2024-10-29
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანია „მეტას“ მარკეტინგული მიზნებისათვის პერსონალური მონაცემების გამოყენების მინიმიზაცია დაევალა
მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ერთ-ერთი აქტივისტის, ავსტრიის მოქალაქის ― მაქსიმილიან შრემსის მიერ კომპანია “მეტას” წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის თაობაზე.[1]
სასამართლოს მიერ განხილული ძირითადი საკითხები: [2]
- პერსონალური მონაცემების გამოყენების შეზღუდვის დაწესება ონლაინ მარკეტინგის მიზნებისათვის;
- საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემების გამოყენების მინიმიზაცია და პერსონალური მონაცემების გამოყენების დაშვება მხოლოდ იმ მიზნებით, რა მიზნითაც წინამდებარე მონაცემები გასაჯაროვდა.
მონაცემების მარკეტინგული მიზნებით გამოყენების მინიმიზაცია:
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, კომპანია „მეტას“ პლატფორმა ინახავს და მარკეტინგული მიზნებით იყენებს 2004 წლიდან მის მიერ შეგროვებულ მონაცემებს, რაც მოიცავს პლატფორმის მომხმარებლების მიერ სოციალურ მედიაში განთავსებულ,[3] აგრეთვე, სხვა მომხმარებლების მიერ ერთმანეთის შესახებ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციას, ასევე, ონლაინ აპლიკაციების მიერ ავტომატურად შეგროვებულ მონაცემთა მომხმარებელთა შესახებ.
მონაცემთა განუსაზღვრელი რაოდენობით, კონკრეტული მიზნის გარეშე შეგროვების პრაქტიკის თავიდან ასარიდებლად, ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაცია“ მონაცემთა დამუშავების მინიმიზაციის პრინციპის თანახმად, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს ავალდებულებს, დაამუშავონ მხოლოდ ის მონაცემები, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად.
„მეტამ” მონაცემთა დამუშავების მინიმიზაციის პრინციპი არ გაითვალისწინა, ამასთანავე, არ განსაზღვრა მონაცემთა წაშლის კონკრეტული ვადები,[4] აგრეთვე, მონაცემთა ტიპის გათვალისწინებით, არ შეზღუდა მონაცემთა დამუშავების ოპერაციები ისე, რომ მათი მიზნიდან გამომდინარე, დამუშავებულიყო მონაცემთა მინიმალური რაოდენობა და ტიპი.
მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან დაიცვან მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი მონაცემთა დამუშავების საფუძვლის მიუხედავად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მონაცემთა სუბიექტისაგან მოპოვებული აქვს თანხმობა პერსონალიზებული სარეკლამო შეტყობინებების მიღების თაობაზე, დაუშვებელია მათი მონაცემების განუსაზღვრელი ვადით დამუშავება.
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის რეგულირების საკითხი ეროვნული სასამართლოების დისკრეციას წარმოადგენს.
საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემების გამოყენება:
ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ მე-9 (1)(ე) მუხლის საფუძველზე, მონაცემთა სუბიექტის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია, შესაძლოა გამოიყენოს ორგანიზაციამ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, იგი თანახმაა მონაცემების დამუშავებაზე.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
ავსტრიის ეროვნულმა სასამართლომ განიხილა მაქსიმილიან შრემსსა და კომპანია „მეტას“ შორის არსებული დავა. მოსარჩელემ საქმე 2014 წელს შეიტანა ავსტრიის სასამართლოში „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ დარღვევებზე[5] დაყრდნობით, მათ შორის, მონაცემთა სარეკლამო მიზნებით დამუშავების გამო. 2021 წელს ავსტრიულმა სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, რიგ საკითხებზე მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს მიმართა. ხოლო ევროპულმა მართლმსაჯულების სასამართლომ საქმის განხილვა 2024 წლამდე შეაჩერა, ვინაიდან ერთ-ერთი სხვა საქმე (C-252/21 Bundeskartellamt) წინამდებარე საქმის მსგავს საკითხებს ეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 8 თებერვალს მართლმსაჯულების სასამართლომ განიხილა მაქსიმილიან შრემსსა და კომპანია „მეტას“ შორის არსებული დავის შემდეგი ორი საკითხი:
- პირველი საკითხი მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის ინტერპრეტაციას ეხებოდა. კონკრეტულად, აქვთ თუ არა სოციალური მედიის პლატფორმებს უფლება მარკეტინგული მიზნებით, მონაცემთა შეერთების და მათი შეერთბული ფორმით დამუშავების ისე, რომ დამუშავება მოიცავდეს როგორც მონაცემთა სუბიექტის მიერ, ასევე მონაცემთა სუბიექტის შესახებ სხვა პირთა მიერ პლატფორმაზე ატვირთული ინფორმაციის დამუშავებას, აგრეთვე, აპლიკაციის მიერ ავტომატური მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას.
- მეორე განსახილველი საკითხი კონკრეტულ სიტუაციას ასახავდა. კერძოდ, ღონისძიების მსვლელობისას, საჯარო გამომსვლელის მიერ[6] მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაჟღერების შემდგომ, დასაშვებია თუ არა ამ პიროვნების შესახებ არსებული ყველა ინფორმაციის გაერთიანების (მათ შორის, ინფორმაციის სექსუალური ორიენტაციის შესახებ) საფუძველზე, პიროვნების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება მარკეტინგის მიზნებისათვის.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის გარეთ შრემსმა თავად გაასაჯაროვა ინფორმაცია მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, დაუშვებელი იყო პლატფორმის მეშვეობით საჯარო ინფორმაციის გამოყენება მონაცემთა სუბიექტისათვის მარკეტინგული მიზნით გარკვეული პროდუქტის ან მომსახურების შესათავაზებლად.[7]
განსხვავებით სასამართლოს გადაწყვეტილებისაგან, კომპანია „მეტას“ პოზიციის თანახმად, ყველა საჯარო ინფორმაცია ექცევა საჯარო ინფორმაციის ცნების ქვეშ და შესაძლოა მისი დამუშავება შეზღუდვების გარეშე, ნებისმიერი ფორმით, განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.
მონაცემთა მინიმიზაცია:
ზოგიერთ შემთხვევაში მონაცემთა წაშლის ვადა განსაზღვრულია ან ნათელია თუმცა, როდესაც მონაცემები მარკეტინგის მიზნებისათვის მუშავდება, მონაცემთა მინიმიზაციის საკითხი უფრო ბუნდოვანია, რის აღმოსაფხვრელადაც რეკომენდებულია კომპანიებმა შეიმუშავონ მონაცემთა პერიოდული წაშლის სისტემა.
მართლმსაჯულების სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი შემაჯამებელი დოკუმენტი უკვე გამოსცა, თუმცა მისი სრული ტექსტი ჯერ არ არის გამოქვეყნებული.
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მთავარი მიგნებები:
- მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის გასაჯაროების მიუხედავად, პლატფორმებს არ აქვთ უფლება, მარკეტინგული მიზნებით გამოიყენონ საჯარო ინფორმაცია, რათა შესთავაზონ მონაცემთა სუბიექტს პროდუქტი ან მომსახურეობა.
- როდესაც მონაცემები მარკეტინგის მიზნებისათვის მუშავდება, რეკომენდებულია, კომპანიებმა შეიმუშავონ მონაცემთა პერიოდული წაშლის სისტემა.