2024-09-04
ლატვიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება აუდიო და ვიდეომონიტორინგის შესახებ
მონაცემთა სუბიექტის მიმართვის საფუძველზე ლატვიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ აუდიო და ვიდეომონიტორინგის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.[1] მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს წამოადგენდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომლის ოფისში დანერგილი იყო სამეთვალყურეო “CCTV” სისტემა. აღნიშნული სისტემით ხორციელდება როგორც აუდიო, ისე ვიდეომონიტორინგი.
კომპანიის თანამშრომელმა “CCTV” სისტემით გადაღებული ვიდეოჩანაწერი მონაცემთა სუბიექტს (საჩივრის შემტან პირს) საკომუნიკაციო პლატფორმის, “WhatsApp”-სა და “Telegram”-ის საშუალებით გაუგზავნა. კომპანიის შინაგაწესის მიხედვით, თანამშრომლებს გადაღებულ ვიდეომასალაზე წვდომა არ აქვთ და არც საკუთარ მოწყობილობებზე შეუძლიათ მისი გაზიარება. შესაბამისად, თანამშრომელმა, რომელმაც ვიდეოჩანაწერი გაუგზავნა მონაცემთა სუბიექტს, დაამუშავა პირის პერსონალური მონაცემები მისი სამსახურებრივი ვალდებულებების ფარგლებს მიღმა და დამსაქმებლის უშუალო მითითების გარეშე. უფრო მეტიც, მოგვიანებით, კომპანიამ ლატვიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს აცნობა, რომ კადრები წაიშალა და თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს კომპანიაში დანერგილი ჰქონდა შესაბამისი წესები ავტორიზაციის მართვის, წვდომის მონიტორინგის, ვიდეომეთვალყურეობის, ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და არქივირების მექანიზმის, შენახვისა და ასლის შექმნის შესახებ. აღნიშნული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები შესაბამისობაში იყო ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (“GDPR”) 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ მოთხოვნებთან. გარდა ამისა, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ მიიჩნია, რომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი არ შეიძლება იყოს იმ თანამშრომლების ქმედებებზე პასუხისმგებელი, რომლებმაც განზრახ უგულებელყვეს კომპანიის მიერ დადგენილი წესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მონაცემთა სუბიექტის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თუმცა, მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ “CCTV” სისტემა აღჭურვილი იყო ხმის ჩამწერი ფუნქციით, ხოლო აუდიოჩაწერა მიმდინარეობდა მინისტრთა კაბინეტის 2022 წლის 21 ივნისის №369 რეგულაციის საფუძველზე. რეგულაციით განსაზღვრულია, რომ კომპანიის პერსონალს შორის საუბარი უნდა ჩაიწეროს და შეინახოს არაუმეტეს სამი თვით. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციის შემდეგ, დადგინდა, რომ ვიდეოსათვალთვალო კამერების მეშვეობით დამზადებული აუდიოჩანაწერი არ განეკუთვნება რეგულაციის მოქმედების სფეროს, ვინაიდან “CCTV” სისტემის ჩანაწერში ისმის მხოლოდ ერთი ადამიანის ხმა და არა სრული დიალოგი.
აქედან გამომდინარე, ლატვიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედება არ იყო შესაბამისობაში “GDPR”-ის მე-5(1)(ა)(გ) და მე-6(1) მუხლებთან, ვინაიდან მონაცემთა დამუშავება (აუდიოჩაწერა) ხორციელდებოდა შესაბამისი საფუძვლის გარეშე.