროპარლამენტმა უარი განაცხადა მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემთა წაშლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საინიციატივო ჯგუფმა ხაზი გაუსვა, მონაცემთა სუბიექტმა, რომელმაც მოითხოვა მონაცემთა წაშლა, წლების წინ შეწყვიტა მუშაობა ევროპარლამენტში, თუმცა ევროპარლამენტმა უარი განაცხადა მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების წაშლაზე პარლამენტის მონაცემთა შენახვის წესით გათვალისწინებულ 10 წლიან ვადაზე დაყრდნობით.
გატარებული ღონისძიებები
ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო, პოლიცია, პარლამენტის კიბერუსაფრთხოების ჯგუფი და ლუქსემბურგის მონაცემთა დაცვის სამსახური იძიებენ უსაფრთხოების ინციდენტს. ადამიანური რესურსების მართვის პლატფორმა (“PEOPLE”) ამჟამად გამართვის პროცესშია და მისი აღდგენა მოკლე ვადაში იგეგმება. პარლამენტის თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია და გაატარეს უსაფრთხოების კუთხით გათვალისწინებული ტექნიკურ-ორგანიზაციული ზომები.[3]