ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-11-05

სლოვენიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დასაქმებულების უკანონო ვიდეო-აუდიომონიტორინგისა და დამუშავებული პერსონალური მონაცემების ონლაინ გავრცელების დაუშვებლობის შესახებ


ფაქტობრივი გარემოებები:

 

დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა ვიდეომოწყობილობები კომპანიის სამუშაო სივრცეებში განათავსა, რომელთა საშუალებით იგი შენობაში აკვირდებოდა დასაქმებულთა საქმიანობას და ასევე, ახორციელებდა აუდიომონიტორინგს. მიღებულ მონაცემებს ეცნობოდა არა მხოლოდ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, არამედ კომპანიის მენეჯერი მობილური აპლიკაციისა და ვებგვერდის გამოყენებით, რომელშიც იტვირთებოდა დამუშავებული მონაცემები. საგულისხმოა, რომ მონაცემთა სუბიექტები არ იყვნენ ინფორმირებულნი დასაქმების ადგილას ვიდეო-აუდიომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ. ამასთანავე, შენობის შესასვლელში არ იყო განთავსებული შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. უშუალოდ შენობაში, დასაქმებულებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, განთავსებული იყო მითითება ვიდეომონიტორინგის განხორციელების შესახებ, რომელიც არ შეიცავდა დამატებით აღნიშვნას, რომ ამავდროულად მიმდინარეობდა სამუშაო სივრცის აუდიომონიტორინგი.[1]

 

 

 

 

საქმის განხილვა საზედამხედველო ორგანოში:

 

შესაფასებელი მუხლები:

 

ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“:

 

  • მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ― პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ მონაცემთა სუბიექტთან მიმართებით (კანონიერება, სამართლიანობა, გამჭვირვალობა);

 

  • მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ― მონაცემთა დამუშავება კანონიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ მოცულობით, თუ მონაცემთა სუბიექტი განაცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ერთი ან მეტი კონკრეტული მიზნისათვის;

 

  • მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ― მონაცემთა უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან შეგროვებისას, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, აცნობოს მას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის და მისი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

 

 

საზედამხედველო ორგანოს შეფასება:

 

საზედამხედველო ორგანომ განიხილა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და მენეჯერის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი, რის შედეგადაც გადაწყვიტა, რომ მათზე თანაბრად გაევრცელებინა პასუხისმგებლობა. დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა სამუშაო სივრცის უკანონო ვიდეო-აუდიომონიტორინგის განხორციელებით დაარღვია დასაქმებულთა, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებები. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიამ დაარღვია  ვიდეო და აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი, მენეჯერის მიერ პერსონალური მონაცემების შემდგომი გავრცელება ასევე დაუშვებელი იყო. დადგინდა, რომ ვიდეო-აუდიოჩაწერის ერთადერთი მიზანი იყო შენობის მთელს სივრცეში თანამშრომლების თვალთვალი და მიყურადება, რაც საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, არ იყო დამუშავების ლეგიტიმური საფუძველი, ხოლო ამ ფორმით მიღებული პერსონალური მონაცემების ვებგვერდზე ონლაინ განთავსება, ასევე, წარმოადგენდა სამართალდარღვევას.

 

მიღებული გადაწყვეტილება:

 

სლოვენიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, მასთან დასაქმებულების უკანონო ვიდეო- და აუდიო- მონიტორინგის განხორციელებისა და ამ ფორმით მიღებული პერსონალური მონაცემების ონლაინ გავრცელების გამო,  25 000 ევროს ოდენობით, ხოლო მენეჯერი ― 1750 ევროს ოდენობით დააჯარიმა.

 

[1] Decision of DPA (Slovenia), <https://gdprhub.eu/index.php?title=IP_(Slovenia)_-_0603_30_2023_12> [24.10.2024].

მსგავსი #Datanewsroom