2024-09-17
ბელგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემებზე წვდომის უფლების შესახებ
მონაცემთა სუბიექტის მიმართვის საფუძველზე ბელგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემებზე წვდომის უფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო[1].
“A” კომპანიის თანამშრომლებმა სამსახურებრივი ელ. ფოსტის მეშვეობით მიიღეს წერილი “B”კომპანიის მიერ ორგანიზებული აუქციონის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის არასასურველი სარეკლამო წერილები მათ პერიოდულად ეგზავნებოდათ.
“A” კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (“GDPR”) მე-15 მუხლის შესაბამისად, “B”კომპანიისგან გამოითხოვა ინფორმაცია თუ როგორ მოიპოვა სამსახურებრივი ელ. ფოსტის მისამართები.
ბელგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა დაარღვია ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ მე-12 მუხლი, რადგან კომპანიამ მონაცემთა სუბიექტს არ მიაწოდა მე-15 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, შესაბამისად, ხელი შეუშალა მონაცემთა სუბიექტის უფლების განხორციელებას. ბელგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ საჩივარი დააკმაყოფილა და მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს დაავალა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესრულება 30 დღის განმავლობაში.