2024-11-08
საკომუნიკაციო პლატფორმა “Telegram“-მა კონფიდენციალობის პოლიტიკა განაახლა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმა “Telegram” მომხმარებლებს პირადი მიმოწერის შესახებ კონფიდენციალობის სერვისით უზრუნველყოფს (“end-to-end encryption”). აღნიშნული მოდელი იცავს მომხმარებლებს პირად საკომუნიკაციო ინფორმაციის გამჟღავნებისგან და სთავაზობს მათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი დონის გარანტიას.
მიუხედავად ამისა, საკომუნიკაციო პლატფორმა “Telegram”-ის სხვადასხვა არხზე არაერთხელ დაიდენტიფიცირებულა დიდი რაოდენობით არალეგალური მასალა, მაგალითად, პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ იარაღი, ნარკოტიკი, ჰქონდეთ წვდომა ბავშვებზე ძალადობის ამსახველ მასალაზე.
“Telegram”-ის კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილება ამავე კომპანიის ხელმძღვანელის ― პაველ დუროვის დაპატიმრებას უკავშირდება. მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, იგი საფრანგეთის ერთ-ერთ აეროპორტში უკანონო ვაჭრობის, ნარკოტიკების კონტრაბანდის, თაღლითობისა და ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის ვებგვერდზე გავრცელებაში თანამონაწილეობის საფუძველზე დააკავეს.
“Telegram”-ის შეცვლილი კონფიდენციალობის პოლიტიკის თანახმად[1], გააქტიურდა შესაძლო არაკანონიერი ქმედებების შესახებ შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია (“Report”), რომლის მეშვეობით პლატფორმას შეეძლება დახურულ ჯგუფებსა და საკომუნიკაციო არხებში არსებული მონაცემების დამუშავება და კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მონაცემების სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდება. საგულისხმოა, რომ “Telegram”-მა წაშალა ხშირად დასმული კითხვების (“FAQ”) სექციიდან ტექსტი, რომლის მიხედვით პლატფორმა უარს აცხადებდა მომხმარებელთა უკანონო ქმედებების შესახებ შეტყობინების საფუძველზე მიმოწერის გაცნობას.
[1] Telegram’s New Policy Raises Privacy Concerns,
<https://gdprbuzz.com/news/telegrams-new-policy-raises-privacy-concerns/>, [9.10.2024]