ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-11-20

ისლანდიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება სამართალდაცვითი მიზნებისთვის განხორციელებული ვიდეოთვალთვალის კანონიერების შესახებ


ფაქტობრივი გარემოებები:

 

ისლანდიის მოქალაქე, მონაცემთა სუბიექტმა, მიმართა ისლანდიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლის მიერ განხორციელებული მოქმედებების შესწავლის მიზნით. განმცხადებლის მითითებით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა, საკუთარი მობილური მოწყობილობით, დაამუშავა სამართალდაცვითი მიზნებისთვის განხორციელებული ვიდეოთვალთვალის შედეგად მიღებული ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერი გაუზიარა სხვა პოლიციელებსა და მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის დამსაქმებელს. განმცხადებელი შესაბამისი მტკიცებულებების მითითების გარეშე აღნიშნავდა, რომ მის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს არაავტორიზებულმა პირებმა, რითაც დაირღვა მისი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები.

 

საქმის განხილვა საზედამხედველო ორგანოში:

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ გამოკვეთა ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ და მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო შემთხვევების შესწავლის მნიშვნელობა. საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები არ დაურღვევია.[1]

 

საზედამხედველო ორგანოს შეფასება:

 

საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა განმცხადებლის მონაცემები საკუთარი საქმიანობის ფარგლებში შეაგროვა. შესაბამისად, მონაცემების დამუშავება დასაშვები იყო დანაშაულებრივი საქმიანობის ზოგადი ანალიზისა და სხვადასხვა გამოვლენილ დანაშაულთა შორის კავშირის დადგენის მიზნით. მასში მოიაზრებოდა მონაცემთა სუბიექტის ადგილმდებარეობის, ქცევისა და გადაადგილების მონიტორინგი. დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა სამართალდაცვითი მიზნებისთვის განხორციელებული ვიდეოთვალთვალის ჩანაწერები შეინახა შესაბამისი ფაილის სახით. ამ ფაილზე სხვა პოლიციელების წვდომა ასევე, უზრუნველყოფილი იყო მათი საქმიანობის განხორციელების მიზნებით. ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობები განთავსებული იყო საჯარო CCTV მოწყობილობების ფორმით.

საზედამხედველო ორგანოს განმარტებით, აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მონაცემთა სუბიექტს მტკიცების ტვირთი გააჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ მონაცემთა სუბიექტი შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, განცხადებაში და ზოგადად, ზეპირსიტყვიერად აღნიშნავდა ინფორმაციის გადაცემის შემთხვევას, ეს არ შეიძლება მიჩნეულიყო უტყუარ მტკიცებულებად მონაცემთა სხვა პირისთვის გადაცემის დასადასტურებლად. მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის კომპიუტერული სისტემების მონიტორინგის შედეგად, საზედამხედველო ორგანოს არ აღმოუჩენია განცხადებაში აღნიშნული ფაილის არაავტორიზებული პირებისთვის გადაცემის ფაქტი.

 

საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება:

ისლანდიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ სამართალდაცვითი მიზნებისთვის განხორციელებული ვიდეოთვალთვალი იყო კანონიერი.

 

 

[1] იხ. Decision of DPA (Island), 20/09/2024, <https://gdprhub.eu/index.php?title=Pers%C3%B3nuvernd_(Island)_-_2021061342> [05.11.2024].

მსგავსი #Datanewsroom