2024-11-21
ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიერ კომპანია „გლოვოს“ დაჯარიმების შესახებ
ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ საკვების მიმწოდებელი კომპანია „გლოვო“, მონაცემთა სუბიექტის ინფორმაციაზე წვდომის მოთხოვნის უპასუხოდ დატოვებისათვის, 15 000 ევროს ოდენობით დააჯარიმა.[1]
საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
მონაცემთა სუბიექტი (პოლონეთის მოქალაქე, მძღოლი და საკვების მიმწოდებელი), რომელსაც მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, დაუკავშირდა კომპანია „გლოვოს“ მომხმარებელთა დახმარების ჯგუფს და გაესაუბრა წინამდებარე ჯგუფის თანამშრომელს. მონაცემთა სუბიექტი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოსადმი აპირებდა მიმართვას. აღნიშნული მიზნით, მან მომხმარებელთა დახმარების ჯგუფისაგან მოითხოვა საუბრის ჩანაწერების გაზიარება. ჩანაწერის გადაცემაზე უარის მიღების შემდგომ, მონაცემთა სუბიექტმა კომპანიას მძღოლებისათვის განკუთვნილი „დახმარების მომსახურეობის პორტალიდან“ გაუგზავნა ინფორმაციის მიწოდებაზე მოთხოვნა. მოთხოვნის წინამდებარე ფორმით მიღების შემდგომ, კომპანიამ კვლავ უარი განაცხადა საუბრის ჩანაწერის მიწოდებაზე.
მონაცემთა სუბიექტმა საჩივარი „გლოვოს“ წინააღმდეგ პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში შეიტანა, თუმცა, ვინაიდან კომპანიის დაფუძნების ადგილი ესპანეთია, საქმე განსახილველად ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაეცა. [2]
მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის განცხადებით, იგი არ იყო ვალდებული ეპასუხა ინფორმაციის მოთხოვნაზე, ვინაიდან იგი დაფიქსირდა არა სპეციალურად შექმნილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე, არამედ სხვა ფორმით, კერძოდ, მძღოლებისათვის განკუთვნილი „დახმარების მომსახურეობის პორტალის“ საშუალებით.
კომპანიის განცხადებით, მან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსგან შეიტყო. კომპანიამ აგრეთვე ხაზი გაუსვა შიდა პროცედურული წესების არსებობას, რომელთა საფუძველზე თანამშრომლებს ევალებათ, მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მონაცემთა დაცვის ოფიცერთან გადამისამართება არ განხორციელდა მხოლოდ ერთი თანამშრომლის — განმცხადებლის მიერ. შესაბამისად, რეაგირება წინამდებარე ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევასთან დაკავშირებით დაგვიანდა.
ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება:
საზედამხედველო ორგანომ არ გაიზიარა კომპანიის არგუმენტი მასზედ, რომ მონაცემთა სუბიექტმა მოთხოვნა არასწორი კომუნიკაციის არხის გამოყენებით დააფიქსირა.
საზედამხედველო ორგანოს მოსაზრებით, თუ თანამშრომელს თავად არ შეეძლო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეაგირება, იგი ვალდებული იყო მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის (კომპანიის) შესაბამისი დეპარტამენტისათვის მიეწოდებინა. კომპანია მონაცემთა სუბიექტთან საინფორმაციო მოთხოვნების მისაღებად საკომუნიკაციო ფორმის განსაზღვრის ნაწილში თავისუფალია. თუმცა, წინამდებარე დისკრეცია არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან უპასუხოს მონაცემთა სუბიექტების იმ მოთხოვნებს, რომლებიც სხვა არხების საშუალებით და სხვა ფორმით მიიღო.
საზედამხედველო ორგანომ გადაწყვეტილებაში მიუთითა „ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს“ გზამკვლევი[3], რომელიც მონაცემთა სუბიექტების ინფორმაციაზე წვდომის უფლებას შეეხება. წინამდებარე გზამკვლევი მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს ავალდებულებს, რომ უზრუნველყონ ზოგად საკონტაქტო არხებზე მიღებული განცხადებების იმ დეპარტამენტთან გადამისამართება, რომელიც რეაგირებს მონაცემთა სუბიექტების მოთხოვნებზე.
საზედამხედველო ორგაონომ დაადგინა, რომ მხოლოდ ერთ-ერთი თანამშრომლის გულგრილი ქმედება არ გამორიცხავს კომპანიის პასუხისმგებლობას.