2024-12-30
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების შესახებ
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების[1] თანახმად, მომხმარებელთა მიერ სააფთიაქო პროდუქციის შეკვეთისას მითითებული პერსონალური მონაცემები ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს. ამასთან, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის კონკურენტ კომპანიებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს მის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დარღვევების, როგორც აკრძალული არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის თაობაზე.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
გერმანული აფთიაქი, სახელწოდებით “Lindenapotheke”, ინტერნეტმაღაზიის, “Amazon”-ის საშუალებით ყიდდა ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა. “Lindenapotheke” ამუშავებდა მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს (სახელი, მისამართი, შეძენილი მედიკამენტი და სხვა საჭირო ინფორმაცია მედიკამენტის მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებისთვის) პერსონალიზებული სარეკლამო შეთავაზებების გაგზავნის მიზნით.
კონკურენტმა აფთიაქმა “Lindenapotheke”-ს წინააღმდეგ გერმანიის რეგიონულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლის თანახმადაც კომპანია უკანონოდ, მონაცემთა სუბიექტების თანხმობის გარეშე, ამუშავებდა მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. მოსარჩელე ითხოვდა “Lindenapotheke”-ს მიერ მედიკამენტების პლატფორმა Amazon-ზე გაყიდვის შეწყვეტას.
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებისათვის მკაფიოდ გამოხატული თანხმობის მიღების აუცილებლობა:
ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება ევროპის მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტების მიერ გაცემული თანხმობის მაღალ სტანდარტს საჭიროებს. რეგიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მარკეტინგული მიზნით დამუშავებისათვის აფთიაქს უნდა მოეპოვებინა მომხმარებელთა თანხმობა მონაცემთა ამგვარ დამუშავებაზე.
მარკეტინგი და ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ:
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მარკეტინგის მიზნებისათვის, მათ შორის, მომხმარებელთა „პროფაილინგისთვის“, ნებადართულია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმირებული, კონკრეტული და აშკარა თანხმობის გამოხატვის შემდგომ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის თანხმობა უნდა იყოს თავისუფლად გაცემული, კონკრეტული, ინფორმირებული და მკაფიო. ასეთად, არ უნდა მივიჩნიოთ მომხმარებლის მიერ მომსახურების ზოგად პირობებზე დათანხმება, უმოქმედობა თუ წინასწარ მონიშნული თანხმობის გრაფა.
წინამდებარე საქმის გერმანიის რეგიონულ (Oberlandesgericht Naumburg – OLG Naumburg) და ფედერალურ სასამართლოებში (Bundesgerichtshof - BGH) განხილვის შემდგომ, BGH-მა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) ევროპის მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის მოქმედების თაობაზე წინასწარი შეკითხვებით (preliminary questions) მიმართა.
მართლმსაჯულების სასამართლოს უნდა შეეფასებინა :
- მიიჩნევა თუ არა ონლაინ აფთიაქის მომხმარებლის სააფთიაქო შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას GDPR-ის მე-9 (1) მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ შეაფასა რამდენად იყო შესაძლებელი აფთიაქის მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე მონაცემთა სუბიექტის ჯანმრთელობაზე დასკვნების გაკეთება.
- მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციისა და კონკურენციის სამართლის ურთიერთქმედების საკითხი. კერძოდ, სასამართლომ განიხილა დაშვებულია თუ არა კონკურენტი კომპანიის წინააღმდეგ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევების, როგორც არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის, თაობაზე სასამართლოში სარჩელის შეტანა.
რა ითვლება ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციად:
სასამართლოს მსჯელობის თანახმად, თუ მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე დასკვნების გამოსატანად, GDPR-ის შესაბამისად, იგი მიიჩნევა ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებად.
მართლმსაჯულების სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამედიცინო მონაცემი“ ფართოდ განიმარტება - მონაცემის სიზუსტის, დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობის და მისი დამუშავების მიზნის მიუხედავად. ინტერნეტმაღაზიისთვის მედიკამენტების შესყიდვის მიზნით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლოა გაკეთდეს დასკვნა მომხმარებლის (მონაცემთა სუბიექტის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორისა. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მნიშვნელობა არ აქვს შეძენილი მედიკამენტის ტიპს, ასევე, საჭიროებს თუ არა მისი შეძენა ექიმის დანიშნულებას, რადგან მხოლოდ მედიკამენტების შესყიდვების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის გაკეთება. სასამართლოს მსჯელობის თანახმად, მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებული მონაცემები განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებია.
კონკურენციის სამართლისა და GDPR-ის ურთიერთმიმართება:[2]
CJEU-მ განიხილა კონკურენციის კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის რეგულაციების ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. სასამართლომ დაადგინა, რომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ მონაცემთა დაცვის რეგულაციების დარღვევისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილება არა მხოლოდ საზედამხედველო ორგანოებს, არამედ კონკურენტ კომპანიებსაც გააჩნიათ, თუ ეს ეროვნული კონკურენციის სამართლით აკრძალული არაა. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი წარმოადგენს პრეცედენტს, რომლის საფუძველზეც კომპანიები უფლებამოსილნი არიან მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევების საფუძველზე სასამართლოს კონკურენტი კომპანიის წინააღმდეგ მიმართონ.[3]
გადაწყვეტილების მნიშვნელობა:
გადაწყვეტილება აქტუალურია არა მხოლოდ სააფთიაქო ბიზნესებისათვის, არამედ ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებს მარკეტინგული მიზნებისათვის ამუშავებს.
- ჯანმრთელობის შესახებ მონაცემთა დამუშავებისას, განსაკუთრებით, მარკეტინგული მიზნებისათვის, საჭიროა მონაცემთა სუბიექტების თანხმობა, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის მიერ დაწესებულ თანხმობის კრიტერიუმებთან;
- კომპანიების უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს კონკურენტი კომპანიის წინააღმდეგ, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დარღვევების საფუძვლით;
- თუ ინფორმაციის საფუძველზე შესაძლოა მონაცემთა სუბიექტის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნის გამოტანა, აღნიშნული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს.