2024-10-31
“LinkedIn”-მა ჰონგ-კონგში ხელოვნური ინტელექტის სწავლების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება შეაჩერა
“LinkedIn”-მა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება 2023 წლიდან დაიწყო და დღეისთვის უკვე ფუნქციონირებს ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებული რამდენიმე მომსახურება, მაგალითად, ე.წ. “AI-Generated Recruiter Messages” სერვისი, რომელიც დამსაქმებლებს და დასაქმების მსურველ კანდიდატებს თავიანთ მიზნებსა და ინტერესებზე მორგებული შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობას ანიჭებს. კერძოდ, „პირადი პროფილის შექმნის“ (“Profile Writing Suggestions”) სერვისის სარგებლობის პროცესში “LinkedIn” იყენებს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს. გენერირებადი ხელოვნური ინტელექტი კომპანიებს ეხმარება მომსახურების გაუმჯობესებაში, ხოლო მომხმარებლებს უმარტივებს შეთავაზებულ სერვისზე ხელმისაწვდომობას. ამდენად, “LinkedIn” დასაქმებაზე ორიენტირებული სერვისების წარმართვისას, საჭიროებს ხელოვნური ინტელექტის სწავლების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას.
2024 წლის 18 სექტემბერს “LinkedIn”-მა განაახლა კონფიდენციალობის პოლიტიკა, რომლის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სწავლების მიზნით, კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს მისი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ მომხმარებლის მონაცემთა დამუშავებას, რომლებსაც დამუშავებაზე არ აქვთ აშკარად გამოხატული თანხმობა. ამასთანავე, კომპანიას გააჩნია პარამეტრი, რომლის გაუქმებით, მომხმარებელს შეუძლია მონაცემთა ამგვარ დამუშავებაზე უარის გაცხადება, თუმცა, როგორც ჰონგ-კონგის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო აღნიშნავს, მომხმარებლები არ არიან დამუშავების პროცესზე საკმარისად ინფორმირებულნი. მათ არ გააჩნიათ საკუთარი მონაცემების დამუშავების პროცესების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობა, შედეგად მომხმარებელთა უმეტესობამ არც იცის აღნიშნული პარამეტრის არსებობის შესახებ.
ჰონგ-კონგის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს განმარტებით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება მომხმარებელთა აშკარად გამოხატული თანხმობის გარეშე. აღნიშნულის თაობაზე საზედამხედველო ორგანომ ოფიციალური შეტყობინებით მიმართა “LinkedIn”-ს, რომლის საპასუხოდ კომპანიამ ჰონგ-კონგში მყოფი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა ამ მიზნით დამუშავება დროებით შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ მონაცემთა დამუშავება დროებით შეჩერდა ევროპის ეკონომიკურ ზონაში მყოფ ქვეყნებში, გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიასა და ჰონგ-კონგში. ჰონგ-კონგის საზედამხედველო ორგანო მიესალმა ამ ცვლილებას. მან ასევე მოუწოდა “LinkedIn”-ის მომხმარებლებს, რომ ხელახლა გაცნობოდნენ პლატფორმაზე მიმდინარე კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილებებს და ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებული სერვისებით სარგებლობისას, არ გამოეყენებინათ მათი პერსონალური მონაცემები.
საგულისხმოა, რომ “LinkedIn”-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის სწავლების მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავების შეჩერების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია, რომ პლატფორმის პარამეტრების მეშვეობით, სექციაში „მონაცემთა კონფიდენციალობა“ (“Data privacy”) მოახდინოს დეაქტივაცია ფუნქციისა: „მონაცემები გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებისთვის“ (“Data for generative AI improvement”).
გამოყენებული წყაროები:
LinkedIn and Generative AI (GAI) FAQs, <https://www.linkedin.com/help/linkedin/answer/a5538339?hcppcid=search> [23.10.2024].
Updates to LinkedIn's Terms of Service, <https://www.linkedin.com/blog/member/trust-and-safety/updates-to-our-terms-of-service-2024> [23.10.2024].
LinkedIn suspends collecting Hong Kong users’ data for GenAI: privacy watchdog, <https://www.scmp.com/news/hong-kong/society/article/3282452/linkedin-suspends-collecting-hong-kong-users-data-genai-privacy-watchdog> [23.10.2024].
LinkedIn users alert: your data helps train AI models, <https://www.thestandard.com.hk/section-news/section/15/266700/LinkedIn-users-alert:-your-data-helps-train-AI-models> [23.10.2024].
LinkedIn suspends collecting Hong Kong users’ data for GenAI: privacy watchdog, <https://www.scmp.com/news/hong-kong/society/article/3282452/linkedin-suspends-collecting-hong-kong-users-data-genai-privacy-watchdog> [23.10.2024].